„ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრა, სადაც დეტალურად ამიხსნეს, როგორ შევიდე ვებგვერდზე, როგორ ვიპოვო და ჩამოტვირთო საჭირო ინფორმაცია“.
„ძნელია, იყო მარტოხელა დედა და თან გამოყო დრო თვითგანვითარებისთვის. ასეთი შეხვედრები კარგია, რომ გაერკვე, როგორ გამოიყენო ვებგვერდი“.
„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ეს არის ფუფუნება... უკვე ვფიქრობ, ვის დავეხმარო, ვის ვურჩიო“.
ეს არის უკუკავშირი, რომელიც აპრილში ონლაინ ფორმატით ჩატარებულ შეხვედრებზე დაფიქსირეს მონაწილეებმა. შეხვედრები გაიმართა ქობულეთის, ჩოხატაურის, სენაკისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან.
მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“ www.sosfsokhumi.ge - რატომ შეიქმნა ვებგვერდი, რა მასალებია განთავსებული, როგორ გამოიყენონ ვებგვერდი, რაში დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრების ციკლის მეორე შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა. მონაწილეთა შორის იყვნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები, თერჯოლის მერიის და შსს-ს წარმომადგენლები, ა(ა)იპის ხელმძღვანელები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორ კვლევაზე: „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ და „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“.
მოკლე პრეზენტაციამ მონაწილეებს გააცნო ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. დასასრულს კი გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელზეც ისაუბრეს ოჯახში ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაგეგმა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რაც მოიაზრებს მოქალაქეების აქტიური ჯგუფების და რეფერალური მექანიზმის აქტორების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, პედაგოგები და მერიის თანამშრომლები.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ ორ კვლევას - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით და ასევე ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის შესახებ.
შეხვედრაზე გაკეთდა ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის მოკლე პრეზენტაცია. მონაწილეებს დაურიგდათ ფლაერები დეტალური ინფორმაციით ვებგვერდზე www.sosfsokhumi.ge.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბევრია სამუშაო ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან საზოგადოებაში პრობლემის მასშტაბებს ჯერაც არ აღიარებენ. ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, მნიშვნელოვანია - ამ მოსაზრებას იზიარებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატრები, რომლებიც ყოველთვიურად სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალებს ხვდებიან.
ინფორმაციები სწრაფად ვრცელდება და ადრესატამდე დროულად აღწევს. იდენტიფიცირებული შემთხვევები ფიქსირდება წალენჯიხის, სამტრედიის, ვანის, ტყიბულის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. რეაგირების პროცესი ქეისების შესაბამისად გრძელდება, სანამ მსხვერპლი ყველა არსებულ სერვისს არ მიიღებს. შედეგები უკვე სახეზეა, ბენეფიციარების ნაწილმა უკვე გაიარა ფსიქოლოგის კურსი, ნაწილმა კი იურისტის კონსულტაცია მიიღო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ტელეფონები SOS აპლიკაციით და ჩვენი თანადგომის ჯადოსნური ღილაკით რამდენიმე მუნიციპალიტეტში კიდევ „აინთო“: ჩოხატაური, ქობულეთი, ვანი, ბაღდათი, სენაკი, სამტრედია, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ტყიბული.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ განსაკუთრებული აქცია ჩაატარა - მობილური ტელეფონები გადასცა საჩუქრად მოწყვლადი ჯგუფების ქალებს.
ეს კეთილი საქმე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა, რადგან ფონდი „სოხუმისთვის“ მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობა ქალების სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
Zoom ფორმატით ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლის ბოლო ტრენინგი - ამჯერად ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან და სამსახურის სპეციალისტებთან.
ტრენინგი მოიცავდა საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში; სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; ძალადობისგან დაცვის მექანიზმები; რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან თანამშრომლობა ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და მსხვერპლის დახმარებაში.
ტყიბულის, თერჯოლის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა საკონსულტაციო შეხვედრები მოაწყო.
იურისტმა ასევე სამი ონლაინ კონსულტაცია გაუწია სამტრედიის, ვანის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებს - გვარის შეცვლის, ალიმენტების და განქორწინების საკითხებზე.
იურისტი აქტიურად მუშაობდა სარეაბილიტაციო ცენტრში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად. ცენტრში მყოფ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა და სათანადო რჩევები მისცა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„დღეს სხვა ჭრილში დავინახე ჩემი მოვალეობები, მივხვდი, რომ ბევრი რამ არის ჩემზე დამოკიდებული იმ კუთხით, რომ აქტიური მოსახლეობა მყავდეს თემში.“
„მოვისმინე თემები, რომლებზეც გამიგია, მაგრამ თურმე არ მცოდნია.“
„მერის წარმომადგენლები არიან ჩვენი პოლიტიკის გამტარებლები თავიანთ თემში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში გვეხმარებით“...
ეს მონაწილეთა შეფასებებია. ონლაინ ტრენინგს ესწრებოდა 82 ადამიანი ბაღდათის, ვანის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებიდან: მერის წარმომადგენლები სოფელში (55 მონაწილე) და მათი ასისტენტები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში;
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა ტყიბულის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებული გასვლითი შეხვედრები. ონლაინ ჯგუფური შეხვედრები გაიმართა ჩოხატაურის, ბაღდათის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან.
მუშაობა მიმდინარეობდა სხვა მიმართულებებითაც: ონლაინ სესიები ორ ოჯახურ წყვილთან, ონლაინ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები, რომლებშიც მონაწილეობდა 18 ბენეფიციარი რეგიონიდან და 13 - ქუთაისიდან. მარტში ფსიქოლოგს დახმარებისთვის პირველად მიმართა 5-მა ადამიანმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)