სარეაბილიტაციო ცენტრში დაბადებული გამარჯვება
ერთ პატარა სოფელში არის ბიჭუნა, რომელიც მთელი ცხოვრება სტრესში იზრდებოდა. დიდი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ძმებთანაც ვერ ახერხებდა ურთიერთობას. ჩაკეტილობა მისთვის თითქოს დამცავ კედლად იქცა, რომლის მიღმაც თავის ტკივილს და ემოციებს მალავდა.
ერთ დღეს ბიჭუნა, მისი დედა და ძმები ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდნენ.
დედასთან და სხვა ქალებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი, ბიჭუნა კი დიდ დროს ატარებდა პედაგოგთან.
არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი-პედაგოგი ანა ლომიძე იხსენებს: „პირველივე შეხვედრაზე თვალში მომხვდა მისი დუმილი და სევდიანი თვალები. პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ, მცირედიდან. ვთამაშობდით, ვმეცადინეობდით, ვხატავდით. სხვადასხვა აქტივობის შედეგად მასში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. ძმებთან კომუნიკაცია დაიწყო. ორკვირიანი სარეაბილიტაციო პროგრამის დასრულების შემდეგ უკვე აქტიური, ძლიერი და თავდაჯერებული იყო. წინ ახალი გამოცდა ელოდა - სასკოლო ოლიმპიადა. ადრე უარს იტყოდა მონაწილეობაზე, ახლა კი ბიჭი ჩაერთო და პირველი ადგილიც აიღო. ეს დიდი გამარჯვება იყო მისთვის.
ეს ისტორია ერთ-ერთია მრავალთაგან, რაც ჩვენთან ხდება არასრულწლოვნებთან მუშაობის დროს. ყველა ბავშვი, რომელიც აქ მოდის, გადაწყვეტს, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს, სადაც დედასთან ერთად ისიც მსხვერპლი იყო. სარეაბილიტაციო ცენტრში დაბადებული გამარჯვება ახალი წარმატებების საწინდარი ხდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)