პირველი შეხვედრა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში. შეხვედრა მოეწყო გამგებლის წარმომადგენლებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ შეკრებილებს გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, დებულება გენდერული საინიციატივო ჯგუფებისა, რომლებიც შეიქმნება სოფლის თემებში. პროექტის ფარგლებში ეს ჯგუფები გაივლიან სპეციალურ ვორკშოპებს გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებას.
მაჟორიტარმა დეპუტატებმა და გამგებლის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ ჩაერთვებიან პროექტში და ხელს შეუწყობენ ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაზრდას ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.