ეს ახალი ვებგვერდია „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.
ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.
ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ვებგვერდი შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.
„ტოლერანტობა და კონფლიქტი“ – ეს თემა განიხილეს სოფელ ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში.
შეხვედრის მონაწილეთა საერთო განწყობა ბოლოს ასეთი იყო: მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ, ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს! ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ტოლერანტული სახელმწიფო...
მეორე შეხვედრა გაიმართა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. შეფასდა ქალთა საჭიროებების კვლევის ტექნიკური მხარე. ჯგუფის წევრებმა, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, ისაუბრეს ჩატარების პროცესზე, ხელის შემშლელ ფაქტორებზე და იმაზე, რამ შეუწყო ხელი მუშაობის დროს.
შეხვედრების მონაწილეები გეგმებსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ ჯგუფების მუშაობა საკმაოდ კარგი ეფექტის მომცემია.
ვანის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის სამუშაო გეგმის ცვლილებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გეგმაში უნდა აისახოს ის საკითხები, რომელთა მოგვარება მათ კომპეტენციაში შედის: ადგილობრივი საჭიროებების პირველი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები და საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის რეკომენდაციები. ისაუბრეს აგრეთვე მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რომლის განახლებაც მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან გვერდზე ინფორმაციის განთავსების პროცესში.
თავისი აქტიურობით ვანის სამუშაო ჯგუფი ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.
თერჯოლის სამუშაო ჯგუფს საპროექტო მუშაობის დასაწყისიდან საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა და ბევრი კარგი საქმეც გააკეთა. ახლა ჯგუფს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ამირან ვერულაშვილი ჩაუდგა სათავეში. პირველ შეხვედრაზე ის დეტალურად გაეცნო სამუშაო ჯგუფის განხორციელებულ ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმას. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ჩატარებული სამი მონიტორინგის და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ. ერთ-ერთი საკითხია მონაწილეობითი ბიუჯეტი. ამჟამად ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს საკრებულოზე ამ ფორმის დამტკიცებას.
დასრულდა საჭიროებათა კვლევა, პრობლემათა იდენტიფიცირება და იწყება ადვოკატირება.
როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი, რა პრინციპები უნდა დავიცვათ გზავნილის ფორმირებისას, რა არგუმენტებით დავამტკიცოთ პრობლემის აქტუალობა და პრიორიტეტულობა? - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი იმერეთისა და სამეგრელოს ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის 21 და 25 მაისს.
მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტულ პრობლემებზე, განსაზღვრეს ადვოკატირების კამპანიის დეტალები.
უკუკავშირის დროს გამოჩნდა, რომ ტრენინგი ნაყოფიერად წარიმართა:
„როგორც თემის ლიდერს, უნდა მცოდნოდა და უკვე ვიცი ადვოკატირების გზებზე. ეს დამეხმარება პრობლემებზე რეაგირებაში“.
„გავეცანი ადვოკატირების გეგმის სპეციფიკას. განსაკუთრებით მომეწონა ტრენინგის პრაქტიკული. ბევრი რამ ვისწავლე“.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი საჭიროებების შეფასების პროცესში დასავლეთ საქართველოს რვა სამიზნე მუნიციპალიტეტში. მათ ჩაუტარდათ ვორკშოპი ონლაინ ანკეტირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება გუგლ ფორმის გამოყენებით. მონაწილეები გაეცნენ გუგლ ფორმის ფუნქციონალს და შესაძლებლობებს, მუშაობის პრინციპებს. დიდი ყურადღება დაეთმო მიღებული მონაცემების ელექტრონულ ცხრილში გადაყვანას და მათ მომზადებას შემდგომი დამუშავებისათვის.
ვორკშოპი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით.
ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფართო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით რეგიონალური საჭიროებების შეფასება - ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისათვის“ (ორგანიზატორი - მეწარმე ქალთა ფონდი). ტრენინგს ესწრებოდა 35 ადამიანი 3 რეგიონიდან (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი). ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს სამიზნე ჯგუფების საჭიროებების კვლევისათვის (გამჭვირვალობა, ეფექტიანობა, ინკლუზიურობა), ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს კვლევის კითხვარების შემუშავებისა და სამუშაო ვერსიების განხილვისათვის. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პირველადი ანგარიშების დამუშავება, რეკომენდაციების მომზადება, ფოკუს-ჯგუფის და ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების მეთოდები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ბევრი რამ აქვთ გაკეთებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ორჯერ ჩაატარეს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი და ორჯერ - საჭიროებათა კვლევა.
საჭიროებათა კვლევა იყო საუბრის ძირითადი თემა ფორუმის მორიგ შეხვედრაზე: რა შეიცვალა პირველი კვლევის შემდეგ, რა მოგვარდა, რას უნდა მიექცეს ყურადღება და რა არის გასაკეთებელი.
შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ მუშაობაზე ისაუბრეს 8 მუნიციპალიტეტში (ხონი, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ცაგერი, ამბროლაური). განსაკუთრებული აქცენტი გამოწვევებზე გაკეთდა.
ფორუმი შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „მეფე დავითში“ მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
1 ივნისს ქუთაისის, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის, ტყიბულის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთთვიანი მუშაობა შეაჯამეს: ერთმანეთს ინფორმაციები გაუცვალეს და ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთაც ადგილზე აწყდებიან ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციის კუთხით.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმა განიხილეს. მათი წინადადებები აისახა სამუშაო მოდულში, რაც მუშაობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიციის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ დოკუმენტს „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი სიტუაციაა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების თანამშრომლობის კუთხით. სახეზეა საბიუჯეტო პროგრამებიც, რაც მსხვერპლს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მისი პრობლემების დანახვა, რეაგირება, დასაქმება.
ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა თავად საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის უდიდესი საჭიროება. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.