კოკის საჯარო სკოლაში და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები საერთო თემით - ოჯახში ძალადობა, მისი მიზეზები და პრევენციული მექანიზმები.
კოკში მოწვეულნი იყვნენ ორსანტიის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თვითონ გამოხატეს დასწრების სურვილი. ახალი წევრები მალე გააქტიურდნენ და ინტერესით ჩაერთნენ თემის განხილვაში.
ხონის ახალგაზრდობა კარგად იცნობს საკითხს და მათთან მუშაობა შედარებით ადვილია. იყო საინტერესო მაგალითები, აქტიური დისკუსია, დაფიქსირდა ინიციატივები.
„სანამ კანონი ცალკე იქნება და საზოგადოება - ცალკე, პრობლემა არ მოგვარდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული შეხვედრა მიეძღვნა ტრეფიკინგის მიზეზებს და დამცავ მექანიზმებს. ამ აქტიურ ახალგაზრდულ კლუბში მოწვეული იყო სამი ახალი წევრი. დისკუსიაში ისინიც ჩაერთნენ. აღინიშნა, რომ გადაადგილება და მოგზაურობა დიდი რისკია, თუ ადამიანი სწორად არ არის ინფორმირებული.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფიქრობს ქვეყნის გარეთ გამგზავრებაზე - სწავლის, დასვენების თუ მუშაობის მიზნით. ამიტომ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბებისთვის აქტუალური გამოდგა საინფორმაციო შეხვედრების თემა - ტრეფიკინგი როგორც ძალადობის ფორმა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები.
შეხვედრების ადგილები იყო: წყალტუბოს 1-ლი, ფოთის მე-7 და კოკის (ზუგიდიდს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლები.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ საკითხის განხილვაში. ისაუბრეს უვიზო რეჟიმზე, მიგრაციაზე, მის მიზეზებზე, ტრეფიკინგის საფრთხეებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაცვის მექანიზმებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. როგორც შეხვედრებიდან გაირკვა, ეს მართლაც საყურადღებო საკითხია ახალგაზრდებისთვის.
ადვოკატირების როლი და მნიშვნელობა - ამ აქტუალურ საკითხზე გაიმართა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები აპრილის თვეში.
მუშაობამ აჩვენა, რომ ეს თემა საინტერესო და ამავე დროს საჭიროა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებს. მოიყვანეს ადვოკატირებასტან დაკავშირებული მაგალითები. მათი თქმით, პრობლემის ადვოკატირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგს იძლევა. შეხვედრებზე აღინიშნა, რა პრობლემების წამოწევას ფიქრობენ და ერთგვარი კონსულტაციებიც მიიღეს.
შეხვედრები ჩატარდა ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში და ხონის კერძო სკოლაში.
საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. ერთ-ერთი შეხვედრა იყო კერძო სკოლაში „ღონე ქვეყნისა“, მეორე კი - კერძო სკოლა „პროგრესში“.
ამ სკოლებში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოდგენები გამართეს.
მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათი აზრით, ყველა ფორმით უნდა ვუთხრათ ძალადობას „არა!“
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და ქუთაისის მე-6 სკოლაში.
იყო საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიები სხვა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანების შესახებ, საუბრები რელიგიაზე, შერეულ ოჯახებზე. ზოგიერთმა შედარებით აგრესიულმა ახალგაზრდამ სხვა კუთხით გააანალიზა პრობლემები. ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს თანამედროვე, თავისუფალი, ტოლერანტული ახალგაზრდობის ჩამოყალიბებას, რომელიც შეცვლის საზოგადობას უკეთესობისკენ.




21 ოქტომბერს გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. პირველ საკითხად გატანილი იყო ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ. სხდომას ესწრებოდა კლუბის წევრები, მაჟორიტარი-კანდიდატი ლია გვენეტაძე და ქალბატონები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო კომისიების მუშაობაში. მათ თავიანთ საარჩევნო გამოცდილებაზე ისაუბრეს.
კლუბზე აღინიშნა, რომ ქალები ამჯერადაც სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ამიტომ, მათი მოსაზრებით, მეტი მუშაობაა საჭირო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ მეტი ქალი მოხვდეს გადაწყვეტილების მიღების დონეზე.
მეორე საკითხი იყო პრობლემების შერჩევა ადვოკატირებისთვის. კლუბს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედია, რომ ადვოკატირების პროცესი შედეგიანად დასრულდება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
10 თებერვალს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე. ფონდი „სოხუმი“ ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი სოციალური პრობლემების განხილვას, მათი ადვოკატირების გზებს შეეხებოდა. სხდომაზე შემუშავდა რეკომენდაციები მოქმედი პოლიტიკური პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში წარსადგენად.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომის შემდეგ შედგა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის შეხვედრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთან.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოში, სენაკსა და ფოთში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები მიეძღვნა აქტუალურ თემას - ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და პიროვნული კულტურის ფორმირება - როგორც ინსტრუმენტი ძალადობის პრევენციისთვის.
ახალგაზრდები ინტერესით უსმენდნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტს, ერთმანეთს და ასე ეძებდნენ პასუხებს შეკითხვებზე, სიმართლეს, პრობლემების მოგვარების გზებს.
დისკუსიები საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის პრევენციაზე, რომელიც მეტნაკლებადაა დაკავშირებული ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებთან, სწორ სქესობრივი აღზრდასთან და ადამიანის პიროვნულ კულტურასთან.
მონაწილეთა მოსაზრებები:
„ძალიან საინტერესო თემებია არჩეული, განსხვავებული, რიმლებზეც სხვაგან არ ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ მომწონს კლუბის დისკუსიები“.
„კარგია, რომ ირღვევა სტერეოტიპული აზროვნება და ჩვენი თაობა ირჩევს საზოგადოებას, სადაც არანაირ ძალადობას არ ექნება ადგილი“.
ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რამდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის ეს ცვლილებები, როგორ აისახება ქვეყნის მომავალზე - ეს საკითხები განიხილეს ამომარჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე სენაკის საკრებულოში. კლუბის წევრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
სხდომის მეორე ნაწილი მიეძღვნა კლუბის მუშაობის SWOT ანალიზს. აქტივისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი, ეფიქრათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, საქმიანობის გაუმჯობესებაზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით