ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის“ წევრებთან ჩატარდა მორიგი შეხვედრა. მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც განხორციელდება თემაზე „დაარღვიე დუმილი - შეაჩერე ძალადობა!“
ინიციატივის ფარგლებში მოხდება მერის წარმომადგენლების და სოფლის ამბულატორიების პერსონალის ინფორმირება ძალადობის საკითხებზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებულ სერვისებზე. განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება უწყებათაშორისი კომისიის, როგორც რეაგირების მექანიზმის, მნიშვნელობა.
ეს შეხვედრები დაეხმარება კომისიას, რომ მისი მუშაობა გადავიდეს უფრო აქტიურ ფაზაში - კონკრეტული ქეისების განხილვის და მათზე რეაგირების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების კუთხით. მათთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისა და დახმარების განყოფილებას აქვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და გაძლიერების კუთხით და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების შესახებ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებს გააცნო პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურის მერიის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაზე მოხდა სამოქალაქო ინიციატივებისთვის იდეების დეტალების შეჯერება და მათზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა.
გადაწყდა, რომ ჩატარდება „პოზიტიური მშობლობის ტრენინგი“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქალთა საჭიროებების კვლევა. ინიციატივების განხორციელებაში ჩაერთვებიან მერიის სტრუქტურები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
თბილისში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.
ფორუმს ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე.
მონიტორინგის ჯგუფმა გააგრძელა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებს დაეთმო.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების პროგრამა, რაც, მათი აზრით, დიდი მხარდაჭერაა ისეთი ოჯახებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ შვილების განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რა მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლის დახმარებისა და გაძლიერების კუთხით; რა საკითხებში უნდა ვითანამშრომლოთ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებასთან, სოციალურ მუშაკებთან; როგორია საზოგადოების წევრების ვალდებულება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებში; როგორ შევქმნათ მოზარდების ირგვლივ ჯანსაღი, ჰარმონიული გარემო - ძირითადად, ამ საკითხებზე შედგა საუბარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჯვარცხმის თემში ჩატარებულ შეხვედრაზე.
შეხვედრა უშუალო, პოზიტიურ, ინტერაქტიულ გარემოში გაიმართა. მას თემში მერის წარმომადგენელი, ქალთა ფონდი „სოხუმის“, ჩოხატაურის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლები და თემის აქტიური ქალები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემაზე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩოხატაურში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის წევრები, გენდერული თანასწორობის საბჭოს, სამართალდამცავი უწყების, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში - სკოლის დირექციის, პედაგოგების და მშობლების მონაწილეობით.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობას, ძალადობის პრევენციას, მოზარდების ოჯახების ფსიქოსოციალურ მდგომარეობას.
ასევე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ წარდგენა. კვლევის რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას, სკოლებთან თანამშრომლობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)