შეხვედრები (654)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ქალთა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. ქალებმა კიდევ ერთხელ განაზოგადეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, მოახდინეს ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება, გამოყვეს პრიორიტეტული პრობლემების ნაწილი და შემოგვთავაზეს მათი მოგვარების საკუთარი ხედვა.
ქალთა რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხები და წყალტუბოს სამშობიარო სახლის საჭიროების სერიოზული არგუმენტაცია; ინკლუზიური ბავშვების დედების საჭიროებები; ქალთა ინფორმირების საკითხი, როგორც მათი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აქტივობის ხელისშემწყობი ფაქტორი - შეხვედრაზე დაისახა ადვოკატირების სამომავლო სტრატეგია. ამ სტრატეგიის ნაწილია თანამშრომლობის პერსპექტივა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოსთან, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის ქალთა ფონდ Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული მუშაობის მიმართ.

საინფორმაციო შეხვედრას სენაკის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ესწრებოდნენ საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს წევრები ალექსი დემურია და დინა გიორგაძე.
შეხვედრაზე ქალბატონებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის და საკრებულოს სოციალური პროგრამების შესახებ.
განხილულ იქნა საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემებიც. აქტიური ქალბატონები მოწვეულ იქნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე პრობლემების ადვოკატირებისა და მოგვარებისათვის.

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 24-ე სხდომა დაიწყო ახალგაზრდული საკრებულოს წევრების საინტერესო ინიციატივების წარდგენით. საბჭომ განიხილა ახალგაზრდული პროექტის შემუშავებისა და თანადაფინანსების საკითხი, რაც აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები მცირე გრანტების მეშვეობით. თავის მხრიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაერთონ გენდერული საბჭოს პროექტებში.
ამას გარდა, სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ახალგაზრდებისა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალური პრობლემების ადვოკატირების პროცესში. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერენ მათ პროექტს.

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სხდომაზე განსახილველად იმ პროექტის სამუშაო ვარიანტი გაიტანა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მომავალი პროექტის აქტივობებთან პირდაპირ კავშირში არიან: ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ლექტორები.
მუშაობისას დაფიქსირდა სხვადასხვა პოზიცია, რომელიც პროექტის ეტაპებს, სამიზნე ჯგუფებს და თემატიკას უკავშირდება. სხვადასხვა მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი 6 კაცის შემადგენლობით, რომლებიც პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ.
შეხვედრის მეორე ნაწილში საბჭოს წევრებმა შეიმუშავეს იდეები ახალი პროექტის შესაქმნელად.

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა იმერეთის რეგიონის გენდერული ქსელის შეხვედრა თემაზე „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სტუმრები რეგიონებიდან.
განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა გენდერული თვალსაზრისით. გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხებზე: ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმები, მათი მონაწილეობის ხელშემწყობი პირობები საპარლამენტო არჩევნებში, კვოტირება.
შეხვედრა აქტიურად და საინტერესოდ ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება.

მარტის თვეში ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა 5 ქალაქში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ფოთი, სენაკი) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩასა და კოკში.
შეხვედრების თემა იყო ქალთა სოლიდარობის კვირეული. შეხვედრების დროს დაფიქსირდა ქალთა პრობლემები, მათ შორის - ქალთა სიმცირე პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ფემიციდის გახშირებული შემთხვევების შესახებაც.
აღინიშნა, რომ ქალის მიმართ პატივისცემა მთელი წელი უნდა გამოიხატოს - მათი უფლებების პატივისცემით, პოლიტიკური გაძლიერებით და გააქტიურებით.

ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო პროექტი „გაუმჯობესებული პირობები დევნილთა თემისათვის“. პროექტის არეალია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა -პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღის (#1, #2 და კოპიტნარის) აღჭურვა ინვენტარით
- არაფორმალური განათლება დევნილთა თემისათვის
- დევნილთა რესურს-ცენტრის ჩამოყალიბება
- დევნილთა პრობლემების წამოწევა ადგილობრივ თვითმმართველობაში
მონაწილეები - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პროექტით და გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია.
დისკუსიისას მონაწილეებმა სხვადასხვა პოზიციიდან ისაუბრეს ადამიანურ საფრთხეებზე და გამოსავალზეც იფიქრეს. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა საფრთხეებს სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, აგრეთვე - ჯანმრთელობის სფეროს, ქალთა უფლებებს, სასურსათო უსაფრთხოებას.
შეხვედრის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ საკითხის აქტუალურობა ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს. მსჯელობა და რეკომენდაციების შემუშავება საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა გაგრძელდეს, სახელისუფლებო რგოლები კი მეტი აქტიურობით ჩაერთონ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაში.

ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში ჩაატარა. შეკრებილებმა გაიგეს სიახლეებზე ქალაქის სოციალურ პროგრამებში, რაც ყოველი მათგანისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. ისაუბრეს თავიანთი პრობლემების მოგვარების შესახებ.
ასისტენტი ასევე დაესწრო ებრაელ ქალთა კლუბის შეხვედრას. ამ კლუბის მთავარი მიზანია ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციების გაზიარება, თანადგომა. ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა გააცნო ქალბატონებს ფონდის მუშაობის შესახებ და ზოგიერთი მათგანი მოიწვია ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე, რათა თვითონაც ჩაერთონ მუშაობაში და პრობლემების ადვოკატირებაში.

ადამიანური საფრთხეები განსხვავებულად აღიქმება სოფელ ხურჩაში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის საზღვრისპირა ზონაში. ეს მოსაზრება კიდევ უფრო განმტკიცდა მრგვალ მაგიდასთან, რომელსაც ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები კოკიდან, ხურჩიდან (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრა დაიწყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციით, რომელიც სპეციალურ პუბლიკაციაში გაერთიანდა.
შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. ქალებმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მათი აზრით, ადამიანური საფრთხეები კონფლიქტის ზონის სოფლებში უფრო გამძაფრებულია და საზოგადოების ყველა რგოლი უნდა იყოს მობილიზებული, რათა უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდეს.
