ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარი მისია ძალადობის მსხვერპლის რეაბილიტაცია და დაცვაა. ამიტომაც ფონდი „სოხუმი“ მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს, რომლებთანც ერთად პრობლემების მოგვარებაში შეუწყობს ხელს ცენტრის ბენეფიციარებს.
ამ მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ფონდ „სოხუმსა“ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის.
მემორანდუმის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური და სამართლებრივ დახმარებას, პროფესიული კურსების მიწოდებას, სოციალური მუშაკის და სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებას ქალაქ ქუთაისში.
სააგენტო მსხვერპლს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს, მათ შორის: ფსიქოლოგიურ-სოციალურ და სამართლებრივ დახმარებას, დროებით სადღეღამისო საცხოვრისს თავშესაფარში, კრიზისული ცენტრით და საკონსულტაციო ცხელი ხაზით (116 006) მომსახურებას რვა ენაზე.
როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვაში.
აქტიურად მუშაობდა ივნისში ფონდი „სოხუმის“ საკონსულტაციო სამსახური. ადამიანები მიმართავდნენ ფსიქოლოგსაც და იურისტსაც.
ონლაინ შეხვედრები გაიმართა ცალკეულ ბენეფიციარებთან და ასევე - ჯგუფური შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ფსიქოლოგი შეხვდა ორ ოჯახურ წყვილს და ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებს. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია უგრძელდებათ მოზარდებს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
იურისტმა 4 ონლაინ კონსულტაცია ჩაატარა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი სამ ჯგუფს შეხვდა.
ეს ციფრებია, ციფრებს მიღმა კი კმაყოფილი ადამიანები არიან, რომლებიც აგვარებენ, ან უკვე მოაგვარეს თავიანთი პრობლემები.
ფონდი „სოხუმი“ 10 პარტნიორი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით ქალების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით საჭირო სერვისების კვლევას აწარმოებს. ფოკუსი კეთდება მათ ყველაზე მოწყვლად კატეგორიაზე: ძალადობის მსხვერპლი და რისკ-ჯგუფის ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი, მცირეწლოვანი ბავშვების დედები.
რომელი სერვისებია აუცილებელი იმისთვის, რომ ქალებმა შეუფერხებლად შეძლონ ეკონომიკური საქმიანობა, რა არის საჭირო მათი ხელშეწყობისთვის - ამ საკითხებზე ქალებთან ფოკუს-ჯგუფების დისკუსიები ჩატარდა. გამოიკვეთა ყველა ის გამოწვევა, რაც მათ ხელს უშლით ეკონომიკურად აქტიური საქმიანობის წარმართვაში. პირველ რიგში - ეს ბავშვთა მოვლის სერვისებია, რომლებიც ქალებს ვერ უქმნის სათანადო პირობებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.
დღის სარეაბილიტაციო ცენტრმა აქტიური მუშაობა განაახლა. მაისის ბოლოს შეიკრიბა ახალი ჯგუფები - ქალთა ერთი ნაწილი შეისწავლის მუშაობას პოლიმერულ თიხაზე, მეორე ნაწილი კი გაივლის საბუღალტრო აღრიცხვის კურსებს.
დღის ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა მისი ეფექტიანობა, შრომითი თერაპიის მნიშვნელობა ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის. ეს ზრდის დასაქმების პერსპექტივას. ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს აქვთ ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციის მიღების და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სხვადასხვა თემში. შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეები ისმენენ ინფორმაციებს: რას ითვალისწინებს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, ძალადობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს. ეცნობიან მსხვერპლთა დახმარების სერვისებს.
შეხვედრები ჩატარდა ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
საინფორმაციო შეხვედრებიდან უკვე მოხდა კონკრეტული ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება. რეაგირება გრძელდება ქეისების შინაარსის შესაბამისად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობით.
ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს ორგანიზებით და ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობით სახელისუფლებო სტრუქტურებისა და სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა, სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“. განხილულ იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ქეისები. ფონდი „სოხუმის“ მიერ მოწვეულმა სტუმრებმა - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ქობულეთელ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ.
შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობის კუთხით არსებული სიტუაცია გააანალიზეს და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივები განსაზღვრეს.
ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა ჩაატარა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე, ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.
ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის საჭიროება და მუნიციპალური გენდერული საბჭოს გააქტიურება ამ მხრივ.
ძალადობის შემთხვევებზე ფსიქოსამართლებრივი რეაგირების მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები - ამ საკითხებზე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სხვადასხვა თემების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. რეაგირების მექანიზმი სხვადასხვაა: გამოიყენება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია. კონფლიქტურ სიტუაციაში რთავენ ავტორიტეტულ ადამიანებს. ეს ინსტრუმენტები ზრდის ეფექტიანობას.
შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“ http://gbvdigitalresourcecenter.ge/. ეს გვერდი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე იძლევა სრულ ინფორმაციას.
მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
ეს ახალი ვებგვერდია „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.
ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.
ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ვებგვერდი შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.