გენდერული ძალადობა

„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ასე ეწოდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. ის განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, კერძოდ, სკოლების, საბავშვო ბაღების, ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ ბავშვებთან ინტერაქცია და მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების საქმეში.

გზამკვლევი მიზნად ისახავს სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ისეთი ინფორმაციისა და ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ბავშვთა მიმართ სკოლასა და ოჯახში განხორციელებული ძალადობის დროულ გამოვლენას და ყოვლისმომცველ, მრავალსექტორულ რეაგირებას.

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს: „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიები: საუკეთესო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები“. დოკუმენტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის და კოორდინაციის გასაძლიერებლად უწყებათაშორისი კომისიების  ინსტიტუციონალიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და დღეს არსებული კომისიების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მათი მიღწევების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შეფასება.

კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ უწყებათშორისი კომისიები წარმოადგენენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით, პრაქტიკული მნიშვნელობის  მაკოორდინირებელ მექანიზმს. ზემოაღნიშნულს მოწმობს რიგ სამიზნე მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედი უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მეტად გამართულ ადგილობრივი რეფერირების პროცედურებს, კომუნიკაციასა და კოორდინაციას ძალადობის შემთხვევების მართვაში ჩართულ რგოლებს შორის.

მიუხედავად ამისა, გამოწვევების ანალიზმა აჩვენა, რომ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისათვის საჭიროა უწყებათაშორისი კომისიის მეტად „ფორმალიზება“, მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიის შემუშავება, კარგი პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, გამოყენება და დანერგვა (ადგილობრივი და საერთაშორისო), მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან უფლებამოსილებების სწორად გამიჯვნა, კომისიის საქმიანობაში სხვადასხვა უწყების წამომადგენლების ჩართვის წახალისება და ა.შ.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გამოსცა „გენდერულ ძალადობაზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის“. გზამკვლევი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ექიმებისა და ექთნებისთვის, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ პაციენტებთან, ისეთი ინფორმაციის და ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან გენდერულ ძალადობაზე დროულ, ყოვლისმომცველ, მრავალსექტორულ რეაგირებას.

პრაქტიკული გზამკვლევი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

-    ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია;

-    სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები;

-    სამედიცინო პერსონალის როლი გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საქმეში; 

-    სამედიცინო პერსონალის მხრიდან გენდერულ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის შესაბამისი სტრატეგიები, ნაბიჯები და რეკომენდაციები; 

-    რეფერირების და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების საქმეში.

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშს: „ქალთა მიმართ ძალადობის რისკების კვლევა“, რომლის მიზანია ორგანიზაციის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკების განსაზღვრა და შეფასება, შემთხვევებზე დროული რეაგირებისა და რელევანტური ადვოკატირებისთვის.

კვლევის მონაცემებით ნათლად გამოიკვეთა ქალების ცხოვრებაში  პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც მეტწილად განპირობებულია  უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონით, ოჯახში ძალადობის ფაქტებით. სამწუხაროდ, კვლავ არასახარბიელოა ქალთა ინფორმირება და ხელმისაწვდომობა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებებზე. კვლევის თანახმად, ქალებმა საკუთარი უსაფრთხოების განცდა საშუალოდ შეაფასეს და ხაზი გაუსვეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემქმნელ ქმედებებს მათ ცხოვრებაში.  

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, მუნიციპალიტეტების როლის გაზრდას, რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განხორციელებული ღონისძიებების  მონიტორინგისა და შეფასების ქმედითი სისტემის დანერგვას, რელევანტური სპეციალისტების უწყვეტ გადამზადებას. 

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ მონიტორინგის ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“. ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და ადგილებზე მოქმედი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი.  დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, ადრეულ ეტაპზე კრიზისული/მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების და შესაბამისი რეაგირების პრობლემა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის; არასაკმარისი ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია მუნიციპალიტეტებსა და რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის; ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მუნიციპალური პროგრამების არარსებობა ან სიმცირე და მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების და პროფესიული გადამზადების საჭიროების საკითხები. გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება რელევანტურ უწყებებს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქსელმა WAVE-მა, OSCE-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, თავის ოთხ წევრთან (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბანია ლუკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა), თანამშრომლობით შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო.

სახელმძღვანელო ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ის ასახავს არა მარტო კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ზიანსა და გამოწვევებს, არამედ წარმოუდგენს მკითხველს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის ანგარიშს - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“.  ანგარიშში შეფასებულია მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტიანობა და ასახულია მათ წინაშე არსებული გამოწვევები, რაც აფერხებს აღნიშნულ განყოფილებების მიერ მოწყვლადი და კრიზისული ოჯახებისთვის ქმედითი და მათ საჭიროებაზე მორგებული დახმარების და მომსახურების გაწევას.  დოკუმენტში ასევე ასახულია გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა დაცვის განყოფილებების ინსტიტუციურ გაძლიერებას და საქმიანობის გაუმჯობესებას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს „მერის წარმომადგენლების საჭიროებების გამოვლენა სამიზნე მუნიციპალიტეტებში“.

მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენელთა საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მათი როლის გასაძლიერებლად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, დაზარალებულთა დახმარების, არსებულ ადგილობრივ და ცენტრალურ სერვისებზე მოქალაქეების ინფორმირების და რეფერირების სისტემაში მონაწილეობის კუთხით.

განხორციელებულმა სწრაფმა მოკვლევამ გამოკვეთა მერის წარმომადგენელთა ციფრული უნარ­ჩვევების გაძლიერების, მათი მეტი ინფორმირების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო აღწერილობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებში ჩართვის მკაფიო ვალდებულებების გაწერის საჭიროება.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს:  „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“. დოკუმენტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვის საკითხზე დაინტერესებულ პირთა დამოკიდებულებების შესწავლა და აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსიების წამოწყება. ეს ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამის საკანონმდებლო დარეგულირებას და მის პრაქტიკაში ამოქმედებას.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად და ეფექტიანი პრევენციისთვის არასაკმარისია მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის მიმართ გატარებული ღონისძიებები. აუცილებელია, დაინერგოს მოძალადესთან ადრეულ ეტაპზე მუშაობის პრაქტიკა, გაძლიერდეს მოძალადეების გამოვლენის ხარისხი, შემუშავდეს მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა და უზრუნველყოფილ იქნას მოძალადეთა ჩართვა ამ პროგრამაში. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ქცევის კორექციის პროგრამების მიმართ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით.

ფონდი "სოხუმის"  მორიგი მონიტორინგის ანგარიში: "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“.

დოკუმენტში წარმოდგენილია ის ძირითადი ბარიერები, რაც  ქალთა დასაქმებას უშლის ხელსმათ შორის, სამუშაო გრაფიკის და  ბაღის/სკოლის სამუშაო საათების მოუქნილობა; დამსაქმებლის დაბალი მგრძნობელობა მოწყვლადი კატეგორიის ქალების, მათ შორის, მარტოხელა დედების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ; უწყვეტი საზაფხულო განათლების, დღის ცენტრების, ბაგა-ბაღების, გახანგრძლივებული ჯგუფების, სპორტულ და ხელოვნების მრავალპროფილური წრეების ნაკლები ხელმისქაწვდომობა და ა.შ. აღნიშნული ბარიერების დაძლევა შეუძლებელია ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზების და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ეს კი მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებსა  და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და თანამშრომლობას.  დოკუმენტში წარმოდგენილია კონკრეტული  რეკომენდაციები რაც ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების დაძლევას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები