ქალთა მხარდაჭერის ცენტრები - ქალთა გაძლიერებისთვის

იმისთვის, რომ დაეხმარო, პირველ რიგში უნდა იპოვო ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანაგრძნობა, მხარდაჭერა, გაძლიერება.

იმისთვის, რომ გააძლიერო, უნდა იცოდე, რა უფრო სჭირდება!

შესთავაზო ის, რაც ყველაზე მეტად გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს. 

იმისთვის, რომ მხარდაჭერას ჰქონდეს მეტი ეფექტი, უნდა გყავდეს მოკავშირეები.

ეს არის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის მოკლე კონცეფცია. ათივე მუნიციპალიტეტში (სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებენ.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლის „აღმოჩენა“ დღემდე გამოწვევად რჩება. ისინი ყველგან არიან, ჩვენს გვერდით, ჩვენს თვალწინ, მაგრამ მათი დანახვა მაინც ძნელია. რადგან ჩუმად არიან, არავის ენდობიან.

ძალადობის პრობლემის პრევენციის, იდენტიფიცირების საქმეში მნიშვნელოვან როლს მოსახლეობის ინფორმირება ასრულებს. მუშაობაში სერიოზული ბერკეტია საინფორმაციო შეხვედრები, რომლებზეც ათივე მუნიციპალიტეტში ყოველთვიურად 150-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

საინფორმაციო შეხვედრებმა კრიზისული ოჯახების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების სირთულეები მოხსნა. გაიზარდა მომართვიანობა, დახმარების მსურველთა რიცხვი. ეს ადასტურებს, რომ  ინფორმაცია სწორად მიდის  ადრესატამდე.

კოორდინირებულ სქემაში ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თანამშრომლობის ფორმატით ყველა რესურსი დახმარების ერთიან ჯაჭვში დასრულებულ სახეს იღებს.

ასე იქცნენ მარიამი და თეონა (პირობითი სახელებია) წარმატებული ისტორიების მთავარ გმირებად. ცვლილებები ინფორმაციის მიღებით დაიწყო.

სხვადასხვა ქალაქში, ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ, მაგრამ მათი ცხოვრების ყველა მონაკვეთი თითქმის ანალოგიურია. გათხოვდნენ სიყვარულით. ერთი წელი თითქოს ბედნიერად ცხოვრობდნენ. მერე გაჩნდა კონფლიქტები. ეგონათ, დაძლევდნენ. როგორც ხშირად ხდება, ვერაფერი შეცვალეს და იქცნენ სტერეოტიპებზე, სხვის განწყობაზე დამოკიდებულები.

ორივე ქალს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულმა ერთმა შეხვედრამ მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ საჭირო სერვისები. მობილიზატორებმა რეაგირების მექანიზმები გამოიყენეს, ფსიქოლოგი და იურისტი ჩართეს.

შედეგიც გამოჩნდა: მარიამმა სამსახური დაიწყო და შემოსავალი გაუჩნდა. ახლა სასამართლოსთვის ემზადება, რომ საკუთარი უფლებების დაცვა გარანტირებულად შეძლოს. თეონას ცხოვრებაშიც სასიკეთო ცვლილებები იკვეთება. უიმედობის, სასოწარკვეთის მონაკვეთი საბოლოოდ დაასრულა.

ქალთა გაძლიერების მაგალითი ათივე ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მოიპოვება. ადგილობრივი თვითმმართველობების ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, სოციალური სამსახური, გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა ფონდ „სოხუმს“ საიმედო პარტნიორად მიიჩნევენ და მათი გადმომისამართებული ბენეფიციარები ფონდის სერვისების აქტიური მომხმარებლები ხდებიან. და მერე  ახალ, ძალადობისგან თავისუფალ ცხოვრებაზე იწყებენ ფიქრს...

 

ფოტოზე: ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების ონლაინ შეხვედრა

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები