ქალთა ფონდ „სოხუმში“ ფრჩხილის მოწესრიგების ორთვიანი სრული საბაზისო კურსი დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. სწავლების მთავარი მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერების რეალური პერსპექტივაა, რაშიც მათ ახალი პროფესიის ათვისება უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ დღის სარეაბილიტაციო ცენტრს მსგავსი სასწავლო პრაქტიკის გამოცდილება აქვს, უკრაინელი ტრენერის მასტერკლასი მაინც საუკეთესო გამონაკლისი იყო. კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს:
„მანამდეც მისწავლია ფრჩხილის მოვლის ტექნიკა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება ამ ხარისხთან, რაც თქვენთან ვნახე“.
„პედაგოგის საერთაშორისო სერთიფიკატი განაპირობებდა იმას, რომ ახალი პროფესია მეცნიერების დონეზე შევისწავლეთ.“
„მადლობა ქალთა ფონდს - საუკეთესოები ხართ!“
თერჯოლელი ქალებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო - პრაქტიკული სწავლება ესთეტიკური ცენტრის „სოფიანას“ ბაზაზე მიმდინარეობს მისი დამფუძნებლის, კოსმეტოლოგ სოფიო ბანძელაძის მენტორობით
დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები სწავლობენ კლასიკურ კოსმეტოლოგიას, სახის კანის ტიპებს, მათთან დაკავშირებულ დაავადებებს, მოვლას, წმენდას, მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს და სახის მასაჟს
ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებით, ეს სასწავლო კურსი თერჯოლელ ქალებს ახალ პროფესიულ უნარს შესძენს, რაც შეუძლიათ დამოუკიდებელ საქმედ აქციონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ერთი ჯგუფის სასწავლო კურსი დასრულდა ქუთაისის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.
ნიჭიერმა ქალებმა პოლიმერული თიხის დამორჩილების საიდუმლო ისწავლეს და სერთიფიკატებიც მიიღეს.
მათი უკუკავშირი ასეთია:
„მსგავს თერაპიაზე ვერც ვიოცნებებდი. თან ახალი პროფესია ავითვისე“.
„თქვენ სასწაული მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში - ძალა დამიბრუნეთ“.
„აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო ადამიანებთან ერთად. მადლობა ფონდის ყველა წევრს“.
„თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება, ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებ. ბედნიერად ვგრძნობ თავს. მადლობა ამისთვის“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„მანამდე უბრალოდ მსიამოვნებდა ეს პროცესი. ახლა ცოდნასაც ვიღებ საკუთარ ჩვევებზე“.
„ფსიქოლოგთან კომუნიკაცია აქამდე არ მქონია და ძალიან მომწონს“.
„ჩვენ ყველას გვჭირდება ტკივილების მოშუშება. ამაში პოლიმერული თიხა გვეხმარება. ფსიქოლოგის შემოსვლამ პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა“.
ასე ამბობენ ქალები.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი პოლიმერული თიხის ხელოვნების სწავლებას თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად აგრძელებს. ამით, მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური რჩევებიც ბუნებრივად ჩნდება და კითხვებზე - პასუხებიც, რაც ძალიან მოსწონთ ქალებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სასწავლო კურსი და ბენეფიციარებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს წარმატებულმა ქალებმა: ინგა ქარდავამ (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), მანანა გვიჩიამ (საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე), მარინე ნანეიშვილმა (საკრებულოს წევრი).
ახალბედა მკერავები ახალ ეტაპზე გადადიან - პროფესიული უნარების შეძენასთან ერთად მათ ეძლევათ მცირე ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქუთაისის ქალთა ჯგუფმა გაიარა სწავლების კურსი სხვადასხვა მიმართულებით: პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ჭრა-კერვა, მანიკურის საქმე, ფერადი ეპოქსიდისგან სუვენირების დამზადება. შემდეგ მათთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ ბიზნეს იდეების ფორმირება, რანჟირება და საპროექტო წინადადებების წარდგენა ასწავლა მონაწილეებს.
მესამე და ბოლო ეტაპი, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, იყო საფინალო კონკურსი, სადაც ბენეფიციარებმა საკუთარი ბიზნესწინადადებებით გამარჯვება და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის მატერიალური მხარდაჭერა მიიღეს!
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დასრულდა სხვადასხვა პროფესიული კურსი. შემდეგ ბენეფიციარებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი, სადაც ისწავლეს ბიზნეს იდეების ჩამოყალიბება და საპროექტო წინადადებების წარდგენა.
შემდგომი ეტაპი ბიზნეს პროექტების საფინალო კონკურსი იყო. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ. მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება და საკუთარი ფინანასური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მოკლე სამუშაო თვის მიუხედავად, აქტიური იანვარი გამოუვიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - მანანა გოცირიძეს. მან ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამას გარდა ონლაინ 12 ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა რეგიონებში და 13 ინდივიდუალური ფსიქოტერაპიულ სესია - ქუთაისში. უპასუხა 8 სატელეფონო ზარს და დაეხმარა ბენეფიციარებს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში.
ფსიქოლოგი ყოველდღე მუშაობდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები. აქ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობდა იურისტი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი, რომელიც ბავშვებთან ატარებდა სახალისო-შემეცნებით საათებს.
ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „აქ ისე კარგად ვგრძნობ თავს, წასვლა არ მინდა. მიხარია, რომ ახლა მეტი ვიცი, უფრო ინფორმირებული ვარ და მოტივაციაც მეტი მაქვს, რომ ჩემი პრობლემები მოვაგვარო... დიდი მადლობა თქვენ - 34 წლის მანძილზე ეს იყო ჩემთვის ყველაზე ნათელი, თბილი და სასიამოვნო დღეები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასწავლო პროექტები ქალთა ფონდი „სოხუმის“ განსაკუთრებული ხელწერაა. ქუთაისის ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილი ქალები ახალ უნარებს დაეუფლნენ.
მათ მიიღეს კომპიუტერული უნარების (Windows, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet Explorer, Skype, E-mail) საბაზისო ცოდნა და კურსის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპიუტერული კურსი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს კომუნიკაციაში, დასაქმებასა და თვითრეალიზებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)