ერთი ქალის წერილიდან

„სარეაბილიტაციო ცენტრში ჩამოსვლამდე ძალიან განვიცდიდი. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, როგორ დავტოვებდი ყოველდღიურ პრობლემებს, მეორეც - როგორ მიმიღებდნენ აქ. 48 წლის განმავლობაში არასოდეს არ ვყოფილვარ ოჯახს გარეთ გასული. ერთი სიტყვით. ძალიან დაკომპლექსებული მოვდიოდი.

პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი თბილი გარემო.

მერე ფსიქოლოგს შევხვდი. საოცარი ყურადღება გამოიჩინა და მე თვითონ მიკვირს, იმდენი რამე ვუამბე  ჩემზე.

კარგი მეხსიერება მაქვს, ყველაფერი მახსოვს. მამა რომ დათვრებოდა, ხშირად ეჩხუბებოდა დედას. ამიტომ არ მიყვარდა. ნაადრევად დაბრძენებულ ქალს ვგავდი 5-6 წლის ბავშვი. ბევრი რამ მაკლდა. ყველაფერს შენთვის ვაკეთებო, დედა რომ მეტყოდა,  თავს ვიდანაშაულებდი, რატომ გავჩნდი-მეთქი...

ახლაც უამრავი პრობლემა მაქვს. მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრში ყველაფერი დამავიწყდა. ახალი ნაცნობები, საერთო პრობლემები და იმის განცდა, რომ მარტო არ ხარ. ამიტომ იმედით და ენერგიით ივსები. როგორ გვჭირდება ასეთი ურთიერთობები, თანაგრძნობა, ერთმანეთის მოსმენა. ჩემი პატარა ბიჭუნაც ბედნიერია, მოსწონს აქაურობა...

ახლა ვხვდები, როგორ უნდა მეცხოვრა. როგორც დედას, როგორც ქალს. გამოვდივარ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ვიყავი. მადლობა ამისთვის ყველას, ვინც დამეხმარა“...

ეს არის მოკლე მონაკვეთი წერილიდან, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს მანანა გოცირიძეს დაუტოვა ერთ-ერთმა ქალმა, რომელმაც ჩვენს ცენტრში სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

სარეაბილიტაციო ცენტრში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები რთული ბედის ქალებს აგზავნიან. მათ იციან, რომ აქ დახვდებათ სიმშვიდე, სითბო და სიყვარული, ადამიანები, რომლებიც ბევრ საჭირო ინფორმაციას მისცემენ, დაეხმარებიან მომავალი გზის გარკვევაში.

ასეც ხდება...  სარეაბილიტაციო ცენტრი ასრულებს თავის საპასუხისმგებლო მისიას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები