ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ჩაატარა წალენჯიხის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 24-მა ბენეფიციარმა. გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ორი მსხვერპლი, რომლებთანაც გრძელდება ფსიქოთერაპიული სესიები.
ასევე ტარდება ინდივიდუალური ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები რეგიონებში მცხოვრებ 12 ადამიანთან. ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს კი აქვთ შესაძლებლობა, ფონდი „სოხუმის“ ოფისში მიიღონ კონსულტაციები - ამ შესაძლებლობით ისარგებლა 21-მა ბენეფიციარმა (მათგან 3 ახალია) და ორმა ოჯახურმა წყვილმა.
ერთ-ერთმა 43 წლის ბენეფიციარმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება უფრო აეწყო: „მადლობელი ვარ თქვენი, უკეთესი განწყობა მაქვს და სულიერი წონასწორობა. თქვენთან ურთიერთობისას იყო პოზიტიური და ნდობით სავსე ატმოსფერო. ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და სურვილს, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჭრა-კერვის ახალი კურსი დაიწყო ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ქალებმა კარგად შეისწავლონ ეს პროფესია. კურსის მასწავლებელი ამიდა ახალაია სიამოვნებით გადასცემს თავის ცოდნას და გამოცდილებას ახალი კურსის სამ მონაწილეს, რომლებიც ინტერესით და მონდომებით ეუფლებიან ახალ საქმეს.
როგორც ფახულანელები ამბობენ, ეს მხარდაჭერა ახალ შესაძლებლობებს უხსნის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ნაყოფიერი იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართული შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტებში.
სამოქალაქო ატივისტებმა, თვითმმართველობების და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებმა მსხვერპლთა დახმარების ეფექტიან მექანიზმებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარ პასუხისმგებლობაზე გააკეთეს აქცენტი და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ დახმარების ერთიანი ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, მხოლოდ მაშინ ექნება რეაგირებას ეფექტი.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ კოორდინაციის გაძლიერების კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კომპლექსური ყოველდღიური ფსიქორეაბილიტაციური მუშაობა წარიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარებილიტაციო ცენტრში. აქ ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა 8 ბენეფიციარი – ქალები და ბავშვები. ქალებთან აქტიურად მუშაობდნენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ბავშვებთან კი პედაგოგი ატარებდა დღის დიდ ნაწილს.
მოკლედ ერთ-ერთი ქალის შესახებ:
ლ., 35 წლის - ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სარეაბილიტაციო ცენტრში ქალთა მხარდაჭერის ერთ-ერთი ცენტრის მობილიზატორის რეკომენდაციით მოხვდა.
„ცუდი განწყობით მოვედი აქ, მძიმე ემოციებით, უიმედობით და დაძაბულობით. 10 წელი ველოდი, რომ ქმარი სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ყველაფერი, მერე შემეშინდა ჩემი და შვილების სიცოცხლის გამო - და პოლიციაც გამოვიძახე. ახლა მარტო ვარ ბავშვებთან. სარებილიტაციო ცენტრში ყოფნისას კმაყოფილებას ვგრძნობდი, სიმშვიდეს, პოზიტიურ განწყობას. მივდივარ ბედნიერი, იმედებით და მიზნებით სავსე. მადლობა, ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცით“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის ინიციატივას პირველმა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა მხარი - ძალადობის საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით მერიაში შეიქმნა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია.
კომისიას მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე უხელმძღვანელებს. კომისია ითანამშრომლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან; პერიოდულად მიაწვდის მათ ინფორმაციას და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; კოორდინაციას გაუწევს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის კომისიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გრძელდება შეხვედრების ციკლი „ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“ პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მორიგი შეხვედრა ჩოხატაურში ჩაატარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის სამსახურების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
შედგა დიალოგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში თვითმმართველობების როლის გაზრდაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევებზე: მოძალადის ქცევის ნაადრევ სტადიაზე კორექციის პროგრამების საჭიროება; ქალთა გაძლიერება - ბავშვთა მოვლის სერვისები. წარმოდგენილი იყო ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“ http://sosfsokhumi.ge/ პრეზენტაცია.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოჯახებში ძალადობრივ კონფლიქტებზე, მომავალი თაობების აღზრდაზე და საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქტიურ სტადიაშია ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რაც ქალთა ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობის წარმატებული შედეგია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“ - ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სამტრედიაში (ორგანიზატორები: ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფი და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი). შეხვედრას დაესწრნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის სამსახურების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს თვითმმართველობის როლის გაზრდაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია კვლევებზე, რომლების 10 მუნიციპალიტეტში ჩაატარა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ძალადობის საკითხებზე, გაეცნენ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - http://sosfsokhumi.ge/.
შეხვედრის შემდეგ შეკრებილებს გაუჩნდათ მოტივაცია, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„რომ არა ასეთი შეხვედრები, თვითმმართველობის პროგრამებზე ინფორმაცია არ მექნებოდა, თურმე რამდენი რამ გაუთვალისწინებიათ და, დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ისე ბევრს არ აქვს ამაზე ინფორმაცია.“
„არა მარტო ინფორმაცია მივიღე, მცირე სწავლებაც გავიარე, როგორ გამოვიყენო ონლაინ სივრცე საინტერესო ინფორმაციის მისაღებად.“
ეს შეხვედრების მონაწილეთა უკუკავშირია. შეხვედრები გაიმართა თერჯოლის, სამტრედიის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ბენეფიციარებთან. ისინი გაეცნენ, სწორად როგორ გამოიყენონ ინტერნეტ სივრცე, როგორ იპოვონ საჭირო მასალა თუ დოკუმენტი. შეხვედრაზე ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ოჯახური კონფლიქტები, ძალადობა ქალზე, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები - ამ საკითხებზე გაიმართა საუბრები ვანის, სენაკის, ქობულეთის, თერჯოლის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გახსნილობა გაზრდილია, თუმცა, ამავდროულად ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, რადგან ბევრმა არ იცის, რა რეაგირება მოახდინოს ძალადობის შემთხვევაში, როგორია მისი პასუხისმგებლობა.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები აუცილებელია, რათა ინფორმაციული ვაკუუმი შეივსოს და საზოგადოება მზად იყოს, დაუპირისპირდეს ძალადობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)