ქუთაისის „ტორპედო“ - 16-დღიანი კამპანიის სახე

ერთი დღით ადრე გახსნა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

24 ნოემბერი. საღამოს 7 საათი.

ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი - შენგელია არენა.

მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის.

და... ყველაზე უჩვეულო და განსაკუთრებული:

ფეხბურთელები გამოვიდნენ თეთრი მაისურებით, რომელზეც ეწერა ჩვენი კამპანიის სლოგანი: „დაარღვიე დუმილი! აღკვეთე ძალადობა!“

ფეხბურთელებმა ეს სლოგანი დიდი ბანერის სახითაც გამოიტანეს.

ქუთაისის „ტორპედო“ ადრეც იყო 16-დღიანი კამპანიის სახე - 2003 წელს და 2013 წელს.

2003 წელს აქციაც გაიმართა სტადიონზე, თბილისის „დინამოსთან“ მატჩის წინ. მაშინ გრძელი თეთრი ლენტი შემოატარეს სტადიონზე ფეხბურთელებმა წარწერით: „ძალადობა ბოროტებაა! გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“

იმ დროისთვის ეს საკმაოდ სერიოზული განაცხადი და უჩვეულო აქცია იყო!

ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ძალისხმევის  შედეგად ალაპარაკდნენ, რომ ძალადობა სცდება ერთი ოჯახის პრობლემას და ბევრად მეტი მავნე შედეგი აქვს, ვიდრე გვგონია. პარლამენტმა სამი წლის შემდეგ, 2006 წელს მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ...

ორივეჯერ, 2003 წელსაც და 2013 წელსაც დავბეჭდეთ კალენდრები „ტორპედოს“ ფეხბურთელების გამოსახულებით და მოწოდებით ძალადობის წინააღმდეგ. ამ კალენდრებმაც თავისი მისია შეასრულა იმ წლებში, რადგან სპორტსმენისგან, ფეხბურთელისგან ნათქვამ სიტყვას დიდი ძალა აქვს...

ოცი წელი გავიდა ჩვენი პირველი აქციიდან. ახლა ძალადობის თემა ბევრად უფრო აქტუალურია. სახელმწიფო ბევრს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოებაც შეურიგებელია მოძალადის მიმართ და მეტად იცავს მსხვერპლს. თუმცა გასაკეთებელიც ბევრი გვაქვს ყველას ერთად.

საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ სოციალური პასუხისმგებლობა იტვირთა და ახლა ფინანსურადაც დაგვიჭირა მხარი: თვითონ დაბეჭდა კალენდრები, რომელზეც  კამპანიის  სლოგანი წერია.

ეს კალენდრები და ჩვენი საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს ქალთა ფონდის თანამშრომლებმა და ახალგაზრდა აქტივისტებმა სტადიონზე. მაყურებლები დიდი ინტერესით ჩაერთნენ აქციაში.

წელს 21-ე კამპანია დაიწყო ქალთა ფონდმა „სოხუმმა“.

16 დღის განმავლობაში ათობით აქტივობა ჩატარდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში.

„დაარღვიე დუმილი! აღკვეთე ძალადობა!“ - უამრავი ადამიანი გაიმეორებს და გაიაზრებს ამ სიტყვებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართული   English  Русский

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები