მარინამ ლამაზი და ტკბილი უკრაინული დესერტი მოამზადა - ლვოვის „სირნიკები“, ანიამ კი - კატლეტები კიევურად. მარინა და ანია უკრაინელი ფსიქოლოგები არიან, ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ და ორივე, სხვა ქალებთან ერთად, მონაწილეობდა ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკრაინული სამხარეულოს დღის მოწყობაში 15 სექტემბერს. მათ აღნიშნეს, რომ საინტერესო, სასიამოვნო და სარებილიტაციო ღონისძიება გამოვიდა.

მათ პროფესიული კუთხითაც აქტიურად იმუშავეს სექტემბერში.

ანია შალიმოვა ამბობს, რომ შეხვდა ოთხ ახალ ოჯახს და ერთ ოჯახს - განმეორებით, ჩაატარა 12 ინდივიდუალური კონსულტაცია. იყვნენ მუდმივი კლიენტებიც და ახლებიც. ამასთანავე კონსულტაცია გაუწია ბავშვებს და მათ მშობლებს.

„უკრაინელებს დადებითად განაწყობთ ის, რომ მეც უკრაინიდან ვარ“, - ამბობს ანია. -  ისინი ინტერესდებიან, რომელი ქალაქიდან ვარ და როგორ გადავიტანე ომი. თუ  ჩემი მშობლიური ქალაქიდან არიან, მაშინ ვარკვევთ, ვინ რომელ უბანში ცხოვრობდა“ (სწორედ ამიტომაც მოვიწვიეთ ორი უკრაინელი ფსიქოლოგი უკრაინელ ლტოლვილებთან სამუშაოდ).

24-28 სექტემბერს სტამბულში გაიმართა ტრენინგი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებისთვის თემაზე ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოცდილება.

სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდული კლუბები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ფორუმ-თეატრის დამფუძნებლების, როლისა და მნიშვნელობის შესახებ მიმდინარე ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის პოვნაში. ტრენერების მიერ შემოთავაზებულმა სხვადასხვა სავარჯიშოებმა და დავალებებმა ტრენინგი უფრო კრეატიული, საინტერესო და სახალისო გახადეს, ასევე მონაწილეებმა დამოუკიდებლად შეძლეს სცენარების მომზადება და მცირე სცენების დადგმა. ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, შეადგინეს სამომავლო გეგმები, რათა დანერგონ ფორუმ-თეატრი თავიანთ კლუბებში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მარინე 28 წლისაა. დეპრესიაში იყო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ: „ყველაფერი გაჩერდა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ჩემთან ერთად ტიროდა დედაჩემიც. ერთხელ ასე თვალცრემლიანებს დედის მეგობარი შემოგვესწრო და მირჩია, დახმარებისთვის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან მივსულიყავი. თითქმის რვა თვე ვსწავლობდი, ახლებურად შემეხედა ჩემი თავისთვის. ნელ-ნელა მიჩნდებოდა იმედი. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება არა მარტო ჩემი ღიმილისთვის, არამედ იმ სხივისთვის, ჩემი დედის თვალებში რომ არის ახლა“...

მარინე ერთ-ერთია ფსიქოლოგის მადლიერ ბენეფიციართაგან. ასეთი უამრავია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

სექტემბერში ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ჩოხატაურის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აგრეთვე ქობულეთში – ოღონდ ონლაინ. ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 23-მა ბენეფიციარმა.

19 სექტემბრიდან თვის ბოლომდე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაო ტარდებოდა ძალადობის მსხვერპლ სამ ქალთან. ისინი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ - სულ 6 ბენეფიციარი. ყოველდღიურ აქტიურ მუშაობაში ჩართულები იყვნენ პედაგოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა (ის 26 წლისაა) აღნიშნა, რომ იგრძნო დიდი მხარდაჭერა. უკვე იცის, რომ მარტო არ არის. აქ გატარებულმა დღეებმა გააძლიერა სამივე ქალი და ისიც გააცნობიერეს, რომ მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ სისუსტეებზე. მიიღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია, პოზიტივი, სასარგებლო რჩევები და გადაწყვიტეს, ახალი ძალებით გადაფურცლონ თავიანთი ცხოვრების ახალი გვერდი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონაწილეთა შეფასებით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა  ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა (თემა - „ბავშვთა უფლებების დაცვა ტყიბულის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივი თანამშრომლობა სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით“), რომელიც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით და ტყიბულის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის განახლებულ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მონაწილეებს გააცნეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობა და არსებული გამოწვევები.

საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს მუნიციპალიტეტის მესვეურებმა, მუნიციპალური სერვისების მიმწოდებლებმა, მოქალაქეებმა. გამოიკვეთა მთავარი გამოწვევა - რესურსების სიმცირე სერვისების გასამართად; უფრო მოქნილი საკანონმდებლო რეგულაციების საჭიროება.

მაღალი შეფასება მიეცა მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან და რესურსების გამთლიანებას ბენეფიციარების დასახმარებლად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დევნილთა ჩასახლება აფხაზეთის ქუჩაზე არსებული პრობლემის განხილვა გაიმართა.

საჭიროებათა კვლევის შედეგად ადვოკატირებისთვის VII-VIII კორპუსების დაზიანებული სახურავის პრობლემა შეირჩა.

აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ: აფხაზეთიდან იგპ პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოს და ყველა იმ უწყების  წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის პრობლემაზე შედეგიანი ზეგავლენის მოხდენა.

შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა საკითხის გადაჭრის გზები. გამოვლინდა სხვა პრობლემებიც: არ არის საბავშვო ბაღი, სარდაფებში წყალი დგას, ეზო დაბინძურებულია - უახლოეს მომავალში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მათ მოგვარებაზეც იზრუნებენ.

დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ჩატარებული შეხვედრის ეფექტიანობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ფონდი "სოხუმის“ მიერ შექმნილ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში თითქმის ერთი წლის წინ გავწევრიანდი და ამ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.

ჩემთვის ბევრისმომცემი იყო სხვადასხვა აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. ვფიქრობ, რომ ფონდ „სოხუმს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ და აფხაზ თანატოლებს შორის ურთიერთობების დათბობაში.  მართლაც, ჩვენი თითოეული ტრენერი და ხელმძღვანელი მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი განვითარებისთვის რაც ნამდვილად დასაფასებელია.  კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ფონდ " სოხუმის" თითოეულ წევრს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის რაც მათთან ერთად მუშაობის დროს მივიღე.

კოვალენკოების ოჯახი ხარკოვიდან ჩამოვიდა. რამდენიმე თვე იცხოვრეს სამტრედიაში. ბევრი სიძნელე გადაიტანეს. ბავშვი ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში. ჩვენი ფონდი დაეხმარა მათ საბუთების თარგმნაში უფასო მკურნალობისთვის, ეხმარებოდა სურსათით, ჰიგიენის საშუალებებით. შემდეგ მათ უკრაინაში გამგზავრება გადაწყვიტეს. მაგრამ საამისო ფული არ ჰქონდათ.

სოფი წირღვავამ (ასისტენტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობს) გადაწყვიტა, თანხის შეგროვება მოესინჯა, თუმცა თვითონაც დიდად არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა თხოვნა, დახმარებოდნენ კოვალენკოების ოჯახს. იყვნენ ადამიანები, რომელთაც სოლიდური თანხა გადარიცხეს. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მითითებულ ანგარიშზე 3 და 5 ლარი ჩარიცხეს. გაკვირვებულები იყვნენ კოვალენკოები, ტიროდნენ, ამბობდნენ, ადამიანებს თვითონ უჭირთ და ჩვენ გვეხმარებიანო…

ორ დღეში 3600 ლარზე მეტი შეგროვდა.

ბაღდათის მერიაში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას კომისიის წევრების გარდა ესწრებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, პოლიციის თანამშრომლები, პედაგოგები, საკრებულოს კომისიის და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წევრები.

შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ქეისები, ამ ქეისებთან მუშაობა და შემდგომი რეაგირება. იმსჯელეს ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები