სოციალური მუშაკების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ანგარიში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის მოკლე ანგარიში, რომელიც ეფუძნება 2024 წლის მაის-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მონაცემებს, მიმოიხილავს სოციალური მუშაკების როლსა და საქმიანობის ეფექტიანობას ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების პროცესში. ანგარიშში ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს სოციალური მუშაკების მუშაობის ეფექტიანობაზე, მათ შორის კოორდინაციის სირთულეები რეფერირების სუბიექტებთან, როგორიცაა სკოლები, ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რაც ართულებს ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალების დროულ იდენტიფიცირებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სოციალური მუშაკების მრავალმხრივ ვალდებულებებსა და ფუნქციებზე, რაც ხშირად იწვევს მათ პროფესიულ გადატვირთვას. მიმოხილულია ისეთი სტრუქტურული გამოწვევები, როგორიცაა ფინანსური რესურსების შეზღუდულობა, სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალებების არქონა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება რეგიონებში მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე და ბენეფიციართა საჭიროებებზე დროულად რეაგირების შესაძლებლობაზე.

მონიტორინგი ხაზს უსვამს სოციალურ მუშაკთა წარმატებულ პრაქტიკებსაც, როგორიცაა ბენეფიციართან მაღალი ნდობის დამყარება, ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების სოციალური მუშაკებთან მჭიდრო თანამშრომლობა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი ურთიერთობა. ანგარიში ემყარება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების (ქუთაისის, ხონის, ბაღდათის, სამტრედიის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) სოციალური მუშაკების გამოცდილებას და მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების სისტემურ გაძლიერებას, უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტიანობის ამაღლებას.

გადმოწერა

განახლდა ორშაბათი, 23 დეკემბერი 2024 17:53

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები