ფონდების მოძიება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება, თვითპრეზენტაცია, შედეგების წარმოდგენა - ყველა საკითხი ერთმანეთზე საჭირო, საინტერესო და სასარგებლო იყო. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები აქტიურად ჩაერთნენ ორდღიანი ონლაინ ტრენინგის პროცესში.
მონაწილეები გაეცნენ ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცედურებს, საჭირო დოკუმენტებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის ის ნაწილი, რომელიც ეთმობოდა თვითპრეზენტაციის უნარების გაღრმავებას, საქმიანობის შედეგების წარმოჩენას და ამ შედეგების ფორმულირებას წარმატების ისტორიად.
დღეს გაიმართა პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე საპროექტო აქტივობები, კერძოდ, საჯარო მმართველობის რეფორმის მესამე მონიტორინგის ანგარიშების მომზადების პროცესი, მარტის თვეში დაგეგმილი მორიგი ტრენინგი ფორუმის წევრი ორგანიზაციებისთვის და ასევე სხვა სამომავლო გეგმები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
15 ახალი ორგანიზაცია შეემატა სამოქალაქო საზოგადოებას 8 მუნიციპალიტეტში. ეს ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. მათ დარეგისტრირების შემდეგ საჭირო სწავლებაც უტარდებათ.
„პროექტებისა და საგრანტო განაცხადების შემუშავება“ - ახალბედა ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ თემაზე ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ და გაეცნენ საპროექტო საგრანტო განაცხადების შედგენის პროცესსა და ეტაპებს. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. განხილული თეორიული საკითხები და კონკრეტული მაგალითები დაეხმარება მათ განაცხადის ფორმის მიხედვით საპროექტო იდეის შემუშავებაში.
- როგორ აისახა პანდემიის გავლენა ოჯახურ ურთიერთობებზე. რა პრობლემები აქვთ ოჯახურ წყვილებს და რა რესურსები არსებობს ოჯახური კონფლიქტების ადრეული პრევენციისთვის - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ საუბარი თერჯოლაში, სენაკში, ქუთაისში, ხონში მცხოვრებ ოჯახურ წყვილებთან.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს ამწვავებს უმუშევრობა და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. მათი თქმით, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ადაპტაციის პერიოდი დაწყებითი კლასის მოსაწავლეებისთვის, რომლებსაც გაუჭირდათ ონლაინ ფორმატიდან უშუალო სწავლებაზე გადასვლა.
აღინიშნა, რომ ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შეიქმნას კონფლიქტური სიტუაცია. მსგავსი შეხვედრები, კომუნიკაცია, ინფორმირება ამ თემებზე ამცირებს წყვილებს შორის დაპირისპირებას და ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციას.
პანდემიამ ფორუმ-თეატრის მსახიობებს ბევრი ახალი რამ ასწავლა: ვიდეორგოლების გადაღება, მონტაჟი, მუსიკის ფონის შერჩევა...
ახალგაზრდებმა თებერვალშიც ონლაინ იმუშავეს. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა მათი ნამუშევარი - პერსონალური ვიდეორგოლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.ამასთანავე ატარებდნენ რეპეტიციებს, რომ ღირსეულად შეხვდნენ მონატრებულ მაყურებელს.
მარტიდან ფორუმ-თეატრის მსახიობები წარმოდგენებს გამართავენ სხვადასხვა ქალაქის პარკებსა და სკვერებში.
10-11 თებერვალს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში დაგეგმილი მესამე მონიტორინგის კითხვარი, განისაზღვრა რესპონდენტები. გამოიკვეთა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის კუთხით დღის წესრიგში მდგარი დასაძლევი გამოწვევები, რომელზედაც ქვეგრანტების ფარგლებში შემუშავდება მინიპროექტები ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ.
ეთიკის კოდექსი დამტკიცდა - ეს საპროექტო მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია! ვანის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ პირველია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის.
ვანის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსზე. შემუშავებული დოკუმენტი განიხილეს მერიისა და საკრებულოს სამსახურებში, საკრებულოს სხდომაზე, განთავსდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რათა ყველა გაცნობოდა და გაეკეთებინა კომენტარები. 10 თებერვალს კი საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, ეთიკის კოდექსი დაამტკიცეს.
18-19 თებერვალს იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის 16 ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. პირველ დღეს განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემუშავების საკითხი, ორგანიზაციული, ტექნიკური და მეთოდოლოგიური ასპექტები. მეორე დღე კი მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.
ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საინტერესო გამოსვლები მუნიციპალიტეტებში არსებული მიდგომების, წარმატებული პრაქტიკის და გამოწვევების საკითხებზე.
„ძალიან საჭირო პროექტია“, „ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ“, „ამ თემებზე სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ტარდებოდეს“, „მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, „უკვე მეორე წრეზე მუშაობს კონფლიქტოლოგი ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღიაა თქვენს მისაღებად,“ „დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“, „გელით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გპირდებით!“, „თვალს გადევნებთ და აღფრთოვანებული ვარ ასეთი ახალგაზრდებით“ - ეს და ამგვარი მოსაზრებები გამოითქვა და დაიწერა ჩათში Zoom-ის პლატფორმაზე შეხვედრის დროს.
რა გაკეთდა, რა შედეგები მივიღეთ, როგორ დავძლიეთ გამოწვევები, როგორია სამომავლო მუშაობის პერსპექტივები?
ამ კითხვებზე გაიცა პასუხები საერთაშორისო სემინარზე, რომელიც ზუმის პლატფორმაზე გაიმართა 17 თებერვალს. სემინარში მონაწილეობა მიიღეს პროექტში „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ჩართულმა ადამიანებმა - ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ვიშეგრადის ქვეყნებიდან: კლარა კოზლოვამ (ჩეხეთი), კატარჟინა ზელინსკამ (პოლონეთი) და პეტერ გურანმა (სლოვაკეთი).
ეს იყო აქტიური მუშაობის რამდენიმე საათი: გამოცდილების გაზიარება, მიღებულ გაკვეთილებზე საუბარი და მომავალი საქმიანობის სტრატეგიის შემუშავება.