ქალთა თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - დევნილთა თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემების წამოჩენა და ინიციატივების ფორმირება. სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ანკეტირების პროცესი, რომელმაც ქალთა საჭიროებები უნდა გამოავლინოს.
სენაკში, თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ თეორიულ მასალას გამოკითხვის ჩატარების ფორმებზე, მეთოდებსა და ტექნიკაზე. მიიღეს ინსტრუქტაჟი: როგორ და რა ვადებში უნდა ჩატარდეს ანკეტირება, რამდენი ადამიანი იქნება ჩართული, ვინ იქნებიან სამიზნე ჯგუფები
მიღებული უნარების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ანკეტირების პროცესის წარმატებით ჩატარება. გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ იგეგმება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა თემში სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებმა 18 ინიციატივა წარმოადგინეს, მათგან 7-მა მიიღო ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა.
სამოქალაქო ინიციატივებზე იყო საუბარი ჯგუფების მორიგ შეხვედრებზე.
შვიდიდან ორი ინიციატივა თერჯოლის ჯგუფის ქალებისაა. წყალტუბოს ჯგუფმა 4 ინიციატივა წარადგინა და მათგანი ერთი დაფინანსდა. ეს დიდი სტიმულია მათთვის.
ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს ინიციატივების კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ დაფინანსდა ვანის და ქუთაისის ურთიერთდახმარების ჯგუფების ინიციატივები.
მორიგ შეხვედრებზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარდგენილი განაცხადები, რათა გაითვალისწინონ საკონკურსო კომისიის შენიშვნები და უფრო აქტიურად ჩაერთონ შემდეგ ეტაპზე - შეიმუშავონ ინიციატივები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
გორში, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“.
მონაწილეობდნენ ქალთა თვითდახმარების ჯგუფების წევრები გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებიდან. ტრენინგის მიზანი იყო მათი მომზადება ისეთი ცოდნით და უნარებით, რომლებიც ხელს შეუწყობს დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერებას.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი იყო აქტიური, საინტერესო, კარგად აღსაქმელი და შთამბეჭდავი. პირველი ნაწილი მოიცავდა ქალთა ლიდერობის არსისა და მისთვის დამახასიათებელი კომპონენტების განხილვას. მეორე ნაწილი გაგრძელდა იმიტაციური სავარჯიშოებითა და თემატური ვიდეორგოლების განხილვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრეზენტაციის, თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების მნიშვნელობას.
მონაწილეთა აზრით, ქალთა ლიდერობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია თემში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარებისთვის.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
აგვისტოს ბოლოს გაიმართა ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა განიხილეს ხაზინის შექმნის საკითხი. ისაუბრეს ფინანსურ შემონატანზე და მის გამოყენებაზე, პასუხისმგებელი პირების უფლებებსა და მოვალეობებზე.
შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად იდგა ჯგუფის წევრთა კომპეტენციების ამაღლება, რაც ტრენინგებზე ხდება. ჯგუფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ტრენინგი ქალთა ლიდერობის თემაზე.
ჯგუფის წევრები უკვე ლიდერები არიან თემში და მათ აქვთ ცოდნა, გამოავლინონ თემის საჭიროებები, პრიორიტეტული პრობლემები, ასევე - იზრუნონ სოციალურ ცვლილებებზე სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებით.
მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის თვითდახმარების ჯგუფში განხილვის თემა იყო: სახაზინო ანგარიშის შექმნა, ხაზინადარის არჩევა. ამ ინიციატივის თანახმად, დევნილთა თემში გაიზრდება პასუხისმგებლობა და საერთო ფინანსების მიზნობრივი, ეფექტური მართვა და განკარგვა.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნასა და უნარებზე - თუ როგორ შეძლებენ მათ გამოყენებას პრაქტიკაში.
შეხვედრის პროცესში აღინიშნა დასახლებაში არსებული პრობლემები. ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია საჭიროებათა კვლევაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ. ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თემში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაზე.
ფოთის თვითდახმარების ჯგუფი მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა.
ჯგუფის წევრებმა განიხილეს წესდებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილება - სახაზინო ანგარიშის შექმნა ფორმირება-დანერგვის შესახებ. ინიციატივა მიზნად ისახავს დევნილთა დასახლებაში პასუხისმგებლობის გაზრდას და საერთო ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვა-გამოყენებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტრენინგის შედეგად განვითარებულ ლიდერულ კომპეტენციებზე, რაც წევრებს დაეხმარება საჭიროებათა კვლევის პროცესში.
დამსწრეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სოციალური აქტივობის მნიშვნელობას. გამოიკვეთა ცალკეული კორპუსების პრობლემები და საერთო საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივად, სამოქალაქო ინიციატივებით იგეგმება.
მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა განიხილეს წესდებაში შეტანილი ცვლილება - სახაზინო ანგარიშის შექმნის შესახებ.
ეს ინიციატივა ითვალისწინებს ნებაყოფლობით შემოწირულობებს, შიდა დანაზოგების სისტემის დანერგვას, რათა დაეუფლონ ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლებს და გაიუმჯობესონ ფინანსური წიგნიერება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ლიდერობის თემას, რაც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფის წევრებისთვის.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სხვადასხვა დასახლების პრობლემები და საერთო საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივად, სამოქალაქო ინიციატივებით იგეგმება საჭიროებების კვლევის ჩატარების შემდეგ.
სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრები რეგულარულად იკრიბებიან და აქტიურად მუშაობენ პროექტით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ფონდის/ხაზინის შექმნის ფორმატზე და რეგულაციებზე. განიხილეს ფინანსური შემონატანების აღრიცხვის ფორმები და მისი გამოყენების მექანიზმები. განსაზღვრეს პასუხისმგებელი პირები და უფლება-მოვალეობები.
პროფესიონალური განვითარებისა და კომპეტენციის ამაღლების მიზნით თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა უკვე გაიარეს ტრენინგები ქალთა ლიდერობის, პრობლემების იდენტიფიკაციის და პრიორიტეტიზაციის საკითხებზე. შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ქალთა ლიდერობის თემას მიეძღვნა.
ჯგუფის წევრების აზრით, ტრენინგები სათემო ლიდერობის საკითხებზე მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს დევნილთა თემებში პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირებას და სოციალურ ცვლილებებს.
„ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“ - ამ თემაზე თვითდახმარების ჯგუფის წევრ ქალებთან მეორე ტრენინგი ჩატარდა ზუგდიდში, სასტუმრო „დადიანი ინში“. ამჯერად ტრენინგის ორგანიზატორი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრი და მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრები სენაკიდან, ფოთიდან, წალენჯიხიდან, მესტიიდან, ზუგდიდიდან.
ტრენერმა და მონაწილეებმა განიხილეს ლიდერობის არსი და მახასიათებლები, გაარკვიეს, რა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს ქალთა ლიდერობის განვითარება თემს, ყურადღება გაამახვილეს თვითპრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობაზე.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში.
