ხონში შექმნილი ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუნიციპალიტეტში მუშაობას დევნილთა თემის პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქსელის აქტივისტები თვალს ადევნებენ იმ პრობლემების ადვოკატირების დინამიკას, რომლებიც მათ მიერ იქნა წამოჭრილი. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
პრობლემების ნაწილი უკვე აისახა ბიუჯეტში და ისინი 2023 წელს ეტაპობრივად გადაიჭრება. განსაკუთრებით აქტიურად მოხდა ინფრასტრუქტურული საკითხების ლობირება: საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეკეთება და საწვიმარი ღარების დამონტაჟება.
ქსელის მოდერატორი შეხვდა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ის აქტივობები, რომლებიც ქუთაისში ჩატარებულ ვორკშოპზე დააფიქსირა ხონის ჯგუფმა - ეს ხელს შეუწყობს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- როგორი იყო გასული საპროექტო წელი, პრობლემათა ადვოკატირების კუთხით როგორი დინამიკა იკვეთება და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოლოდინები არსებობს, - ამ საკითხებზე იმსჯელეს სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე.
ადვოკატირების პროცესში გარკვეული სიახლეებია, რაც პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს იძლევა.
პარალელურად, საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ პრობლემებზეც მუშაობენ, რომლებიც ძლიერი ქარის დროს წარმოიქმნა სამხედრო დასახლებაში. ელექტროსადენების და სახურავების დაზიანებასთან დაკავშირებული პრობლემები თვითმმართველობის ჩართულობით უკვე მოგვარდა.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში სატრენინგო მუშაობა აქტიურად გრძელდება. კიდევ ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, ვანის, ტყიბულის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 97 ადამიანი.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში - საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებში. ტრენინგები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ მონაწილეები საკმაოდ მოტივირებული არიან, უნდათ მეტი ინფორმაციის მიღება, მეტი სამოქალაქო განათლება და ეს იგრძნობა მათ დამოკიდებულებაში.
ყველა ახალგაზრდულ ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ შემაჯამებელ შეხვედრებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პატარა ბიჭუნა დედასთან ერთად შემოვიდა. აქ ხშირად მოჰყავთ ბავშვები, ამიტომ ფსიქოლოგ მანანა გოცირიძის ოთახში ბევრი სათამაშოა. თაროზე უწყინრად იდო კურდღელიც. უკრაინელმა ბიჭუნამ უცებ იყვირა: ბაჭია! მერე ფსიქოლოგს ჰკითხა: შეიძლება ხელში ავიყვანო? რა თქმა უნდა, მისცეს. ეხუტებოდა, ეფერებოდა... მიხვდა მანანა გოცირიძე - რატომაც და უთხრა, თუ გინდა, გაჩუქებო. დედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ასეთი ჰქონდა სახლში და ძალიან უყვარდაო...
ბედნიერი წავიდა პატარა ბიჭუნა.
ყველა კმაყოფილი რჩება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ. ზოგს ნაკლები პრობლემა აქვს და უფრო მალე სრულდება რეაბილიტაციის პროცესი, ზოგს მეტი ვიზიტი სჭირდება.
უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრები მანანა გოცირიძის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იანვარში ის 6 ოჯახს შეხვდა - 17 ადამიანს. ჩატარდა პირველადი კონსულტაცია, ანამნეზის შეგროვება და მათ შესთავაზეს უფასო ფსიქოთერაპიის გაგრძელება. ოჯახებს ასევე გადაეცათ საჭირო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის საშუალებები, თბილი ტანსაცმელი.
პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში რაოდენობრივი კვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთნენ.
კვლევის თემაა „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ფორუმ-თეატრი შექმნა. სიახლე USAID-ის პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში განხორციელდა.
ჯგუფის წევრების შეფასებით, ფორუმ-თეატრი თავის ფუნქციას შეასრულებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
ცნობისთვის, ფორუმ-თეატრი არის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ინტერაქტიული მუშაობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების გადაჭრას და ინფორმაციის მიწოდებას .
სოფელ კოკში პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” შეხვედრაც გაიმართა. კვლევაში „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ჩაერთნენ.
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა - ამ თემაზე ჩატარდა შეხვედრები ვანსა და ქობულეთში. მთისძირის (ვანის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები და უფროსკლასელები, ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღში კი - პერსონალთან ერთად, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.
შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელზეც განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია რეაგირების მექანიზმებზე. დაფიქსირდა, რომ საზოგადოების ჩართულობა უფრო აქტიური უნდა იყოს, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია და დროული რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
მხარდაჭერით (კანადა)
წყალტუბოს ქალთა ქსელი აქტიურად აგრძელებს მუშაობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებში წარმოჩინდა კვლევის პროცესში.
ქსელის ლიდერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ადვოკატირებული პრობლემების უმრავლესობა შესაბამისი უწყებების მხრიდან უკვე მოგვარებულია.
რაც შეეხება გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა - ითვალისწინებს და ნერგავს მნიშვნელოვან სტანდარტებს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
კიდევ ერთი გამოშვება ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. უამრავი ლამაზი ნაკეთობა. კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც ისწავლა პოლიმერულ თიხასთან მუშაობა და პატარა საოცრებების შექმნა.
ტრადიციულად, ორთვიანი კურსის ბოლოს მოეწყო შემაჯამებელი ღონისძიება. მონაწილეებმა წარმოადგინეს სწავლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, ისაუბრეს თავიანთ თავზე... პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. მათ აღნიშნეს, რომ ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო პროფესიული განვითარების და პირადი ურთიერთობების კუთხით და ისინი წარმატებით გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)