მარინე 28 წლისაა. დეპრესიაში იყო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ: „ყველაფერი გაჩერდა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ჩემთან ერთად ტიროდა დედაჩემიც. ერთხელ ასე თვალცრემლიანებს დედის მეგობარი შემოგვესწრო და მირჩია, დახმარებისთვის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან მივსულიყავი. თითქმის რვა თვე ვსწავლობდი, ახლებურად შემეხედა ჩემი თავისთვის. ნელ-ნელა მიჩნდებოდა იმედი. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება არა მარტო ჩემი ღიმილისთვის, არამედ იმ სხივისთვის, ჩემი დედის თვალებში რომ არის ახლა“...

მარინე ერთ-ერთია ფსიქოლოგის მადლიერ ბენეფიციართაგან. ასეთი უამრავია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

სექტემბერში ფსიქოლოგის შეხვედრები გაიმართა ვანის, ჩოხატაურის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, აგრეთვე ქობულეთში – ოღონდ ონლაინ. ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 23-მა ბენეფიციარმა.

19 სექტემბრიდან თვის ბოლომდე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაო ტარდებოდა ძალადობის მსხვერპლ სამ ქალთან. ისინი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ - სულ 6 ბენეფიციარი. ყოველდღიურ აქტიურ მუშაობაში ჩართულები იყვნენ პედაგოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა (ის 26 წლისაა) აღნიშნა, რომ იგრძნო დიდი მხარდაჭერა. უკვე იცის, რომ მარტო არ არის. აქ გატარებულმა დღეებმა გააძლიერა სამივე ქალი და ისიც გააცნობიერეს, რომ მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ სისუსტეებზე. მიიღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია, პოზიტივი, სასარგებლო რჩევები და გადაწყვიტეს, ახალი ძალებით გადაფურცლონ თავიანთი ცხოვრების ახალი გვერდი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონაწილეთა შეფასებით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა  ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა (თემა - „ბავშვთა უფლებების დაცვა ტყიბულის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივი თანამშრომლობა სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით“), რომელიც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით და ტყიბულის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის განახლებულ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მონაწილეებს გააცნეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობა და არსებული გამოწვევები.

საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს მუნიციპალიტეტის მესვეურებმა, მუნიციპალური სერვისების მიმწოდებლებმა, მოქალაქეებმა. გამოიკვეთა მთავარი გამოწვევა - რესურსების სიმცირე სერვისების გასამართად; უფრო მოქნილი საკანონმდებლო რეგულაციების საჭიროება.

მაღალი შეფასება მიეცა მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან და რესურსების გამთლიანებას ბენეფიციარების დასახმარებლად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის მერიაში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას კომისიის წევრების გარდა ესწრებოდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, პოლიციის თანამშრომლები, პედაგოგები, საკრებულოს კომისიის და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წევრები.

შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ქეისები, ამ ქეისებთან მუშაობა და შემდგომი რეაგირება. იმსჯელეს ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეებმა   ფემიციდის საკითხები განიხილეს. ძალადობის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმების ჩვენებამ დისკუსიისთვის კარგი სივრცე შექმნა.

- როგორ გავარღვიოთ ძალადობის წრე, სად რომელ რგოლშია გასაძლიერებელი რეაგირების მექანიზმები - დისკუსიები ამ საკითხებზე გაგრძელდა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალი არ არის დაცული, ქალი დღემდე მავნე სტერეოტიპების მსხვერპლია. განსაკუთრებული აქცენტით ისაუბრეს ბაღების, სკოლის როლის გაძლიერებაზე.

სტერეოტიპების მსხვრევას თუ ხელი არ შევუწყვეთ, თუ ცნობიერება არ შეიცვალა,  სურათი არ შეიცვლება, - ითქვა შეხვედრებზე.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები გააგრძელებენ საინფორმაციო კამპანიას, რათა მოქალაქეები, ქალები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი და საჭიროების დროს შეძლონ სწორი რეაგირება.

შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ქობულეთის, ბაღდათის, ტყიბულის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოყენება. სწორედ განახლებადი ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც გაიმართა ხონში, ვანში, თერჯოლაში, სენაკში, წყალტუბოსა და ტყიბულში.

მონაწილეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია მზის ბატარეა და რამდენად მომგებიანია მისი გამოყენება. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ: რამდენლიტრიანია ავზი? რა ღირს? დამოკიდებულია თუ არა ავზის ლიტრიანობაზე? კორპუსში ინდივიდუალურად თუ შეიძლება დამონტაჟება? ბუნებრივი მოვლენებისგან ზიანდება თუ არა?

საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებმა ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრები

თერჯოლასა და ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ფემიციდის ფაქტების  გახშირების ფონზე ასეთ შეხვედრებს და სწორი ინფორმაციის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს https://sosfsokhumi.ge/.

მათი თქმით, აღნიშნული საიტი უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში, რაც დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრა ახალსოფელში

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი და ამავე განყოფილების სოციალური მუშაკი.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ განყოფილების სტრუქტურას, მიიღეს ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მათი აზრით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების ინფორმირებულობას, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, კრიზისული ოჯახების მხარდაჭერას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა ზედა ვანის (ვანის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები,  მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები და გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.

მონაწილეები გაეცნენ განყოფილების სტრუქტურას, აგრეთვე იმ მიგნებებს, რომლებიც ამ განყოფილების მუშაობის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთ სიღრმისეულ ინფორმაციას არ ფლობდნენ და უკვე იციან, რა დროს უნდა მიმართონ მათ. აქცენტი გაკეთდა სკოლებისა და განყოფილების თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც გააუმჯობესებს მოწყვლადი მოზარდების მდგომარეობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები