სამობილიზაციო შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებში და სოფლებში

 
მიუხედავად აგვისტოს ცხელი დღეებისა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩვეული რეჟიმით აგრძელებენ მუშაობას. ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში.
შეხვედრებზე განხილული იყო ახალგაზრდების პრობლემები. ძირითად პრობლემებად დასახელდა უმუშევრობა, ახალგაზრდების მიგრაცია, რეგიონებში ახალგაზრდული ღონისძიებების სიმცირე და აგრეთვე  - გახშირებული სუიციდი.
აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ და ახალგაზრდულ სამსახურებში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეიქმნა „შშმპ ქალთა კავშირი - იმერეთი 2015“

 
29 ივლისს ბოლო აქტივობა გაიმართა პროექტით, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად პროექტის ასისტენტი დაესწრო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 სხდომას. კენჭის საყრელად გატანილი  იყო 12 საკითხი.
ბენეფიციარები კმაყოფილები არიან განხორციელებული მუშაობით. მათ გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად განაგრძონ საკრებულოს სხდომებზე დასწრება და უფრო მეტად ჩაერთონ ქალაქის ცხოვრებაში.
სამთვიანი პროექტის შედეგად შეიქმნა ააიპ „შშმპ ქალთა კავშირი - იმერეთი 2015“, რომელსაც ხელმძღვანელობს პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ნატო კუპატაძე.

შემაჯამებელი შეხვედრაც, ექსკურსიაც...

   
დასასრულს მიუახლოვდა პროექტი, რომელიც 1 მაისიდან დაიწყო ფონდმა „სოხუმმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით.
24 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. მოეწყო გასვლითი ღონისძიება დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ეს იყო საინფორმაციო შეხვედრაც, გაკეთებული სამუშაოს  შეჯამებაც და ექსკურსიაც... 
ბენეფიციარებმა კმაყოფილება გამოთქვეს:
ლიანა კუხიანიძე: - ბევრი რამ გავიგე. მომეწონა თქვენი მუშაობა, ყურადღება... დღევანდელი დღე დიდხანს მემახსოვრება...
რობერტ წერეთელი: - კმაყოფილი ვარ ჩატარებული ტრენინგით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის შესახებ გავიგე ინფორმაცია. დავესწარი საკრებულოს სხდომებს, გავიგე ის, რომ ყველა მსურველს შეუძლია იქ დასწრება.
ნატო კუპატაძე: - განსაკუთრებული იყო იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი მთავრდება... 
 

ფორუმ-პრეზენტაცია სენაკში

   
 
დასრულდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ექვსთვიანი პროექტი „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“, რომელიც დააფინანსა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ფონდმა „სოხუმმა“.
28 ივლისს გაიმართა  პროექტის  ფორუმ-პრეზენტაცია, ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, პროექტის ბენეფიციარები.
პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ადგილობრივ ქალბატონთა ნამუშევრები და პროექტის ფოტომასალა.
ფორუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და მის მიერ წარმოჩენილი საკითხების აქტუალობას. პროექტის ბენეფიციარებმა გამოთქვეს იმედი, რომ მონაწილეობას მიიღებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხვა პროექტებში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

    
 
მორიგ სხდომაზე ბათუმის გენდერული საკონსულტაციოს საბჭოს წევრებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც, მათი აზრით, თვითმმართველობისთვის წარსადგენ წინადადებათა და რეკომენდაციათა პაკეტში უნდა აისახოს. დაითქვა ვადები - როდის უნდა მოხდეს დოკუმენტის წარდგენა, რათა დაემთხვას  წინასაბიუჯეტო პროცესს.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე, რომელთაგან ორი აქტიურ ფაზაშია. განხილული იყო ახალი საპროექტო იდეებიც. საბჭო უახლოეს პერიოდში აპირებს კიდევ ერთი პროექტის წარდგენას მერიის საკონკურსო პროგრამაში.
იმსჯელეს მოქალაქეთა სათხოვარზე, რომლებიც სხვადასხვა პრობლემით ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის საბჭოს.
საბჭოს წევრების ინიციატივით, დაიგეგმა ტრენინგი, რომლის მიზანია  თვითმმართველობის პერსონალის გენდერული განათლება. 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები