თერჯოლის, ვანის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ინიცირებულ საინფორმაციო შეხვედრებზე ქალები გაეცნენ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მოკვლევის „ქალთა მიგრაციის გენდერული ასპექტები“ მიგნებებს. იგეგმება მიგრაციის პრევენციისა და მისი ნეგატიური შედეგების შემცირებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელება, რომლებიც კონკრეტული თემების საჭიროებებზე იქნება დაფუძნებული.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიგრაცია არის პრობლემა, რომელიც მრავალმხრივ მუშაობას საჭიროებს, თუმცა მცირე წვლილის შეტანა ქალთა ჯგუფებსაც შეუძლიათ.
მთავარ გამოწვევებად დასახელდა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებმაც მცირე ბიზნესი დაიწყეს, თუმცა არ იციან, როგორ გაზარდონ ბაზარი.
გამოიკვეთა, რომ ამ უნარებით აღჭურვა იქნება მიგრაციის პრევენციის ინსტრუმენტი და დაეხმარება სხვა ქალებსაც, ვისაც ეშინია მსგავს საქმიანობაში ჩართვა და შვილების უკეთესი მომავალისთვის მიგრაციას ხედავს ერთადერთ გამოსავლად.
ყურადღება გამახვილდა მიგრაციის შედეგებზე, ბავშვებზე, რომლებიც დედების გარეშე იზრდებიან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შვილების ტრავმებზე, რაც ფინანსური კეთილდღეობით არ ბალანსდება.
ქალებმა ამ კუთხით მუშაობა დაისახეს მიზნად როგორც ბავშვებთან, ისე მიგრანტ ქალებთან, რათა ხელი შეუწყონ შვილების და დედების ურთიერთობის გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენი ახალი მოკვლევა „ქალთა მიგრაციის გენდერული ასპექტები“ იყო მთავარი თემა სენაკში, წყალტუბოში, წალენჯიხასა და ზუგდიდში (სოფელი ხურჩა) გამართულ შეხვედრებზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტები. პრეზენტაციის შემდეგ ქალთა ჯგუფები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში სამოქალაქო ინიციატივების იდეების შესახებ. ქალების აზრით, მნიშვნელოვანია მიგრაციის თემაზე ინფორმაციის გავრცელება, მუშაობის ჩატარება მიგრანტი დედების შვილების მხარდაჭერის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, ასევე აუცილებელია ქალების ინფორმირება, თუ რა დამცავი მექანიზმები არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ისინი მიდიან სხვა ქვეყნებში და ვის შეიძლება მიმართონ საჭიროების დროს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენი ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.
25 წლის ქალი, სამი შვილის დედა, დაშინებული და დამცირებული, მძიმე გამოცდილების შემდეგ ცენტრში მოხვდა. პირველ დღესვე აღნიშნა პროფესიული გუნდის გულისხმიერება.
ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის, ბავშვებთან მუშაობის ასისტენტის ერთობლივმა ძალისხმევამ ეს შედეგი გამოიღო: „ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვერც კი წარმომედგინა, რომ მსგავსი მხარდამჭერი სერვისი სადმე არსებობდა... აქ ნამდვილად იგრძნობოდა სითბო, ყურადღება და ზრუნვა“...
ცენტრში მან პირველად დაიჯერა, რომ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. პატივისცემა, ზრუნვა და გულწრფელი მხარდაჭერა გახდა მისი პირველი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ.
ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა. ცენტრში მოსული ყოველი ქალი თავის ისტორიას წერს...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სად არის ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი რისკი?
ჩვენ მიერ შედგენილი რუკა გაჩვენებთ ოჯახში ძალადობის რისკების დონეს დასავლეთ საქართველოს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა ორი წლის წინ განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“: https://sosfsokhumi.ge/
რუკა ითვალისწინებს სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკებისა და უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას, არსებულ საფრთხეებზე დროული რეაგირების მიზნით - https://sosfsokhumi.ge/map
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები მერი გელაშვილი და ლარისა შენგელია და ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი) სათემო მუშაკები მონაწილეობდნენ ორდღიან ტრენინგში, რომელიც გაიმართა თბილისში სოციალური აქტივობის და ქცევითი ცვლილების თემაზე.
ტრენინგს ესწრებოდა 24 ადამიანი სამი პარტნიორი ორგანიზაციიდან (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი).
მონაწილეები გაეცნენ თვითდახმარების ჯგუფების ფუნქციონირების და ქცევითი ცვლილების მოდელს. ჯგუფური მუშაობის პროცესში მათ განსაზღვრეს თემის საჭიროებები, ქცევითი ბარიერები და შეიმუშავეს პრაქტიკული იდეები თემის საჭიროებებზე მორგებული ცვლილებებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ქცევითი მეცნიერების მოწვეული ექსპერტები. მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს თავიანთ თემებში თანმიმდევრული ცვლილებების მიღწევაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემატიკა, რადგან ეს პრობლემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასაც უკავშირდება. შეხვედრების დროს ისინი ინტერესიით განიხილავენ სხვადასხვა ფორმის ძალადობას, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზებს, ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობას.
მონაწილეები ამბობენ, რომ თავისუფალ სივრცეში ერთმანეთთან გულწრფელი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უფრო მეტად აცნობიერებენ ძალადობის საფრთხეებს, განიხილავენ დაცვის მექანიზმებს და სურვილი აქვთ, სხვებსაც გაუზიარონ ინფორმაცია.
ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მათი ჩართულობით თანატოლებში კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმირებულობის დონე და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ღია ცის ქვეშ გამოსვლა, თუნდაც ივლისის თაკარა ამინდში კარგი გამოცდილებაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ორი წარმოდგენა ჩაატარა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში: განახლებულ ცენტრალურ პარკში და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში.
სამწუხაროდ, მაყურებლები ერიდებიან ფოტოგადაღებას და კადრებშიც არ ჩანან...
რაც მთავარია, დისკუსიაში ერთვებიან, იზიარებენ ფორუმ-თეატრის მოწოდებებს, რომ: ძალადობა დაუშვებელია, არ უნდა შევურიგდეთ ძალადობას და ბულინგს, დავიცვათ ძალადობაგამოვლილი ადამიანი...
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალაქის უცხოელი სტუმრების რეაქცია, როცა მსახიობებმა ინგლისურად გააცნეს მათ ფორუმ-თეატრის არსი და მიზანი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალების საჭიროებები, სურვილები, განწყობები ყველაზე კარგად მათთან შეხვედრების დროს იკვეთება. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრები ყოველთვიურად ტარდება. განხილვის თემა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის საკითხებს უკავშირდება.
წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, ვანში ქალთა ჯგუფებთან შეხვედრის დროს მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხი გამოკვეთეს:
- ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული. არასრულფასოვანი ოჯახი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
- ქალებს სამუშაო ადგილები არა აქვთ და სოციალური დახმარება არასაკმარისია. ასეთ ოჯახებში ხშირია კონფლიქტები სოციალურ პრობლემებზე.
საერთო პრობლემების განხილვის შემდეგ ინდივიდუალურ საკითხებზე იწყება მუშაობა. მობილიზატორების ჩარევით სამ ბენეფიციარს მოუგვარდა პრობლემა თერჯოლაში, ვანში და წყალტუბოში. პრობლემები საჭიროებდა სოციალური მუშაკის, იურისტის და ფსიქოლოგის ჩართულობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
როგორ აფასებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას? რა შედეგებს იძლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები? რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ქალებს?
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა მონიტორინგი ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეები ღიად გამოხატავენ საკუთარ განწყობებს და ახალ იდეებსაც გვკარნახობენ:
- ჩვენთვის ეს შეხვედრები არის ახალი ინფორმაციების მიღების წყარო. ქალებზე ძალადობა არ დამთავრებულა, უნდა გავძლიერდეთ ამ პრობლემის წინააღმდეგ.
- ქალებს იშვიათად გვაქვს შეკრების და საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა, ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებს სხვა განწყობა გვხვდება და ეს ძალიან გვჭირდება.
- მიხარია, რომ ქალებზე ფიქრობთ, ჩვენს გაძლიერებაზე. ჩვენი თვითშეფასება იზრდება. ახალი იდეები გვიჩნდება. კარგი იქნება, თუ ჩვენი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა.
შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდი/ხურჩის, სენაკის, ხონის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)