ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით, სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების და გენდერული სამართლიანობის კიდევ ერთი გარანტია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას, ქალების ფსიქოსოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთობლივად განახორციელებენ ეფექტიან ინიციატივებს, ახალგაზრდულ პროექტებს და სხვა.
„ფონდი „სოხუმი“ წლებია, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს და ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება შევძელით. იმედი გვაქვს, ხობის მუნიციპალიტეტშიც ბევრ „წარმატების ისტორიას“ შევქმნით თანამშრომლობის სწორი სტრატეგიით,“ - განაცხადა ალლა გამახარიამ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის #2 საბავშვო ბაღში ადვოკატირების ჯგუფის და მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.
მონაწილეები - ბაღის ადმინისტრაცია და პედაგოგები - დეტალურად გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობას და იმ სერვისებს, რაც მათ ქალებისთვის აქვთ. ასევე მიიღეს ინფორმაცია მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ.
შეხვედრისას დასახელდა არაერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. მონაწილეებმა ბავშვთა განყოფილებასთან თანამშრომლობაც დაგეგმეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მუნიციპალიტეტის უწყებათაშორისი საბჭოს წევრების მონაწილეობით სენაკში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანდაცვის სფეროს, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და პოლიციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო იურისტს, რომელმაც მონაწილეებს რეფერირების დოკუმენტი და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები და ფუნქციები გააცნო.
შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.
- ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
- გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
- ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდულ ჯგუფებში აქტიურად დაიწყო ივნისი. ტარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება. გაიმართა ტრენინგები წალენჯიხის, ბაღდათის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მეხუთე მუნიციპალიტეტი კი ხობია, სადაც ახლა ჩამოყალიბდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრი და ისიც ისე უნდა გააქტიურდეს, როგორც დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში.
ყველა ტრენინგი განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან, განსაკუთრებული იყო ტრენინგი ხობში, სადაც ტრენერები პირველად შეხვდნენ ახალგაზრდებს.
სულ მუშაობაში ჩაერთო 102 მონაწილე. მათი დიდი ნაწილი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, ინიციატივებს ავლენს და უკვე საინტერესო ღონისძიებებსაც ატარებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალებმა სხვა მონაწილეებთან ერთად დასვეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით გაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების პრობლემებზე, გამყოფ ზოლში ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
მონაწილეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების ადვოკატირება დაიწყო. ჯგუფის წევრებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს მოსახლეობასთან, რათა პრობლემების პრიორიტეტულობა გაერკვიათ. ინფორმაციის შეგროვების შედეგად სწორედ ის პრობლემები შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.
ადვოკატირებისთვის არჩევანი ორ საკითხზე შეჩერდა: ეზოს კეთილმოწყობა და ბავშვთა სტადიონის შემოღობვა. სამუშაო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმა უკვე შეადგინა, გეგმის მიხედვით ამ საკითხზე თვითმმართველობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია ხელმოწერებთან ერთად. ადვოკატირების პროცესი პასუხის შესაბამისად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პირველი შეხვედრა თერჯოლაში შედგა. და პირველი ურთიერთდახმარების ჯგუფიც ჩამოყალიბდა.
პროექტში, რომელიც კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო, ბევრი რამაა საინტერესო და ერთ-ერთია ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების შექმნა 10 მუნიციპალიტეტში.
მაისში ჩამოყალიბდა ჯგუფები თერჯოლაში, სენაკში, ჩოხატაურში, სამტრედიაში, ტყიბულში, ვანსა და ქობულეთში. ამ მუნიციპალიტეტებში შეკრებილმა ქალებმა უკვე გაიგეს, რა მისია აქვს ამ ჯგუფს, რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შესახებ. მათ ასევე შეუძლიათ თავიანთი პრობლემების ადვოკატირება. ერთი სიტყვით, მუნიციპალური ჯგუფები ერთად ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებენ.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა მედიცინის მუშაკებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე წყალტუბოს, ტყიბულის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...
მონაწილეების შეფასებით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა:
„ჩვენ ვისაუბრეთ, რა რესურსები აქვთ ექიმებს ძალადობის იდენტიფიცირებისთვის და აუცილებლად დავნერგავთ ამ მეთოდებს პრაქტიკაში.“
„პირველად ვიმსჯელეთ პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. ექიმს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, თუმცა ბევრმა სპეციალისტმა არ იცის ეს.“
ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1-ლი ივნისის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება. ფორუმ-თეატრთან ერთად ეს თარიღი საინტერესოდ აღინიშნა წალენჯიხის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
თოჯინების თეატრის წარმოდგენა წალენჯიხის თეატრში გაიმართა. დარბაზში ბევრი მაყურებელი შეიკრიბა - პატარებიც და დიდებიც. ისინი გაახალისა სპექტაკლის პერსონაჟებმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - საკრაულასა და ზეგანში თოჯინების თეატრის და ფორუმ-თეატრის ჩვენება მოეწყო გენდერული საბჭოს ინიციატივით. წარმოდგენების შემდეგ გენდერული საბჭოს წევრები პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები თემის აქტივისტ ქალებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირებაზე. ყველაზე ხშირად აქტუალურია ინფრასტრუქტურული პრობლემები. სენაკის და თერჯოლის ქალთა ცენტრებმა ადვოკატირების საკითხებად აირჩიეს საკანალიზაციო ჭების გაწმენდა და გარე განათების მოწესრიგება.
მაისში ასევე ჩატარდა მონიტორინგი ქობულეთისა და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რა მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი, რა საჭიროებები არსებობს ადგილებზე და მომდევნო შეხვედრები ამ საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)