შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კოპიტნარის N8 საბავშვო ბაღში ამ დღეს ნამდვილი დღესასწაული იყო: მთლიანად შეიცვალა ინვენტარი - მაგიდები, სკამები, კარადები, შეივსო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით.
აქცია ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში.
პროექტის თანახმად, ინვენტარი გადაეცა 3 საბავშვო ბაღს (წყალტუბოს N1, N2 და კოპიტნარის N8 საბავშვო ბაღები). ამ სკოლამდელი დაწესებულებების შერჩევა დევნილი ბავშვების რაოდენობის პრინციპით მოხდა. კოპიტნარის საბავშვო ბაღი 65 აღსაზრდელზეა გათვლილი, მათი უმეტესობა დევნილთა ოჯახიდანაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები.

6 აპრილს ფონდი „სოხუმი“ წყალტყუბოში იმყოფებოდა. №2 ბაღს გადაეცა: ტანსაცმლის კარადა - 3 ერთეული, 2 თარო წიგნებისათვის, პედაგოგების სკამები - 12 ცალი, საბავშვო სკამები - 100 ცალი, საბავშვო მაგიდები - 20 ცალი და სასწავლო-სააღმზრდელო წიგნები.
ინვენტარის გადაცემა მოხდა პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში (ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის პროექტი „ახალგაზრდული ჩართულობა და სოციალური ანგარიშვალდებულება“, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით).
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, აიპი წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია, ბაღის მენეჯერი და პედაგოგები.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბაღების გაერთიანების თანამშრომლება აღნიშნეს, რომ პროექტი პირდაპირაა მიმართული ბავშვების სააღმზრდელო გარემოს გაუმჯობესებისაკენ, მომავალზე ზრუნვა კი მეტად მნიშვნელოვანია.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

პროექტის „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ წყალტუბოს №1 ბაღს გადასცა ინვენტარი: ტანსაცმლის კარადა - 7 ერთეული, 2 კარადა სათამაშოებისათვის, 3 მაგიდა პედაგოგებისათვის, წიგნების თარო - 2 ცალი, პედაგოგების სკამები - 12 ცალი და სასწავლო-სააღმზრდელო წიგნები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აიპი წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაცია, ბაღის მენეჯერი და პედაგოგები.
პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალტუბოს №2 ბაღის - №1 და კოპიტნარის ბაღის აღჭურვა ინვენტარით აპრილის დასაწყისში.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა და მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა განსხვავებული ფორმატით შედგა. მეტი მედიარეზონანსისთვის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრეს-სამსახურის სპეციალისტებმა.
საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ წარმოადგინა ანგარიში მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე. ხაზგასმულ იქნა, რომ ამ შეხვედრებში ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალია, შესაბამისად - გენდერული საჭიროებების წამოწევაც არ ხდება. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია მსგავს შეხვედრებზე გენდერული ბალანსის დაცვა, რაც ხელს შეუწყობს გენდერული პროექტების განხორციელებას.
საბჭოს იურისტმა სხდომაზე წარმოადგინა ჩატარებული საქმიანობის ანგარიში. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც რთულად მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ამ საკითხებზე რეაგირებისთვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ჟურნალისტები.

საინფორმაციო შეხვედრას ოზურგეთის №1 საბავშვო ბაღში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ირინა საჯაია.
ბაღის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი არიან კარგი პირობებით, აქვთ სათამაშოები, თბილი და მზრუნველი გარემო, გულისტკივილი გამოთქვეს თავიანთი დაბალი ანაზღაურების გამო და ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ დიდი ინტერესით დაესწრებოდნენ ტრენინგებს გენდერულ თუ სხვა მათთვის საინტერესო თემაზე.
აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე, რომელიც ჩანიშნულია აპრილში. ხოლო შეხვედრაზე დასმული საკითხი იმავე დღეს განხილული იყო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. დაფიქსირდა, რომ უახლოეს თვეებში შეიმუშაონ სატრენინგო პროგრამა საბავშვო ბაღებისთვის.
ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევა დასავლეთ საქართველოში“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საზოგადოების ფართო სპექტრი, ასევე შვედეთის ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაში. შეხვედრის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ კვლევის შედეგებს, რომელიც ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელთაც კიდევ ერთხელ გამოკვეთეს რისკის ფაქტორრბი, რომლებიც საერთოა ქართველი და აფხაზი ქალებისათვის. ასევე - განსხვავებული ხარისხი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ოჯახში ძალადობისაგან დაცვის და სხვა საკითხებში.
მონაწილეთა მიერ გაკეთდა შეფასებები, რომ აშკარაა კვალიფიკაცია და შრომა, რომელიც გასწია ფონდმა „სოხუმმა“ კვლევაზე მუშაობისას. მათ გამოკვეთეს საკითხები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ქალთა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. ქალებმა კიდევ ერთხელ განაზოგადეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, მოახდინეს ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება, გამოყვეს პრიორიტეტული პრობლემების ნაწილი და შემოგვთავაზეს მათი მოგვარების საკუთარი ხედვა.
ქალთა რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხები და წყალტუბოს სამშობიარო სახლის საჭიროების სერიოზული არგუმენტაცია; ინკლუზიური ბავშვების დედების საჭიროებები; ქალთა ინფორმირების საკითხი, როგორც მათი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აქტივობის ხელისშემწყობი ფაქტორი - შეხვედრაზე დაისახა ადვოკატირების სამომავლო სტრატეგია. ამ სტრატეგიის ნაწილია თანამშრომლობის პერსპექტივა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოსთან, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის ქალთა ფონდ Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული მუშაობის მიმართ.

საინფორმაციო შეხვედრას სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს წევრები ალექსი დემურია და დინა გიორგაძე.
შეხვედრაზე ქალბატონებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის და საკრებულოს სოციალური პროგრამების შესახებ.
განხილულ იქნა საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემებიც. აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე პრობლემების ადვოკატირებისა და მოგვარებისათვის.

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 24-ე სხდომა დაიწყო ახალგაზრდული საკრებულოს წევრების საინტერესო ინიციატივების წარდგენით. საბჭომ განიხილა ახალგაზრდული პროექტის შემუშავებისა და თანადაფინანსების საკითხი, რაც აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები მცირე გრანტების მეშვეობით. თავის მხრიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაერთონ გენდერული საბჭოს პროექტებში.
ამას გარდა, სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ახალგაზრდებისა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალური პრობლემების ადვოკატირების პროცესში. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერენ მათ პროექტს.

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სხდომაზე განსახილველად იმ პროექტის სამუშაო ვარიანტი გაიტანა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მომავალი პროექტის აქტივობებთან პირდაპირ კავშირში არიან: ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ლექტორები.
მუშაობისას დაფიქსირდა სხვადასხვა პოზიცია, რომელიც პროექტის ეტაპებს, სამიზნე ჯგუფებს და თემატიკას უკავშირდება. სხვადასხვა მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი 6 კაცის შემადგენლობით, რომლებიც პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ.
შეხვედრის მეორე ნაწილში საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს იდეები ახალი პროექტის შესაქმნელად.


