ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვარიანტის განხილვას. ეს დოკუმენტი პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობის“ მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დებულება საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივია, მასში ანტიკორუფციული ხედვა რვა სხვადასხვა მიმართულებით არის გადმოცემული. ანტიკორუფციული დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს დოკუმენტმა, რომ სექტემბერში დამტკიცდეს.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ყველაფერი ასე დაიწყო:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩვენა პარტნიორმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მცირე პროექტების განხორციელების დროს შექმნეს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი. ფონდი „სოხუმის“ ხელშეწყობით ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ეწოდა „სოლიდარობა-XXI“.

შემდეგ ახალმა ორგანიზაციამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა საგრანტო კონკურსში და კომისიამ მოიწონა მისი მცირე პროექტი „იცოდე შენი უფლებები უკეთესი მომავლისთვის“.

ახალგაზრდებმა დაიწყეს პროექტის აქტივობები: მრავალშვილიანი დედების, მარტოხელა მშობლების და ახალგაზრდების ინფორმირება საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე.

სამთვიანი (10 მაისი - 10 აგვისტო) პროექტის შედეგი ასეთია: საინფორმაციო შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას თავიანთ თემში. გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის დონე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

დაჩი გონიერი და საქმიანი კაცია. წელს, აპრილის დასაწყისში დაიბადა. დედასთან ერთად ხშირად „მუშაობს“. დაბადებამდეც ეხმარებოდა. ასე რომ - ბაღდათელები დაჩი ფურცელაძეს უნდა უმადლოდნენ სერიოზული დოკუმენტების  მომზადებას.

ვისაც ხუმრობა გგონიათ, ვერ დაგეთანხმებით. იმიტომ რომ დაჩი მართლა მუშაობს დედასთან ერთად. დაჩის დედიკო ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ქალია. სკოლა დიმში დაასრულა, მერე კი წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სამაგისტრო პროგრამა.

ბაღდათში ჩვენი პროექტის განხორციელება რომ დაიწყო, სამუშაო ჯგუფში საკრებულოს წევრები მოიწვიეს. ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს გურამ კიკნაველიძე - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მეორე წევრი გვანცა გრძელიძეა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოკლედ, ორივე საჭირო ადამიანია - ჯგუფს საკუთარი ლობისტები ჰყავს ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში. ამიტომაც ბაღდათის სამუშაო ჯგუფი აქტიურობით გამოირჩევა და საჯარო მმართველობის რეფორმასაც წარმატებით ახორციელებს.

დებატებში, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა, მონაწილეობდნენ ბაღდათის  სამუშაო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ექსპერტები წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებიდან.

ადგილობრივმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა მათ მიერ განხორციელებული მცირე პროექტების შედეგებზე ისაუბრეს, წარმოადგინეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საჭიროებების კვლევა.

დებატებზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამოცდილება სამოქალაქო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით. მონაწილეთათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ელექტრონული პეტიციის თემაც. ვებგვერდს ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ აქამდე არ იყო გამოყენებული. ხონის პრაქტიკით კი დაინახეს, როგორ შეიძლება ეს საკითხი აქტუალური გახადო მოსახლეობაში.

ბაღდათში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „თანასწორობა ახლას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის ანალიზის დროს დაიდება. კვლევა ქალთა საჭიროებებს ეხებოდა და მისი რეკომენდაციები უნდა აისახოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში.

პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობა“ ხელმძღვანელმა გააკეთა ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია. დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება.

„თანასწორობა ახლა“ და „სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ამ ორმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ მოსახლეობის საჭიროებათა შეფასება ჩაატარა. სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად გამოყენებული იყო კვლევის სხვადასხვა ფორმა: ანკეტირება, ინდივიდუალური ინტერვიუ და ფოკუს-ჯგუფი. კვლევაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და შეაფასეს ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ბაღდათში  მრგვალი მაგიდა ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ბაღდათის სამუშაო ჯგუფზე, მის აქტივობებსა და შედეგებზე. დიდი ინტერესი გამოიწვია მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის  გატარების პროცესში მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების ანგარიშმა და რეკომენდაციებმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ბაღდათში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.

მრგვალ მაგიდაზე დაისვა საინტერესო აქცენტები, განსაკუთრებით იმ ბარიერებზე, რომლებიც ელექტრონული სერვისების გამოყენებას უშლის ხელს. მონაწილეთა აზრით, ეს ინფორმირებულობის დაბალ დონეს და ინტერნეტიზაციის პრობლემას უკავშირდება, რაზეც ყველაზე მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება. 

 

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი საჭიროებების პირველი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები და იმსჯელეს, როგორ უნდა ასახონ ეს პრობლემები სამუშაო ჯგუფის გეგმაში. გამოიყო და პრიორიტეტებად დალაგდა შესასრულებელი რეკომენდაციები. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებს მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლების პროცესი. ასევე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც. დაიგეგმა, რომ მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებენ ჯგუფის განახლებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო  მოსამსახურეთა ეთიკისა და ქცევის წესების კოდექსი დაამტკიცა.

დოკუმენტზე იმუშავა საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია. საკრებულოზე გატანამდე დოკუმენტმა გაიარა ყველა პროცედურა, განთავსებული იყო მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც ყველას ჰქონდა მისი გაცნობის საშუალება. სამუშაო ჯგუფის წევრების ლობირების შედეგად დოკუმენტი დამტკიცდა.

კოდექსი, ერთი მხრივ, მოიცავს საჯარო მოხელეთა ქცევისა და ეთიკის ერთიანი სტანდარტის განსაზღვრას, რაც ეფუძნება ზოგად პრინციპებს (სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ეფექტურობა, ობიექტურობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მოსახლეობის  ინფორმირება იმ უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც მათ გააჩნიათ საჯარო მოხელეებთან ურთიერთობისას),  ხოლო, მეორე მხრივ,  საჯარო მოხელეთა ინტერესების დაცვასთან ერთად, დადგენილება ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის გაზრდას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები