„მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია ადგილობრივ დონეზე ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის გზით“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა. მასში ნაჩვენებია კავშირი გენდერსა და კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებულ სისტემას შორის და ქალების ჩართვის მნიშვნელობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე. აგრეთვე წარმოდგენილია ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება, თემში კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის პირველი ნაბიჯები - წარმატებული ისტორიები ქუთაისში, წყლტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან.
პროექტის თანახმად, გამოვიდა პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“, რაც დაეხმარება სამედიცინო სფეროს მუშაკებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს.
„სიყვარულს მოვლა უნდა, ქორწინება ყოველდღიურად უნდა განამტკიცო. გთავაზობთ წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამაში. იქნებ, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ სცადეთ...“ - ნათქვამია ამ პატარა გამოცემის შესავალში.
ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის მიერ მომზადებული რჩევები ქალებს: ურთიერთობის 4 ოქროს წესი, 5 იდეა ოჯახის სიმყარისთვის, ოჯახური ბედნიერების 9 საიდუმლო, უკონფლიქტო ოჯახის 10 მცნება.
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის 14 თემში ჩატარდა გამოკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის მიზნით. შედეგ კი გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.
ფონდი „სოხუმი“ წლებია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის მიზნით. შემუშავებულია და გამოცემულია არაერთი დოკუმენტი თუ მეთოდური სახელმძღვანელო.
ამჯერად შემუშავდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი - ეს არის ნიმუში, მოდელი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ადგილობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის გაწერა.
გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამუშაო გეგმა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების სამართლიან განაწილებას, ადგილობრივ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების სრულ ჩართვას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში - სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის - ამ სახელწოდებისაა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია. მასში ინტეგრირებულია საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის და ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების შედეგად დაგროვილი ექსპერტული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
გზამკვლევი არის დამხმარე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას გენდერზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვაში. მასში მოცემულია იმ საკითხთა ნუსხა, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია გენდერული მეინსტრიმინგის გასატარებლად ადგილობრივ პოლიტიკაში.
პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა - პუბლიკაცია აქტუალურ თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“. ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა მიერ შესრულებული ნაშრომების კრებული, რომელიც მიზნად ისახავს, ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივ მმართველობაში გენდერული პოლიტიკის ადვოკატირებას.
კვლევები ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.
2015 წლის მარტიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა პროექტი „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
მუშაობა მიმდინარეობდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. პროექტის ბოლოს კი ქართულ და რუსულ ენებზე გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც შეიკრიბა პროექტის მონაწილეთა შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. მათი გაცნობით მკითხველი ნათლად წარმოიდგენს, რა საინტერესო ღონისძიებები ტარდებოდა და, რაც მთავარია, როგორია შედეგები, რა გავლენა მოახდინა პროექტმა მონაწილეებზე.
ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ანალიტიკური ბროშურა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.
გამოცემაში წარმოდგენილია მშვიდობის შენების და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და ახალი მიდგომები თანამშრომლობის, განვითარებისა, სახალხო დიპლომატიის სფეროში აქტიური მუშაობისა და ქალთა როლის ამაღლებისათვის.
ფონდი „სოხუმის“ თაოსნობით დაიბეჭდა კიდევ ერთი მეთოდური სახელმძღვანელო-გზამკვლევი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგისა და გენდერული ანალიზის კუთხით დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
„გზამკვლევი“, პირველ რიგში, კარგ სამსახურს გაუწევს ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, რომლებიც, ყოველწლიურად, საკუთარი ძალებით ახორციელებენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებებისა და ბიუჯეტის ანალიზს, რათა მათ საფუძველზე მოხდეს რეკომენდაციების მომზადება თვითმმართველობების საბიუჯეტო პროგრამებში შესაბამისი პროგრამების დასანერგად.