ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ნოემბრის 10 დღე გაატარა 5-მა ადამიანმა - იყო სამი ხანდაზმული ქალი და ერთ-ერთის ორი შვილიშვილი. ყველა ცდილობდა მათთვის ოჯახური სიმყუდროვე შეექმნა - სტუმრებს გემრიელი სადილებით უმასპინძლდებოდნენ. რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ბავშვებთან მასწავლებელი მუშაობდა. მოხდა ტრავმების, შიშების, წყენის და სტრესის გადამუშავება, თვითშეფასების ამაღლება.

ქალებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს:

- ცხოვრებაში ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი თბილი დამოკიდებულება არსად მიგრძვნია, ფსიქოლოგის რჩევები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისა და სიკეთისთვის.

- ხანდაზმულებს სითბო სჭირდებათ. აქ დიდი სითბოა - განსაკუთრებით ადამიანური. ყველა გეხმარება, იღიმება, ცდილობს, გასიამოვნოს. ჩემი სული გაახალგაზრდავდა და განახლდა.

- ბევრი წელი ვითმენდი ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას ოჯახის წევრების მხრიდან. და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ საკუთარი თავი უნდა მიყვარდეს - ასე მასწავლეს აქ და ამ პრინციპით ვიცხოვრებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

და-ძმა, ექიმები უკრაინიდან. სასწაულებრივად გადაურჩნენ ომის საშინელებებს.  ხარკოვიდან ქუთაისში სექტემბერში ჩამოვიდნენ. მათი მშობლები აქ მუშაობდნენ სამხედრო ექიმებად, სკოლა ქუთაისში დაამთავრეს, აქ ჰყავთ მეგობრები და ნაცნობები.

როგორც ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს უთხრეს, ჯერ კიდევ სიკვდილის მომასწავებელი სირენის ხმებისგან იღვიძებენ.

„ძნელი წარმოსადგენია, დაიბრუნებს თუ არა ჩვენი ქალაქი თავის სილამაზეს. ხარკოვში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ყველგან ქვების გროვაა, მინა, რკინა... მოსახლეობაში ფსიქოზის მეორე ტალღა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდნენ, რომ ომი მალე არ დასრულდებოდა. ომი ჩვენთვის არის შიში, რომ შეიძლება გაგაუპატიურონ, მოგკლან. ეს არის უიმედობის და სასოწარკვეთის მდგომარეობა. რომ დამთავრდება, მერეც დიდხანს იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე“.

ეს ჩვენი ბენეფიციარების სიტყვებია.

სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობა, სამშვიდობო აქტივობების მნიშვნელობა და შედეგები-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკსა და წყალტუბოში, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეთა აზრით, წარმატებული ქალების მოსმენა, სამშვიდობო ინიციატივები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას და სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას.

 რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისთვის- ამ საკითხზე კი წყალტუბოსა და სენაკის ახალგაზრდული ჯგუფების წევრებმა ისაუბრეს. შეხვედრამ ორივე ქალაქში  დისკუსიის ფონზე , საინტერესო იდეების ერთმანეთში გაცვლით და სამომალო გეგმებზე მსჯელობით ჩაიარა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი ჯგუფი, წინა თვეების მსგავსად, ნოემბერშიც აქტიურად მუშაობდა. ამ დროისთვის ჩვენს მონაცემთა ბაზაში გვყავს 383 ადამიანი, ნოემბერში დავამატეთ 53 ახალი ადამიანი. ამ თვეში 42 ოჯახს (95 ადამიანი) დავეხმარეთ, 3 ოჯახს ვუყიდეთ თბილი პლედი, 4 ოჯახს - გამათბობელი. ერთ მამაკაცს სამედიცინო პროცედურების (ონკოლოგიური) საფასურის გადახდაში გავუწიეთ დახმარება და სპეციალური საკვებიც შევიძინეთ მისთვის. ასევე დარიგდა ჩუსტები და თეთრეული.

- გრძელდება დახმარება ბინის ქირის გადახდაში, ამ თვეში კიდევ 4 ოჯახი დაემატა,  ერთი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, რადგან ასაკოვანი წყვილია, გამონაკლისის სახით, ფონდმა თავის თავზე აიღო მათი ქირის გადახდა.

უკრაინელი ლტოლვილებისთვის გრძელდება უფასო ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა.

შეხვედრების სტატისტიკა ნოემბერში:

სამი გასვლითი ფსიქოლოგიური ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ჩოხატაურის, ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ონლაინ შეხვედრები ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში - 47 მონაწილე.

23 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია, მათგან 12 - ონლაინ.

5 ფსიქოთერაპიიული სესია დღის ცენტრის ბენეფიციარებთან, რომლებიც სწავლობენ პოლიმერულ თიხასთან მუშაობას.

განსაკუთრებული იყო ჯგუფური შეხვედრა სენაკში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ ისაუბრეს თავიანთ წარმატებებზე. იმაზე, რომ სამსახური იშოვეს და ფინანსური მდგომარეობა გამოუკეთდათ.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ძალადობის საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოში და ონლაინ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯგუფთან. აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.

ქვეყანაში ფემიციდის ფაქტების გახშირებულ ფონზე, დამსწრე საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდმა „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“. ისინი მიიჩნევენ, რომ საიტის შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში - ეს დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

25 ნოემბერს გაიმართა ქალთა მოძრაობის მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. მსვლელობას სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისიც შეუერთდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა. მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა წარადგინა მამების ძალადობრივი ქცევის და კორექციის პროგრამა „მამაშვილობა“, რომლის მიზანია  მამის ქცევის კორექცია და მისი მხარდამჭერ მამად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ მიგნებებზე დაყრდნობით, დამსწრეებს რეკომენდაციები შესთავაზა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული პროგრამის ადრეულ ეტაპზე დანერგვას.

25 ნოემბერი - 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ტრადიციული მდუმარე აქცია გამართა ქუთაისში. ამით შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომლის სლოგანია: „გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის“. აქციაში მონაწილეობდნენ ფონდის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები. აქციაზე წარმოდგენილი იქნა ფორუმ-თეატრის სცენები და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

დღეიდან საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება კამპანიის ფარგლებში.

აქცია აქტიურად გააშუქა გააშუქა ცენტრალურმა და რეგიონულმა მედიამ.

https://www.facebook.com/WFSukhumi/videos/853330979131350

https://www.imedi.ge/ge/video/112330/qalta-pondma-sokhummaterjolashi-momkhdari-pemitsidis-shemzaravi-paqtis-saprotesod--mdumare-aqtsia-gamarta?fbclid=IwAR3df-fvm0C39xN3SU7mMq9_X_ulbMQYS3B3pzJfhjhWqiht9m9DOhHEXM4

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები