თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ შეირჩა ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში. მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ (ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში) და სტეფანი ფატერ-ორელმა (WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი).
„ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის“ - ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
შეხვედრას მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს. ასევე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე. დაფიქსირდა რეკომენდაციები, რომლებიც გაზრდის ამ კუთხით მუშაობის ეფექტს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.
შეხვედრა გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას და ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას მოიცავდა, სადაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მობილიზებული სამი სათემო ლიდერიც მონაწილეობდა.
როგორი იყო ოქტომბერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობენ?
ვთხოვეთ მათ, მოკლედ ესაუბრათ თავიანთ მუშაობაზე.
მარინა სტეპანენკო: „ოქტომბერში გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფსიქოლოგიურ დახმარებას მიმართა. ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ოჯახიდან განშორების სტრესი, მარტოობა, დაბნეულობა, დაუცველობის განცდა. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის პოვნა და მიღება. ასევე, გაუგო საკუთარ თავს და დაეხმარო“.
მანანა გოცირიძე: „ოქტომბერში შედგა პირველადი შეხვედრები ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებთან. ყველამ აღნიშნა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მათი ტკივილი და ტრაგედია, იცის თანაგრძნობა და მადლიერები არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის“.
ანა შალიმოვა: „ყოველთვიურად ვეცნობი უკრაინიდან ჩამოსულ ახალ ოჯახებს. ბევრი ჩამოდის ჩემი მშობლიური ხერსონიდან. ხშირად, სამსახურისკენ რომ მივდივარ, ვხვდები უკრაინულ ოჯახებს, რომელთ შვილები სკოლაში მიჰყავთ. ვესალმებით და ვუღიმით ერთმანეთს. უკვე 30-ზე მეტი უკრაინულ ოჯახს ვიცნობ ჩვენი ულამაზესი უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან. ასევე ვაგრძელებ საკონსულტაციო მუშაობას და ჩემს მომსახურებას ვთავაზობ ბავშვებს და მოზარდებს. მე ვეხმარები შფოთვის შემცირების კუთხით, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში, ფობიებისა და პანიკისგან თავის დაღწევში. ჩემი მუშაობა გულისხმობს ჩემი ცოდნისა და უნარების მუდმივ გაუმჯობესებას და ამიტომ ვცდილობ, ყურადღება მივაქციო ჩემს განათლებას და სწავლებას“.
Zoom პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილობრივ დონეზე პრობლემების ადვოკატირების პროცესი და ეტაპები“.
შეხვედრაში ჩაერთნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა ქსელის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქსელის წევრებმა დეტალურად განიხილეს „ერთი ფანჯრის“ მეთოდით ადვოკატირებისათვის აღებული პრობლემების დინამიკა - რა ეტაპზე არიან და რა შედეგები მიიღეს. ასევე ისაუბრეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგინეს ბიუჯეტებში გასათვალისწინებლად.
შეხვედრა საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა იმისთვის, რომ მონაწილეებს გაეცვალათ ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ არსებულ გამოწვევებზე.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მას უძღვებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობას ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობაც იღებდა სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა. კომისიის სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა აღნიშნული სამთავრობო სამოქმედო გეგმების აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი) ორგანიზებულმა ქალთა ქსელებმა შეარჩიეს აქტუალური პრობლემები, რომელთა ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ დაიწყეს.
ამაზე თავად პროექტში ჩართული ქალები და შეხვედრაში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, პრობლემების გადაჭრისათვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ერთი ქალი სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას დადებითი ემოციებით აივსო, გააცნობიერა თავისი ადგილი ცხოვრებაში, იგრძნო სიმშვიდე და თავისუფლება. ახლა ის მზად არის, იბრძოლოს უკეთესი ცხოვრებისთვის. მეორე ამბობს, რომ მიიღო საჭირო ცოდნა. მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასება და, რაც მთავარია, იცის, რომ უნდა ისწავლოს, რათა თავისი ქალიშვილისთვის ღირსეული დედა იყოს...
ეს ყველაფერი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მათი ყოფნის დამსახურებაა. ოქტომბერში ცენტრში იმყოფებოდა სამი ქალი პატარა ბავშვებთან ერთად - ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომელთაც განიცადეს სტრესი და ტრავმა.
მათ ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდათ - პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.
მუშაობის შედეგები მათ კომენტარებში ჩანს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის, ქობულეთის, წალენჯიხისა და ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (აქ - ონლაინ) გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრები, მათში მონაწილეობა მიიღო 35 ბენეფიციარმა.
ერთი თვის განმავლობაში ფსიქოლოგი ქუთაისის ოფისში ატარებდა ფსიქოთერაპიულ სამუშაოს და ონლაინ ინდივიდუალურ კონსულტაციებს რეგიონებში.
პარასკევობით ფსიქოლოგი ატარებდა ჯგუფურ შეხვედრებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებთან - ქალებთან, რომლებიც გადიან პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსს. მათთან ტარდებოდა სესიები შიშების, სტრესის, ტრავმების დაძლევისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის.
დღის ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თქვა: „ჩემთვის განსაკუთრებულია ყველაფერი, რაც მოხდა ამ თვეში - სავსე ვარ საკუთარი თავის და სხვების სიყვარულით, ამიტომაც ვახერხებ ლამაზი ნაკეთობების შექმნას“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)