უფასო იურიდიული კონსულტაციები, დახმარება საბუთების მომზადებაში – ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ათი მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებისთვის, სადაც მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმი“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარლებში.
თებერვალში თერჯოლის, ტყიბულის, წალენჯიხის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოაწყვეს ონლაინ ჯგუფური შეხვედრები იურისტთან. ქობულეთის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის კი გაიცა ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები.
შეხვედრებში მონაწილეობდა 38 ბენეფიციარი 25-დან 68 წლამდე. მათთვის მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა და სარგებელი აქვს, რადგან ამ გზით აგვარებენ თავიანთ პრობლემებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის დღიურიდან:
ხ., 28 წლის: „განქორწინების შემდეგ ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა. ყველაფერი განაცრისფრდა. მოსაწყენი, უინტერესო გახდა. ხშირად ვფიქრობდი, რატომ უნდა მეცოცხლა ასეთი სირცხვილის შემდეგ. ჩემთან ერთად ტიროდა დედაც. ერთხელ ასე აცრემლებულებს მოგვისწრო დედაჩემის მეგობარმა ქალმა და გვირჩია, დახმარებისთვის მიგვემართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისთვის. თითქმის რვა თვე ხელახლა ვსწავლობდი სამყაროს დანახვას. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება ჩემს სახეზე დაბრუნებული ღიმილისა და დედიკოს თვალებში ჩამდგარი სხივისთვის. ბედნიერები ვართ.“
ასეთი ისტორიები ბევრი აქვს ფსიქოლოგს. ეს თანმიმდევრული ხანგრძლივი მუშაობის შედეგებია. ასეთი ინტენსიური მუშაობა ჩატარდა თებერვალშიც:
- ტყიბულის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქობულეთის, თერჯოლის, სენაკის, წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებული ონლაინ ჯგუფური შეხვედრები – 48 ბენეფიციარის მონაწილეობით;
ზუგდიდის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გაიმართა ტრენინგი, რომელზეც განიხილეს სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა.
მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, კვლევებში მონაწილეობის გამოცდილებაზე.
ჯგუფის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ტექნიკა; როგორ უნდა შეივსოს ონლაინ ანკეტები; როგორ უნდა ჩატარდეს ფოკუს-ჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ.
პრეზენტაციის საშუალებით მონაწილეები გაეცნენ კითხვარის ნიმუშს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, შეხვედრა საინტერესო და აქტიური გამოვიდა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ეს არის ფრაგმენტები ბავშვების წერილებიდან.
მშობლებს მიმართავენ. სიყვარულს გამოხატავენ და პრობლემებზე საუბრობენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებისთვის ჩატარებული ერთ-ერთი შეხვედრის ნაწილი შვილებისა და მშობლების ურთერთობას მიეძღვნა. მაშინ გაჩნდა იდეა, ბავშვებს მესიჯები გაეგზავნათ დედებისთვის და მამებისთვის...
დანარჩენს თვითონ წაიკითხავთ:
- მინახავს დედა, ჩემი ან ჩემი ძმის სიტყვების გამო აცრემლებული. როცა მას ვუყურებ, მეც გული მტკივა, ვუფიქრდები ჩემს დანაშაულს... მისი ცრემლი ჩემთვის დიდი ტკივილია. ბოდიშს ვუხდი და ვეუბნები, რომ ძალიან მიყვარს...
- დარწმუნებული ვარ, როდესაც შვილი მეყოლება ისიც ისევე მომექცევა, როგორც მე ვექცეოდი ჩემს მშობლებს, ამიტომ ვცდილობ, გული არ ვატკინო მათ.
სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის პრაქტიკას მიეძღვნა ტრენინგი ხონის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ონლაინ რეჟიმში მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის ჩატარების შესახებ. ისაუბრეს ჯგუფებთან პრაქტიკულ მუშაობასა და მონაცემების შეგროვებაზე.
ტრენინგი გაიმართა პრაქტიკულ რჩევებსა და მაგალითებზე დაყრდნობით. მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ ონლაინ ანკეტის დეტალურ განხილვაში, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ანკეტის შინაარსთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პროექტის „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ტრენინგი გაიმართა სენაკის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე.
გაანალიზდა, რა რისკები ახლავს რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების პროცესს, რამდენად მნიშვნელოვანია სამიზნე ბენეფიციარების შერჩევა. შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშოები ფასილიტაციის ტექნიკასა და უნარებზე.
ჩატარებული მუშაობა სერიოზულ დახმარებას გაუწევს ჯგუფის წევრებს, ვინაიდან ისინი მომდევნო თვიდან უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
https://www.facebook.com/watch/?v=702768274079179
თებერვალში ფორუმ-თეატრი ცოცხლადაც მუშაობდა და ონლაინაც. ტარდებოდა რეპეტიციები, ვიდეორგოლების ჩაწერა. ახალგაზრდა მსახიობებმა ორი წარმოდგენა გამართეს ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. მართალია, თეატრს არ ჰყავდა ბევრი მაყურებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმოდგენების ჩატარება მაინც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა ფორუმ-თეატრის მსახიობების მონოლოგები, რომელთაც ასობით ადამიანი გაეცნო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქობულეთის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, წალენჯიხის და სენაკის ახალგაზრდულ ცენტრებში დასასრულს მიუახლოვდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსი. ბოლო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს თემები: „კონფლიქტის მოგვარების გზები. ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, პრობლემები და მიზეზები“. ახლა ისინი ემზადებიან შემაჯამებელი ღონისძიებისთვის, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. ხუთი ჯგუფიდან შერჩეულია 20 პრეზენტატორი, რომლებიც პროექტის გავლენაზე ისაუბრებენ.
თებერვალში დასავლეთ საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში 10 ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგებში ჩართული იყო 196 მონაწილე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინაში მცხოვრებო ძვირფასო ქალებო,
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სახელით, ჩვენ, საქართველოს ქალები, რომელთაც გამოვიარეთ ომის საშინელება და ჯოჯოხეთი, გიცხადებთ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას!
ჩვენ ვგრძნობთ, თუ რა ხდება ახლა თქვენს გულებსა და სულში!
გამოვხატავთ ჩვენს გულითად მხარდაჭერას და ღრმად გვწამს, რომ ეს სისასტიკე, სისხლისღვრა და ცრემლები მალე დასრულდება! მთელი მსოფლიო გაერთიანდება და შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დროის ყველაზე ვერაგ აგრესორს, რათა დედებმა არ იტირონ თავიანთი შვილების საფლავზე, ბავშვებმა არ გამოსცადონ ობლობის სიმწარე და არაფერი დაემუქროს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში.
სამწუხაროდ, თქვენ ბედმა გარგუნათ ასეთი განსაცდელი, მაგრამ თქვენ მას აუცილებლად გაივლით! იმიტომ რომ თქვენთანაა სიმართლე, თქვენ გაქვთ ღირსება, სიამაყე და მოვალეობა თქვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის!
„თანასწორობა ნიშნავს თანაბარ უფლებებს, თუ ეს უფლება დარღვეულია იქ უკვე ძალადობა იწყება.“
„გენდერი საზოგადოებას არასწორად ესმის, რაც ინფორმირების უკმარისობით არის გამოწვეული. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ის იცავს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის უფლებებს. “ - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს საინფორმაციო შეხვედრებზე.
მონაწილეების აზრით, გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია, ის ხელს უწყობს საზოგადოებაში ჰარმონიის შექმნას, ადამიანების უფლებების დაცვას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით