ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.

პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...

შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.

სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.

ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.

ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრმა ორი პრემიერა გამართა ივნისში.

პირველი პრემიერა 1 ივნისს იყო - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - ფონდი „სოხუმის“ ოფისის ეზოში.

მეორე კი 20 ივნისს - დევნილთა საერთაშორისო დღეს - ქუთაისის ბულვარში.

მაყურებელს მოეწონა „გვრიტი“ - ქართული ზღაპრის ახლებური ვერსია. საინტერესო დეკორაციები, უცნაური თოჯინები, მუსიკა, ხმები...

რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის და ახალგაზრდა მსახიობების შრომამ კარგი შედეგი გამოიღო: პატარა მაყურებლის სიხარული და ინტერესი, მშობლების  დადებითი შეფასება. „გვრიტი“ ასწავლის პატარებს სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, ტოლერანტობას.

ტყიბულის, ზუგდიდის, ბაღდათის, წალენჯიხის და ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მერიის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების ხელშეწყობით ფონდმა „სოხუმმა“ 5 ტრენინგი ჩაატარა ახალგაზრდულ ცენტრებში  კონფლიქტის ესკალაციის,  ოჯახური ძალადობის მიზეზების და კიბერბულინგის თემაზე.

ტრენერების დავალებით მონაწილეებმა გაითამაშეს როლური თამაშები, შემდეგ კი   გამართეს  დისკუსიები და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები. ტრენინგებზე გამოვლინდნენ აქტიური ახალგაზრდები, ლიდერები, რომლებმაც  საინფორმაციო  შეხვედრების ჩატარების სურვილი გამოხატეს. მათმა ერთმა ნაწილმა უკვე დამოუკიდებლად ჩაატარა შეხვედრა და მიღებული ცოდნა გაუზიარა თანატოლებს.

ქობულეთის, ტყიბულის, სამტრედიის, ვანის და თერჯოლის ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე „ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში. კონფლიქტის მართვა. ბულინგი“.

ყველა ჯგუფი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლება, საკითხები, რომლებზეც ხდება მსჯელობა. ყველა მონაწილე მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს ახალ უნარ-ჩვევას დაეუფლოს.

გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ „საშინაო დავალებებს“. მაისში მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან ტოლერანტობის, კონფლიქტის და ბულინგის თემებზე. ასეთი შეხვედრები კიდევ გრძელდება...

მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.

ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი  მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.

„ჩვენს ასაკში საჭიროა ამ თემებზე საუბარი,“ „არაფორმალური განათლება გვაძლევს იმას, რასაც სკოლაში ვერ ვიღებთ,“ „მე აუცილებლად გავუზიარებ ამ ცოდნას ყველას“ - ეს ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირია.

მაისის პირველ ნახევარში ჩატარდა 5 ონლაინ ტრენინგი წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე, ტოლერანტობის და ბულინგის თემებზე.

ჯგუფებს მოსწონთ ეს ფორმატი, მოტივირებული და აქტიურები არიან,  ერთვებიან დისკუსიებში. აღსანიშნავია მათი გულწრფელობა.უკვე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც მზად არიან, თანატოლებთან ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და გაუზიარონ მიღებული ცოდნა. ტრენინგზე წარმოდგენილი სამი მიმართულებიდან სასურველ თემას თვითონ ირჩევენ და, რაც მთავარია, სერიოზულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

სტატია გაზეთ „ახალ განათლებაში“ ასე იწყება:

„ფონდმა „სოხუმმა“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში (ქობულეთი, ჩოხატაური, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი) ახალგაზრდული ცენტრების დაარსება დაიწყო“.

სტატია მკითხველს აცნობს ჩვენს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდებთან, რასაც ჩვენს პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ახალი განათლება“ პერიოდულად ათავსებს ინფორმაციას ფონდი „სოხუმის“ აქტივობების შესახებ - ასე იზრდება ჩვენი თანამოზრეების ქსელი.

იხილეთ ბმული: https://bit.ly/3ew5m3x

გაზაფხულდა  და ფორუმ-თეატრის განახლებულ გუნდს საინტერესო აპრილი აქვს -  ღია ცის ქვეშ ხვდება მაყურებელს.

წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ ბაღებში და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ამფითეატრის სცენაზე.

სულ მალე ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს შეემატება კიდევ ერთი ახალი ფორმატი - თოჯინების თეატრი.

თოჯინების თეატრის პირველ წარმოდგენას საფუძვლად დაედო ქართული ხალხური  ზღაპარი  „გვრიტი“. შეიქმნა თოჯინების ესკიზები, ახალგაზრდა მსახიობები სიამოვნებით სწავლობენ თოჯინების „მართვას“  და მთელი მონდომებით არიან ჩართულები სარეპეტიციო პროცესში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები