ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების მუშაობა თანდათან აქტიურდება. ჩატარდა შეხვედრები ყველა ათივე ჯგუფში. პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი ხუთ მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, სამტრედია, ქობულეთი, თერჯოლა, ჩოხატაური) შეხვდა ჯგუფის წევრებს - შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე, ადვოკატირებასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე.
ქალებმა იციან, რომ პრობლემების ადვოკატირებისთვის მეტი უნდა ისწავლონ, ამიტომაც შეხვედრებს დაემატა ახალი კომპონენტი - ციფრული წიგნიერების კურსები. კურსები უკვე დაიწყო ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებზე ქალებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოძებნონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და დეტალურად გაეცნენ უნიკალურ პლატფორმას - sosfsokhumi.ge, სადაც განთავსებულია ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო მასალები. ეს მუშაობა ხელს უწყობს ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლებას.
ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ახლა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში გადის ფსიქორეაბილიტაციას, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს სახლში და მეტი აქტიურობით იმუშაოს ჯგუფში.
პროექტით გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების გადაცემა SOS აპლიკაციით, რაც გაუადვილებს ქალებს საკუთარი თავის და შვილების დაცვას. ივლისში ტელეფონები გადაეცათ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს. თანადგომის აქციაში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - დავით გოგბერაშვილმა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
მანდატურის სამსახურის ინიციატივით მორიგი ახალი ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მანდატურის სამსახურმა გაწეული ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა და სიახლეები გააზიარა. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი წარმომადგენელი - ნინო კორინთელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მონიტორინგის ახალი ანგარიშის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ მიგნებები და გამოწვევები, სადაც მანდატურის სამსახურის როლი იკვეთება.
ჩოხატაურში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტებთან (მერიის სამსახურები: ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება, უწყებათაშორისი კომისია, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე ბაღის და სკოლის პედაგოგები, ოჯახის ექიმები). შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელშიც ასახულია WAVE-ს ქსელის 6 პარტნიორი ორგანიზაციის გამოცდილება.
ყურადღება გამახვილდა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებაზე, რომელიც ეხება გაჭიანურებული კონფლიქტის, „არც ომის და არც მშვიდობის“ პირობებში, ძალადობრივი ქცევის გარემოს, როდესაც იზრდება ოჯახური კონფლიქტები და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა.
ფონდ „სოხუმს“ გააჩნია წარმატებული პრაქტიკა, რომლის აღიარება მოხდა საერთაშორისო დონეზე: საზოგადოების ინფორმირება ძალადობის საკითხებზე და გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის (GREWS) დანერგვა, შემთხვევების იდენტიფიცირება და სერვისების მოწოდება, ქალებისა და გოგონების გაძლიერება და ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების კოორდინირებული ქმედების ხელშეწყობა, არსებული მხარდაჭერა/დახმარების სერვისების შესახებ ძალადობის ციფრული რესურცენტრის პლატფორმის ამოქმედება, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება მუნიციპალურ დონეზე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა თავისი კვალი დაატყო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. მათი აზრით, სამთავრობო ორგანოები, საჯარო დაწესებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან ომის დროს და ომის შემდეგ ქალებისა და გოგონების დაცვაზე პასუხისმგებელი ძირითადი აქტორები.
მოხდა აზრთა გაცვლა ყველაზე მწვავე გამოწვევებზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციის და ეფექტიანი რეაგირების კუთხით.
გზამკვლევზე დეტალური ინფორმაციისთვის მონაწილეებს მიეწოდა ბმული https://wave-network.org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლითაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი ესწრებოდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
მონიტორინგის ინსტრუმენტი დაფუძნებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციაზე და მისი მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს პრევენციის მექანიზმის გავლენა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გამოავლინოს კონკრეტული მიღწევები და გამოწვევები. დოკუმენტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები - ლინდა ჩიხლაძე და ნინო კორინთელი.
ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ივნისში მუშაობა სამი მიმართულებით წარმართა:
- ხვდებოდა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის 5 ბენეფიციარს, რომლებიც პოლიმერულ თიხაზე მუშაობას სწავლობენ. მათთან ჩაატარა გარკვეული სამუშაო ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლების, პრიორიტეტების გადაფასების და თვითშეფასების ამაღლებისთვის.
- ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ ქალებთან. მათთან მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ტრავმებზე, წყენაზე სხვადასხვა მეთოდებით: არტთერაპიის, კოგნიტურ-საკორექციო ფსიქოლოგიის ელემენტებით, ფსიქოლოგიური სავარჯიშოებით და ასოციაციური ბარათებით.
- ჩაატარა 12 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია ონლაინ და 15 სესია ქუთაისში მცხოვრებ ქალებთან. სამი ახალი იყო, დანარჩენებთან კი გრძელდებოდა ადრე დაწყებული მუშაობა.
35 წლის ხათუნა 6 თვეზე მეტხანს გადიოდა ფსიქორეაბილიტაციას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე არ უნდოდა, ქალიშვილიც კი აღიზიანებდა, არაფერი ახარებდა.არც სჯეროდა, რომ რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდებოდა ფსიქოლოგის სეანსების შემდეგ. მაგრამ სხვადასხვა მეთოდით მუშაობამ შედეგი გამოიღო: ნელ-ნელა წავიდა შიში, გაღიზიანება, გაჩნდა ახალი პრიორიტეტები, ახალი მიზნები და მათი მიღწევის სურვილი. ის მადლობა უხდის ფსიქოლოგს ადამიანურობისა და პროფესიონალიზმისთვის, მოთმინებისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჯგუფებს ახალი წევრები დაემატა და დაკომპლექტდა ქალებით, რომლებიც აქტიური მუშაობისთვის არიან მზად. ისინი გაეცნენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს სოციალური თუ ჯანდაცვის კუთხით. შეხვედრებზე ისაუბრეს იმ სერვისებზე, რაც არსებობს და რაც თვითონაც გამოუყენებიათ. ყველა ჯგუფში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.
უკვე არის პირველი შედეგები: ერთ ქალს მედიკამენტებით დაეხმარნენ, მეორეს - საბინაო პრობლემის მოგვარებაში.
ყოველი შედეგი სტიმულია შემდეგი წარმატებისთვის.
ვანში და სენაკში შექმნილ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებს შეხვდა პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი. ხოლო ჩოხატაურის, თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები ჯგუფების ლიდერებმა, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ინფორმაციებმა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ ქალთა უფლებებზე ავრცელებს, ყველა სოფელში ჩააღწიოს, რადგან ქალებს პერიფერიებში ყველაზე მეტად სჭირდებათ ასეთ საკითხებზე ინფორმაციები.“
„ქალთა გაძლიერება ინფორმირებით უნდა დაიწყოს, როცა მე ვიცი ინფორმაცია, უკეთესად შემიძლია საკუთარი უფლებების დაცვა.“
„რაც უფრო მეტი ძლიერი ქალი გვეყოლება, მით უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტები და ოჯახური ძალადობის ფაქტები.“
- ეს მოსაზრებები ქალებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე დაფიქსირდა. მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საჭირო ინფორმაციებით მათი აღჭურვაა.
შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის ინიციატივა აიტაცა ვანის მუნიციპალიტეტმაც, სადაც ძალადობის საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე უხელმძღვანელებს. კომისია 13 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში შედიან მერიის შესაბამისი სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საბავშვო ბაღების გაერთიანების, შსს, არასამთავრობო სექტორის და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.
კომისია ითანამშრომლებს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც პრობლემის კუთხით აქტიურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)