დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ახლა წარმატებით მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრები.
ზუგდიდის, სენაკის, თერჯოლის და ვანის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, ახალგაზრდული დეპარტამენტების, რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა თავიანთი პრეზენტაციების დროს ისაუბრეს სატრენინგო კურსის შედეგებზე. სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა აღნიშნეს, რომ ხუთთვიანმა მუშაობამ კეთილი გავლენა მოახდინა მოზარდებზე. მათ ბევრი რამ ისწავლეს, უფრო აქტიურები და თავდაჯერებულები გახდნენ. მონაწილეთა ერთ ნაწილს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია სატრენინგო მუშაობის წარმართვა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მსახიობებისთვის ეს მასშტაბური და შთაბეჭდავი ჩვენება იყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ჩრდილების თეატრისა და თოჯინების თეატრის წარმოდგენები გაიმართა.
პატარა მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით უყურებდა ლამაზ სცენებს. თეატრის რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ მათ უამბო, როგორ ჩამოყალიბდა ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი და რა მნიშვნელობა აქვს ამ წარმოდგენებს სხვადასხვა ასაკის მაყურებელისთვის.
ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თეატრალურ ჯგუფს და ახალი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აგვისტოში დაგეგმილი ტრენინგები ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ახალგაზრდა მონაწილეების რაოდენობა 175 იყო.
ტრენინგებზე განიხილეს აქტუალური თემები: მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება; ეთიკის და ესთეტიკის ნორმები; კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ და გულახდილად გამოთქვეს მოსაზრებები, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში მშვიდობიანად მოგვარების უნარების გამოყენება ცხოვრებაში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
„კარგი რჩევებია, მაგრამ ცხელ გულზე რთულია ისაუბრო მშვიდი ტონით, თუმცა თუ მოვინდომებ, ყველაფერს შევძლებ.“
„საინტერესოა ეთიკის და ესთეტიკის ნორმების გაცნობა, ძალიან საჭირო თემაა.“
„გული მწყდება, პროექტი რომ სრულდება.“
აგვისტოში ხალხი თითქმის გასულია ქალაქიდან, მაგრამ ბევრია სტუმარი... ძირითადად, სწორედ ისინი ესწრებოდნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ქუთაისის უბნებში.
ჩატარდა ორი წარმოდგენა., მაყურებელი დაინტერესდა ამ ფორმატით. ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი და განაგონი, ზოგიერთი ჩაერთო სცენებშიც. სამწუხაროდ, ყველამ უარი თქვა ფოტოების გადაღებაზე, ამიტომაც ფოტოებში ჩანან მხოლოდ მსახიობები და ეპიზოდები სცენებიდან.
ღია ცის ქვეშ წარმოდგენები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს როგორც საზოგადოების ინფორმირების, ძალადობის პრევენციის მექანიზმი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.
ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.
ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.
მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.
კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი - 12%, კაცი - 32%, ორივე - 56%.
ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.
ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.
კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?
ფორუმ-თეატრს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: უამრავი წარმოდგენა, ათობით მსახიობი, რომელიც წლებთან ერთად იცვლებოდნენ... ახლა ამ ისტორიის დაარქივება დაიწყო - შეიკრიბა სცენარები და ერთ კრებულად დაიბეჭდა. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რა სახის სცენარებზე იგება ფორუმ-თეატრის წარმოდგენები...
ივლისში აქტიურად მიმდინარეობდა სარეპეტიციო მუშაობა და წარმოდგენები. ფორუმ-თეატრმა ორი გამოსვლა ჩაატარა ქუთაისში - ცენტრალურ პარკში და რიონისპირა ახალ სკვერში.
მაყურებელი ბევრი არ იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა მათი უკუკავშირი. განსაკუთრებული აღტაცებით საუბრობდნენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც აუდიტორიასთან დიალოგის ამ უჩვეულო ფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
97 მოზარდი მონაწილეობდა ვანში, წალენჯიხაში, ტყიბულში, სენაკსა და ქობულეთში ჩატარებულ ტრენინგებზე. ზოგიერთი შეხვედრა ტრადიციული ფორმით, ცოცხლად გაიმართა, ზოგიერთი კი ინტერნეტსივრცეში მოეწყო. ფორმის მიუხედავად, ყველა შეხვედრა ერთნაირად საინტერესო, აქტიური და შემეცნებითი იყო.
ნაადრევი ქორწინება და კონფლიქტის მოგვარების გზები - ამ საკითხებზე იმსჯელეს მოსწავლეებმა ტრენერებთან ერთად. ისინი იხსენებდნენ შესაბამის მაგალითებს, ასაბუთებდნენ, რა ნეგატიური შედეგები ახლავს ნაადრევ ქორწინებას, ან რა მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის ადრეულ სტადიაზე მოგვარებას.
ასეთი ტიპის შეხვედრები მოზარდებს თავისუფალი მსჯელობის საშუალებას აძლევს. ისინი სწავლობენ აზრის გამოხატვას, აქტიურ მოსმენას, შეკითხვების დასმას და პასუხების გაცემას...
ჯგუფური მუშაობის, დისკუსიის და საუბრის კულტურა - ყველა ეს უნარ-ჩვევა, რომელიც ახალგაზრდებმა შეიძინეს ან განიმტკიცეს, სატრენინგო კურსის დამსახურებაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რა ინფორმაციას ვაწვდით მოზარდებს? როგორი ხედვა უყალიბდებათ მათ? რა შეიძლება დაეხმაროს მათი ცნობიერების ამაღლებაში?
სწორედ მოზარდთა ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
ივლისის პირველი დღეებიდან დაიწყო სატრენინგო კურსი ახალგაზრდებთან და პირველი ხუთი ტრენინგიც ჩატარდა სამტრედიაში, ბაღდათში, ზუგდიდში, ჩოხატაურსა და თერჯოლაში.
შეხვედრებზე განიხილეს ნაადრევი ქორწინების პრობლემა და კონფლიქტის მოგვარების გზები.
ერთმანეთისგან განსხვავებული იყო ხუთივე ტრენინგი, რომელშიც 97 მოზარდი მონაწილეობდა: აქტიური დისკუსიები, საინტერესო ქეისების განხილვა, გულახდილი უკუკავშირი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ცდილობს, მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, იაზროვნონ დროსთან შეფარდებით, ღირებულებებზე მორგებულად, მომავლის საკეთილდღეოდ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ყოველი ახალი თვე ახალი შესაძლებლობაა, გაიზარდო სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით, მიხარია თქვენთან ურთიერთობა, რადგან იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვეევა ჩვენი თაობისთვის.“
„პანდემიამ მოგვიტანა ჩაკეტილობა, გაუცხოება... ეს ტრენინგები კი გულახდილი საუბრის, აზრების გაცვლის და საკუთარი როლის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს“.
ეს ტრენინგის მონაწილეთა სიტყვებია.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ივნისის ბოლო ტრენინგები გამართა სენაკის, სამტრედიის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
10 მუნიციპალიტეტში დასრულდა აქტიური სატრენინგო კურსი კონფლიქტის ესკალაციის და გენდერული თანასწორობის თემებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)