შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ამ დღეს მიუძღვნეს სამობილიზაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა - ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების პრობლემებზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე.
წელს ახალგაზრდული დეპარტამენტების მიერ ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებისთვის.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტი „გენდერული ცნობიერების ფორმირება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“ მორიგ ეტაპზეა. პროექტის მიზანია არაძალადობრივი, გენდერულად მგრძნობიარე თაობის აღზრდის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში თოჯინების ჩრდილების თეატრის მიერ მომზადდა სპექტაკლი. სცენარად გამოყენებულია ნაწარმოები „გოგონა ზურმუხტის ქვეყნიდან“. სპექტაკლი სიყვარულს, მეგობრობას, თანასწორობას, პატრიოტიზმს ქადაგებს. მთავარი პერსონაჟი გოგონა - პირიმზე ცდილობს, დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთის თანასწორია, სადაც ადამიანები ერთმანეთის შესაძლებლობებს პატივს სცემენ.
სპექტაკლი ამსხვრევს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს თანასწორობასთან მიმართებაში. პირველ ჩვენებას დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები.
პროექტიდან გამომდინარე, სპექტაკლის ჩვენებები დაგეგმილია ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.

სხდომაზე მოხდა იმ პროცესების განხილვა, რომლებიც იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის ბაზაზე საბჭოების შექმნისათვის.
უკვე დაწყებულია მუშაობა ამ კუთხით. საკითხი გავა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რის შემდგომაც მომდევნო წლის ბიუჯეტისათვის განხილული იქნება გენდერული მრჩევლის შტატის დანერგვა. ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან.
გადაწყდა, რომ საბჭო ყველა კომისიას გააცნობს მის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს, რისთვისაც დაინიშნა სპეციალური შეხვედრები.

ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში აქტიური, ლიდერული თვისებების მქონე შვიდი ქალი მოხვდა. მათ შორის ერთი ორგანიზატორია, რომელიც ჯგუფის მუშაობას უხელმძღვანელებს.
ჯგუფის წევრები არიან ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. გავლილი აქვთ ასევე ვორკშოპები ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე.
ჯგუფის წევრებს პრობლემების ადვოკატირების გამოცდილება გააჩნიათ, დიდი სურვილი აქვთ, მომავალში უფრო მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით, დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვებსაც თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში.

დადგა პროექტის „ქალები იმპლემენტაციას უწევენ ინკლუზიურ მიდგომებს ადამიანური უსაფრთხოების სფეროში მდგრადი მშვიდობის დამყარებისათვის“ მომდევნო ეტაპი. უსაფრთხოების თემაზე ვორკშოპების ჩატარების შემდეგ წყალტუბოში, ქუთაისში, ხონში ქალთა საინიციატივო ჯგუფები იქმნება.
წყალტუბოში საინიციატივო ჯგუფი 6 ქალისაგან შედგება. თითოეული მათგანი საგანგებოდ შედგენილი ანკეტებით შეირჩა. ერთ-ერთ პუნქტში, რატომ გსურთ გახდეთ საინიციატივო ჯგუფის წევრი, აქტივისტები წერენ, რომ მათ ირგვლივ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე, ამიტომ სურთ აქტიურად ჩაერთონ პრობლემების ადვოკატირების პროცესში.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რის შემდეგაც პრობლემათა ადვოკატირების პროცესებში ჩაერთვებიან.

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აგრძელებენ საინფორმაციო-სამობილიზაციო მუშაობას ბენეფიციარებთან.
ივლისის თვეში სამობილიზაციო შეხვედრების თემა იყო - დამცავი და შემაკავებელი ორდერები, როგორც მსხვერპლის დაცვის მექანიზმი.
შეხვედრები, ძირითადად, ჩატარდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან. იყო დისკუსიებიც, შეკითხვებიც, რომლებზეც მობილიზატორებმა პასუხები გასცეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს საქმიანობას და ხელს შეუწყობს საზოგადეობრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას - აღინიშნა დასკვნით კონფერენციაზე, რომელმაც შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები. კონფერენცია გაიმართა 25 ივლისს, სასტუმრო „ოსკარში“. ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები - საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (აბაშა, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი) ხელმძღვანელები, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
გამომსვლელებმა შეაჯამეს საბჭოს სამწლიანი გამოცდილება, შეკრებილებს გაუზიარეს ინფორმაცია განხორციელებულ პროექტებზე, ერთობლივ ინიციატივებზე, ადგილობრივი საჭიროებების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, ამომრჩეველ ქალთა კლუბთან და ადგილობრივ მასმედიასთან თანამშრომლობაზე.
კონფერენციაზე მოწვეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და ხაზი გაუსვეს მის გაგრძელების და მხარდაჭერის აუცილებლობას. მათი თქმით, ასეთი თვალსაჩინო გამოცდილება დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი გენდერული საბჭოები საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული შესწორებების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს გენდერული საბჭოების შექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან.

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამართა საინფორმაციო ფორუმი დევნილებისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „სოხუმმა“.
იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებული სერვისები (დასაქმება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, არაფორმალური განათლება, სტაჟირება...) შესთავაზეს

გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან სამწლიანი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იყო - ასეთი შეფასება გაკეთდა ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კონფერენციაზე, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა ოზურგეთში საბჭოს მუშაობის შედეგების შეფასების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ოზურგეთის, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები, გურიის (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის) და აჭარის (შუახევის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც შევიდა კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ და მოიაზრებს მუნიციპალიტეტებში გენდერული საბჭოების შექმნას. ეს პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი საპილოტე საბჭოების მუშაობა და შედეგები კი სამაგალითო უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.
ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო 8 პროექტს ითვლის. შეხვედრაზე გაანალიზდა პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგები.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხაზგასმულ იქნა საბჭოს მიერ ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება, როგორც საყრდენი დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გეგმა.

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. კონფერენციას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა იმ ძირითად შედეგებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებიც სამწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვდა. აღინიშნა, რომ საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შექმნაში - შედეგად 2016 წლის ბიუჯეტში აისახა გენდერული საკითხები.
შედეგებში მოხვდა გენდერული საკითხების აქტუალობა ადგილობრივ მედიაში, გენდერული ბიუჯეტირების მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა, საკონონმდებლო ცვლილებები, რაც მუნიციპალურ დონეზე გენდერული საბჭოების შექმნას გულისხმობს.
როგორც კონფერენციაზე ითქვა, საბჭოს გამოცდილება, მიღებული შედეგები კარგ საფუძველს შეუქმნის ქუთაისის მომავალ საბჭოს გენდერული მიმართულებით ეფექტური მუშაობისთვის.
