ტყიბულში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სამსახურების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრების ციკლი „ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“ პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში თვითმმართველობების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევების მიგნებები: მოძალადის ქცევის ნაადრევ სტადიაზე კორექციის პროგრამების რეალიზაციის საჭიროება; ქალთა გაძლიერება - ბავშვთა მოვლის სერვისები. გაკეთდა ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრის პრეზენტაცია (http://sosfsokhumi.ge/).
უშუალო დიალოგის დროს ითქვა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს, რა ღონისძიებებით დაუპირისპირდეს ძალადობას. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები. პოზიტიური შეფასება მიეცა სოციალური მუშაობის დეცენტრალიზაციას, რისი შედეგიც იყო ბავშვთა უფლებების განყოფილება. მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის შედეგად მოხდა მისი სამსახურად ჩამოყალიბება, რაც თვალსაჩინოს ხდის მოცემული რგოლის მნიშვნელობას ოჯახების გაძლიერების საკითხში.
აღინიშნა, რომ ქალთა ფონდი „სოხუმისა“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს, გამოიკვეთა სამომავლო პარტნიორობის კონტურები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში ბაღდათში ჩატარდა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები. შეხვედრის ორგანიზატორია ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების პრობლემის შეფასებისთვის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში და ეხებოდა ქალთა დასაქმების ხელშეწყობას: ბავშვთა მოვლის რა სერვისები არსებობს, რა უნდა დაიხვეწოს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. როგორც აღინიშნა, კვლევამ ზუსტად ის მიგნებები გამოკვეთა, რაც ამ კუთხით რეალურად ბარიერს წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფის ქალებისთვის.
მონაწილეები ასევე გაეცნენ ინფორმაციას ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობასა და არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე. დაფიქსირდა, რომ საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, რადგან ეფექტიანი შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრების ციკლის მეორე შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა. მონაწილეთა შორის იყვნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები, თერჯოლის მერიის და შსს-ს წარმომადგენლები, ა(ა)იპის ხელმძღვანელები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორ კვლევაზე: „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ და „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“.
მოკლე პრეზენტაციამ მონაწილეებს გააცნო ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. დასასრულს კი გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელზეც ისაუბრეს ოჯახში ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაგეგმა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რაც მოიაზრებს მოქალაქეების აქტიური ჯგუფების და რეფერალური მექანიზმის აქტორების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, პედაგოგები და მერიის თანამშრომლები.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ ორ კვლევას - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით და ასევე ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის შესახებ.
შეხვედრაზე გაკეთდა ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის მოკლე პრეზენტაცია. მონაწილეებს დაურიგდათ ფლაერები დეტალური ინფორმაციით ვებგვერდზე www.sosfsokhumi.ge.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინაში მცხოვრებო ძვირფასო ქალებო,
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სახელით, ჩვენ, საქართველოს ქალები, რომელთაც გამოვიარეთ ომის საშინელება და ჯოჯოხეთი, გიცხადებთ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას!
ჩვენ ვგრძნობთ, თუ რა ხდება ახლა თქვენს გულებსა და სულში!
გამოვხატავთ ჩვენს გულითად მხარდაჭერას და ღრმად გვწამს, რომ ეს სისასტიკე, სისხლისღვრა და ცრემლები მალე დასრულდება! მთელი მსოფლიო გაერთიანდება და შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დროის ყველაზე ვერაგ აგრესორს, რათა დედებმა არ იტირონ თავიანთი შვილების საფლავზე, ბავშვებმა არ გამოსცადონ ობლობის სიმწარე და არაფერი დაემუქროს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში.
სამწუხაროდ, თქვენ ბედმა გარგუნათ ასეთი განსაცდელი, მაგრამ თქვენ მას აუცილებლად გაივლით! იმიტომ რომ თქვენთანაა სიმართლე, თქვენ გაქვთ ღირსება, სიამაყე და მოვალეობა თქვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის!
მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა იანვარ-თებერვალში ჩაატარა მერის წარმომადგენლების საჭიროებების სწრაფი მოკვლევა სამიზნე მუნიციპალიტეტებში (სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური).
სწრაფი მოკვლევა მიზნად ისახავდა საჭიროებების გამოვლენას საგანმანათლებლო ტრენინგების დასაგეგმად სამი მიმართულებით: სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური მუშაობა, ელექტრონული მომსახურება.
მერიის პასუხისმგებელმა პირებმა მხარი დაუჭირეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივას. რესპონდენტებთან მუშაობისთვის გამოყენებულია ონლაინ/სატელეფონო გამოკითხვის მეთოდი. შემუშავდა მარტივი ონლაინ კითხვარი, რომელიც შეავსო 184-მა რესპონდენტმა.
სწრაფმა მოკვლევამ თვალსაჩინო გახადა ის საკითხები, რომლებზეც მერის წარმომადგენლები საჭიროებენ მეტ ინფორმაციას, კვალიფიკაციას და უნარ-ჩვევებს.
„დღეს ინტერნეტს დიდი ადგილი უჭირავს ინფორმირების კუთხით და ამ სივრცეში ასეთი სერიოზული ინფორმაციული ბაზის არსებობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.
„ამ საიტზე ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა, რასაც სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები აკეთებენ. ამიტომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ მისი პოპულარიზაციის პროცესში.“
ეს არის იმ გამოხმაურებების ნაწილი, რომლებიც მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა.
თებერვალში ჩატარდა პროექტის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ შიდა მონიტორინგი, შეფასდა აქტივობების ეფექტურობა და მიღწევები, მოხდა მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება და შემუშავდა რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.
ფონდმა „სოხუმმა“ ონლაინ მრგვალ მაგიდასთან შეკრიბა ხონისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურები, პედაგოგები. შეხვედრაზე გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციის და დახმარების მხრივ არსებულ სიტუაციაზე. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“, სადაც განთავსებულია სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის ჯგუფმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე დაიწყო მუშაობა - ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვის საკითხზე მოსახლეობის განწყობების და დამოკიდებულებების შესწავლა.
კვლევის შედეგად გამოვლინდება, საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა, რაც გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების პროგრამას, რომლის მიზანია, აღარ განმეორდეს ძალადობა და დაცული იყოს მსხვერპლის უსაფრთხოება. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და რაოდენობრივი კვლევა.
ჯგუფის მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა, დაიწყო ანკეტირების პროცესი, ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი და ორი ინტერვიუ. თვისებრივი კვლევის პირველი მონაცემებით იკვეთება, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვნად მიაჩნია ასეთი პროგრამა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)