- საინტერესოა ჩვენთვის ამ პროექტში ჩართვა, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვეხმარება პრობლემური საკითხების სწორად წარმოჩენასა და მოგვარების გზების დასახვაში.
- კარგია, როცა პრაქტიკული სამუშაო და თეორია ერთმანეთთან არის შერწყმული. დღეს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, შესაბამისი უნარები და გამოცდილება.
მონაწილეებმა ასე გამოხატეს ინტერესი სატრენინგო თემისადმი.
ტრენინგი წყალტუბოში ჩატარდა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებულ შეხვედრებზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენება, ვინ არის პასუხისმგებელი/საჭირო უწყება, ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი და როგორ წარიმართება შეხვედრა.
სატრენინგო პროცესი ცოცხალი მაგალითების განხილვით წარიმართა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დროდადრო ყველას გვესაჭიროება ფსიქოლოგიური განტვირთვა.
სწორედ ამ მიზნით ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით დიდინეძის სკოლის პედაგოგებთან ჩატარდა ტრენინგი.
არტ თერაპია, როლური თამაშები და ტესტები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მონაწილეებთან შეასრულა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ.
ქალბატონები ძალზედ კმაყოფილნი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია ენერგიით ასავსებად, მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით მუშაობისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ტრენინგების ციკლში, რაც მათი კომპეტენციის ამაღლებას ემსახურება.
ივნისის გეგმიურ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა უკუკავშირით შეაფასეს, რას აძლევს მათ ტრენინგებში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებენ პრაქტიკაში მიღებულ ცოდნას.
მონაწილეთა შეაფასებით, მათ ჰქონდათ საშუალება, ტრენინგებზე გაეგოთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: მშვიდობისმყოფელობა, გენდერული ძალადობა, სამოქალაქო ჩართულობის ფორმები, ქსელები, კოალიციები... ტრენინგებში მონაწილეობით მათ ახალი უნარები შეიძინეს და აქტიურად იმუშავებენ, რათა დევნილთა პრობლემები მუნიციპალურ პროგრამებში მოხვდეს და ხელი შეუწყონ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური მონაწილეობის ისტორია და არსებული მდგომარეობა, კვოტირების სისტემა და მისი დანერგვის მექნიზმები, სხვა ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული ისტორიები - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად ბარიერებზე, რომლებიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას უშლის ხელს.
დისკუსიის პროცესში მათ დაასაბუთეს, რამდენად მნიშვნელოვანია კვოტების - ეფექტიანი სპეციალური ზომების - დანერგვა საქართველოში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა ივნისში დაგეგმილი ტრენინგების თემები და მათი ჩატარების გრაფიკი.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა ნახეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოკლიპი, რომელშიც საინიციატივო ჯგუფის ლიდერები არიან ჩართულები. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ეს არის სტიმული აქტივისტი ქალებისთვის, რადგან მათი ლიდერული უნარების პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროექტის PR-მა, რომელმაც ჯგუფის წევრებს ანახა მის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც საინიციატივო ჯგუფების ლიდერები ამბობენ, რატომ ჩაერთნენ ამ პროექტში და რა მოლოდინები აქვთ.
ჯგუფის წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ივნისში ჩასატარებელი ტრენინგების შესახებ - გრძელდება ტრენინგების ციკლი ქალთა ფონდი „სოხუმის“ 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში 50 აქტიური ქალბატონის მონაწილეობით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქართული სუფრა არა მხოლოდ სადილობას ნიშნავს. ეს ერთად ყოფნის, ერთმანეთისთვის გრძნობების გაზიარების რიტუალია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სუფრასთან მოგვეწვია „ჩვენი უკრაინელები“ - ასე ვეძახით უკრაინიდან ჩამოსულ ქალებს. ისინიც სიამოვნებით მოვიდნენ ჩვენს ოფისში: ირინა, ნატალია, მარინა...
ქართული კერძები ჩვენით დავამზადეთ - ჩახოხბილი და ფხალი, მჭადი და ხაჭაპური, საცივი, ჩანახი, კუბდარი... კერძების რეცეპტებიც ამოვუბეჭდეთ და გავატანეთ.
თან ქართულ სუფრულ ტრადიციებზე ვისაუბრეთ, თან - ჩვენს განცდებზე. იმათ თავისი თქვეს, ჩვენ - ჩვენი, უკრაინის ომმა რომ გაგვიახლა...
სუფრა ერთგვარ ფსიქორეაბილიტაციად იქცა. კმაყოფილები წავიდნენ, ტკივილი დაივიწყეს ცოტა ხნით. იციან, რომ ქალთა ფონდი „სოხუმი“ მათი მხარდამჭერია, მათი დამხმარე და ცდილობს მათი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ურბანული კვლევების ცენტრმა ჩაატარა პანელური დისკუსია თემაზე „განსახლების საკითხები და ომი: უკრაინისა და საქართველოს გამოცდილება“. შეხვედრაზე მომხსენებელთა შორის იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია. დისკუსია მიეძღვნა ომის გავლენას უკრაინის საბინაო სექტორზე, უკრაინასა და საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/დევნილების საბინაო მდგომარეობის და განსახლების პოლიტიკის განხილვას. მონაწილეები მსჯელობდნენ საბინაო უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების გზებზეც.
ეკატერინე გამახარიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა განსახლების არსებული პოლიტიკის ხარვეზებზე და ხაზი გაუსვა მისი ეფექტიანობის შეფასების და განხორციელებული პოლიტიკით დევნილთა კმაყოფილების შესწავლის აუცილებლობას. დისკუსიის დროს გამოიკვეთა განსახლების პოლიტიკის დევნილთა მრავალფეროვანი და სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგების მნიშვნელობა. ასევე, კერძო სექტორში მცხოვრები, უყურადღებოდ დარჩენილი დევნილების წინაშე არსებული გამოწვევების ძირეულად შესწავლის საჭიროება.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა განსახლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში როგორც თავად დევნილთა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობის უზრუნველყოფის საჭიროებას. მსჯელობა ასევე შეეხო თვითდინებაზე მიშვებული გაქირავების პოლიტიკის გაკონტროლებას და დარეგულირებას ფასების არაადეკვატური ავარდნის თავიდან აცილების მიზნით.
უკრაინიდან მომხსენებელთა შორის იყვნენ:
- ანასტასია ბობროვა, ორგანიზაცია Cedos-ის ანალიტიკოსი და მკვლევარი; ინიციატივა „Re.Housing for Ukraine“-ის კოორდინატორი
- ივან ვერბიცკი, ორგანიზაცია Cedod-ის დირექტორი.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელი და მკვლევარი.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრებს ახალი ფორმატი შევძინეთ...
შეხვედრების პირველ ნაწილში მონაწილეებმა თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები მოისმინეს, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეხებოდა ( კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ http://fsokhumi.ge/.../inf.../item/11591-2021-09-27-05-57-02). გაეცნენ ასევე ძალადობის მსხვეპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის ვებ-გვერდის მუშაობასაც (https://sosfsokhumi.ge/).
მეორე ნაწილში კი საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.
მაია ქარდავა, ლამზირა მალიჩავა, მაცაცო ხახუბია, მაკა ჭელიძე, ნათია ჯიმშელეიშვილი, შორენა შონია, სოფიო კუხალაშვილი - ეს არის იმ ქალბატონებიოს ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.
ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით