მაისში ფსიქოლოგის ტელეფონზე 56 ზარი შევიდა ქუთაისიდან და იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მუშაობენ. ეს ადამიანთა საგანგაშო-ტრავმატულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
10 ბენეფიციარი ონლაინ და ათიც ოფლაინ განაგრძობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას - მათ შორის სამი მოზარდია.
თვის განმავლობაში ფსიქოლოგთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი. გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები ბენეფიციარებთან. წარიმართა შეხვედრები კრიზისული ოჯახების წევრებთან. ყველა კმაყოფილებით აღნიშნავს ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელიც უფასოდ ტარდება და ხშირად სერვისს ადამიანები სახლიდან გაუსვლელად იღებენ.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე. შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთის, ზუგდიდის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის პრობლემაზე, მსხვერპლთა დახმარების და მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. მობილიზატორებმა ჩაინიშნეს საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.
„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.
აპრილში გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაციები თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტებში არ არის ფსიქოლოგი და ისინი თანამშრომლობის მოხარულები არიან.
პრეზენტაციების გარდა, აქტიურად მიმდინარეობდა საკონსულტაციო მუშაობა. ფსიქოლოგთან შევიდა 61 ზარი ქუთაისიდან და რეგიონებიდან. ჩატარდა შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან და კრიზისულ ოჯახებთან. ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები და ფსიქოთერაპიული სეანსები ძალადობის მსხვერპლებთან. ახალი პროექტი თანდათან იკრებს ძალას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ტყიბულში პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ კუთხით აქტიურ მუშაობას ფონდი „სოხუმი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში პირველად იწყებს. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, მშობლები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება და გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ფონდმა „სოხუმმა“ პირველად დაიწყო ინტენსიური მუშაობა. პირველ შეხვედრას - პროექტის პრეზენტაციას - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. საუბარი გაიმართა იმ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პროექტითაა გათვალისწინებული: ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამწლიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაძლიერებას და პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.
ქობულეთში ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ახალ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ქობულეთში 19 აპრილს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას, ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე.
- ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით - ამ საკითხებზეა ფოკუსირებული ფონდი „სოხუმის“ პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა თერჯოლის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობაზე რეაგირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია მათი ინტერესის სფეროა და მზად არიან ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობისთვის.