- 33 წლის ვარ. მთელი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს მიგრძვნია თავი ასე ბედნიერად და კომფორტულად. ყოველდღიურად მხრებიდან მეხსნება სიმძიმე, უკვე უფრო მსუბუქად ვსუნთქავ, - გვითხრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.
ამჟამად ცენტრში იმყოფება 8 ადამიანი – ქალები და ბავშვები, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ისინი სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახის წევრები არიან. ყველა მათგანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, განსაცდელი და ტრავმა გამოიარეს. ჩვენს ცენტრში მათთვის ყველა პირობაა შექმნილი მშვიდი ცხოვრებისთვის. მათთან მუშაობენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი. ქალები ბავშვებთან ერთად გადიან კომპლექსურ ყოველდღიურ ინტენსიურ ფსიქორეაბილიტაციურ თერაპიას. ყველაფერი ეს ხელს უწყობს მათ, მოიხსნან სტრესი, გაძლიერდნენ და გაერკვნენ სამომავლო პერსპექტივაში...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის დღიურიდან:
ხ., 28 წლის: „განქორწინების შემდეგ ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა. ყველაფერი განაცრისფრდა. მოსაწყენი, უინტერესო გახდა. ხშირად ვფიქრობდი, რატომ უნდა მეცოცხლა ასეთი სირცხვილის შემდეგ. ჩემთან ერთად ტიროდა დედაც. ერთხელ ასე აცრემლებულებს მოგვისწრო დედაჩემის მეგობარმა ქალმა და გვირჩია, დახმარებისთვის მიგვემართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისთვის. თითქმის რვა თვე ხელახლა ვსწავლობდი სამყაროს დანახვას. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება ჩემს სახეზე დაბრუნებული ღიმილისა და დედიკოს თვალებში ჩამდგარი სხივისთვის. ბედნიერები ვართ.“
ასეთი ისტორიები ბევრი აქვს ფსიქოლოგს. ეს თანმიმდევრული ხანგრძლივი მუშაობის შედეგებია. ასეთი ინტენსიური მუშაობა ჩატარდა თებერვალშიც:
- ტყიბულის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქობულეთის, თერჯოლის, სენაკის, წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებული ონლაინ ჯგუფური შეხვედრები – 48 ბენეფიციარის მონაწილეობით;
უფასო იურიდიული კონსულტაციები, დახმარება საბუთების მომზადებაში – ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ათი მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებისთვის, სადაც მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმი“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარლებში.
თებერვალში თერჯოლის, ტყიბულის, წალენჯიხის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოაწყვეს ონლაინ ჯგუფური შეხვედრები იურისტთან. ქობულეთის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის კი გაიცა ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები.
შეხვედრებში მონაწილეობდა 38 ბენეფიციარი 25-დან 68 წლამდე. მათთვის მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა და სარგებელი აქვს, რადგან ამ გზით აგვარებენ თავიანთ პრობლემებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინაში მცხოვრებო ძვირფასო ქალებო,
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სახელით, ჩვენ, საქართველოს ქალები, რომელთაც გამოვიარეთ ომის საშინელება და ჯოჯოხეთი, გიცხადებთ უდიდეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას!
ჩვენ ვგრძნობთ, თუ რა ხდება ახლა თქვენს გულებსა და სულში!
გამოვხატავთ ჩვენს გულითად მხარდაჭერას და ღრმად გვწამს, რომ ეს სისასტიკე, სისხლისღვრა და ცრემლები მალე დასრულდება! მთელი მსოფლიო გაერთიანდება და შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევს ყველა დროის ყველაზე ვერაგ აგრესორს, რათა დედებმა არ იტირონ თავიანთი შვილების საფლავზე, ბავშვებმა არ გამოსცადონ ობლობის სიმწარე და არაფერი დაემუქროს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში.
სამწუხაროდ, თქვენ ბედმა გარგუნათ ასეთი განსაცდელი, მაგრამ თქვენ მას აუცილებლად გაივლით! იმიტომ რომ თქვენთანაა სიმართლე, თქვენ გაქვთ ღირსება, სიამაყე და მოვალეობა თქვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის!
მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა იანვარ-თებერვალში ჩაატარა მერის წარმომადგენლების საჭიროებების სწრაფი მოკვლევა სამიზნე მუნიციპალიტეტებში (სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური).
სწრაფი მოკვლევა მიზნად ისახავდა საჭიროებების გამოვლენას საგანმანათლებლო ტრენინგების დასაგეგმად სამი მიმართულებით: სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური მუშაობა, ელექტრონული მომსახურება.
მერიის პასუხისმგებელმა პირებმა მხარი დაუჭირეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივას. რესპონდენტებთან მუშაობისთვის გამოყენებულია ონლაინ/სატელეფონო გამოკითხვის მეთოდი. შემუშავდა მარტივი ონლაინ კითხვარი, რომელიც შეავსო 184-მა რესპონდენტმა.
სწრაფმა მოკვლევამ თვალსაჩინო გახადა ის საკითხები, რომლებზეც მერის წარმომადგენლები საჭიროებენ მეტ ინფორმაციას, კვალიფიკაციას და უნარ-ჩვევებს.
„დღეს ინტერნეტს დიდი ადგილი უჭირავს ინფორმირების კუთხით და ამ სივრცეში ასეთი სერიოზული ინფორმაციული ბაზის არსებობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.
„ამ საიტზე ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა, რასაც სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები აკეთებენ. ამიტომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ მისი პოპულარიზაციის პროცესში.“
ეს არის იმ გამოხმაურებების ნაწილი, რომლებიც მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა.
თებერვალში ჩატარდა პროექტის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ შიდა მონიტორინგი, შეფასდა აქტივობების ეფექტურობა და მიღწევები, მოხდა მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება და შემუშავდა რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.
საინფორმაციო შეხვედრების და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და მომართვიანობა. შემდეგ იწყება რეაგირება, რაც ბენეფიციარებთან ნდობის მაჩვენებელს აუმჯობესებს.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ვანის, წალენჯიხის, ჩოხატაურის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქალთა პრობლემებზე რეაგირებისთვის აქტიურად გამოიყენება ფონდი „სოხუმის“ სერვისები - ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში კი - სრული სარეაბილიტაციო კურსი.
მობილიზატორების შეფასებით, მომართვიანობის გაზრდას ხელი შეუწყო საინფორმაციო შეხვედრებმა, რაშიც სხვადასხვა თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Haven House 1964 წელს გახსნილი პირველი ქალთა თავშესაფარია კალიფორნიაში, რომელიც ალბათ ლამაზ მწვანე ეზოში იდგა. ისეთივე, როგორც ჩვენი სარეაბილიტაციო/კრიზისული ცენტრია ქუთაისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში. აქ ყველა კუთხეში სიმყუდროვეა, ისეთი, რომ შეხვალ და დამშვიდდები.
აქ შეუძლია მოხვდეს ქალი, რომელიც რთულ პირობებში იმყოფება, მაგრამ არ აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ამის გამო ვერ მიიღებენ თავშესაფარში. სანამ სათანადო პროცედურებს გაივლის, ქალს შეუძლია ამ არაჩვეულებრივ გარემოში დაჰყოს გარკვეული ხანი.
სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი ძალადობაგამოვლილ ქალს სამომავლო გზის გარკვევაში ეხმარებიან: უმსუბუქებენ მდგომარეობას. თუ საჭიროა, ამზადებენ საჭირო საბუთებს.
ბიზნესის დაგეგმვა, მარკეტინგის არსი და მისი მნიშვნელობა, მარკეტინგული სტრატეგია, ბიზნეს ოპერაციები, მენეჯმენტი და იურიდიული საკითხები, ფინანსური მენეჯმენტი - ამ საკითხებზე გაიმართა ორდღიანი ტრენინგი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებისთვის.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მათ მისცა შესაძლებლობა, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, ტრენინგის შემდეგ კი ბიზნესპროექტების დაწერასაც შეძლებენ.
მომდევნო ეტაპი ბიზნესიდეების კონკურსია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები ჩაერთვებიან კონკურსში. საუკეთესო იდეების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)