შეხვედრების ფორმატით გათვალისწინებულია მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“: რა მიზნით შეიქმნა, რა მასალებია განთავსებული, როგორ დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. მონაწილეები ასევე ეცნობიან ინტერნეტსივრცის გამოყენებას.
ასეთი შეხვედრები სისტემატურად ტარდება ქალთა ჯგუფებთან. მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქობულეთის, ბაღდათის, ზუგდიდისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან.
შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ ბენეფიციარები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტექნიკური საშუალებებით ბენეფიციარების დახმარების აქციას. ითქვა, რომ მათთვის ეს არის დიდი იმედი, რომ მარტო არ არიან და მათზე ზრუნავენ. საუბარი ასევე შეეხო ორგანიზაციის სარეაბილიტაციო ცენტრს - ცენტრში ძალადობის მსხვერპლები ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადიან, რაც მათთვის დიდი ფუფუნებაა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ერთ ოჯახს სახლი გადაუთოვლეს, მეორეს შეშა მისცეს, ერთგან შიდა გზა გაწმინდეს - ეს ჩვენი მუშაობის შედეგებია.
სამობილიზაციო შეხვედრები ხელს უწყობს იმ პრობლემების გამოვლენას, რომლებიც სხვადასხვა თემში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები აქტიურად რეაგირებენ გამოვლენილ პრობლემებზე. ადვოკატირების პროცესი ადგილობრივი სტრუქტურების ჩართულობით მიმდინარეობს, რაც გამოვლენილ ქეისებს დასრულებულ სახეს აძლევს.
საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა წალენჯიხის, სენაკის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მოგვარებულ პრობლემათა ჩამონათვალში მოხვდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც დროულად გადაიჭრა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ინფორმაცია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემა ოჯახში ძალადობას ეხება“; „ყველასთვის მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომლებიც მოვისმინეთ. გავავრცელებთ ყველგან, რადგან ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რა მექანიზმები არსებობს ქალთა მხარდაჭერის კუთხით“, - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს ზუგდიდში, ვანსა და ბაღდათში გამართულ შეხვედრებზე.
მონაწილეთა თქმით, ინფორმირებულობა ხელს უწყობს ძალადობის შემთხვევების გამოვლენას ადრეულ სტადიაში და დროულ რეაგირებას. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული ქეისები და ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალები გადამისამართდნენ ფსიქოლოგთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგი და იურისტი არ საუბრობენ ბენეფიციარებთან შეხვედრის დეტალებზე. ასეც უნდა იყოს - ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მაგრამ უყვართ ციფრების მოყვანა.
ციფრების თანახმად კი, დეკემბერში:
ჩატარდა ფსიქოლოგის და იურისტის 6 ჯგუფური შეხვედრა თერჯოლის, სენაკის, სამტრედიის, ქობულეთის, ჩოხატაურის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.
შეხვედრებს ესწრებოდა 27-დან 68 წლამდე ასაკის 88 ადამიანი.
5-მა ბენეფიციარმა გაიარა ფსიქოთერაპია.
ჩატარდა ფსიქოთერაპიული მუშაობა სარეაბილიტაციო ცენტრის 6 ბენეფიციართან.
მიმდინარეობს მუშაობა 3 კრიზისულ ოჯახთან.
ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. კურსის მონაწილეებმა გაიარეს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში, საწარმოთა ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, აღრიცხვის მეთოდოლოგია.
ბოლო შეხვედრაზე მათ სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც თავად აღნიშნეს, სწავლების ეს ეტაპი მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თითოეულ მათგანს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დეკემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის. სხვადასხვა თემში ჩატარებულ გეგმიურ შეხვედრებზე მობილიზატორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას უშლის ხელს.
თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ათმა ცენტრმა გამოავლინა ძალადობის 8 შემთხვევა. თითოეული ქეისის ანალიზის შემდეგ ბენეფიციარებმა ფონდი „სოხუმის“ სერვისებით ისარგებლეს.
მობილიზატორების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გადამისამართებულ ქეისებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა მსხვერპლთა დახმარების მექანიზმი გაძლიერდეს და ბენეფიციარებმა მუნიციპალური სერვისები გამოიყენონ. თანამშრომლობა მსხვერპლთან მუშაობის მულტიგუნდურ პრინციპებს ეფუძნება და კარგ ეფექტს იძლევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს ლამაზი ნაკეთობები მათი ნახელავია. ქალები გულმოდგინედ სწავლობდნენ თიხის დამუშავებას დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. და აი, დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი. ბოლო გაკვეთილზე კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს დღის ცენტრში გატარებულ პერიოდზე, ახალი პროფესიის შესწავლაზეც და პირად ურთიერთობებზეც. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ერთი საფინალო დღე - ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.
მონაწილეთა განმარტებით, კურსი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიანი კამპანიის ისტორია და მნიშვნელობა, მსხვერპლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა - ამ საკითხებზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“: თუ როგორ უნდა იპოვონ საჭირო ინფორმაცია, რა მასალებია განთავსებული და რაში დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. შეხვედრებზე დაფიქსირდა მადლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რადგან აქტუალურ პრობლემებზე მუშაობს და აქტიურად ეხმარება ქალებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით