ტყიბულის, ზუგდიდის, ბაღდათის, წალენჯიხის და ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მერიის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების ხელშეწყობით ფონდმა „სოხუმმა“ 5 ტრენინგი ჩაატარა ახალგაზრდულ ცენტრებში  კონფლიქტის ესკალაციის,  ოჯახური ძალადობის მიზეზების და კიბერბულინგის თემაზე.

ტრენერების დავალებით მონაწილეებმა გაითამაშეს როლური თამაშები, შემდეგ კი   გამართეს  დისკუსიები და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები. ტრენინგებზე გამოვლინდნენ აქტიური ახალგაზრდები, ლიდერები, რომლებმაც  საინფორმაციო  შეხვედრების ჩატარების სურვილი გამოხატეს. მათმა ერთმა ნაწილმა უკვე დამოუკიდებლად ჩაატარა შეხვედრა და მიღებული ცოდნა გაუზიარა თანატოლებს.

ქობულეთის, ტყიბულის, სამტრედიის, ვანის და თერჯოლის ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე „ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში. კონფლიქტის მართვა. ბულინგი“.

ყველა ჯგუფი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლება, საკითხები, რომლებზეც ხდება მსჯელობა. ყველა მონაწილე მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს ახალ უნარ-ჩვევას დაეუფლოს.

გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ „საშინაო დავალებებს“. მაისში მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან ტოლერანტობის, კონფლიქტის და ბულინგის თემებზე. ასეთი შეხვედრები კიდევ გრძელდება...

მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.

ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი  მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.

„ჩვენს ასაკში საჭიროა ამ თემებზე საუბარი,“ „არაფორმალური განათლება გვაძლევს იმას, რასაც სკოლაში ვერ ვიღებთ,“ „მე აუცილებლად გავუზიარებ ამ ცოდნას ყველას“ - ეს ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირია.

მაისის პირველ ნახევარში ჩატარდა 5 ონლაინ ტრენინგი წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებზე, ტოლერანტობის და ბულინგის თემებზე.

ჯგუფებს მოსწონთ ეს ფორმატი, მოტივირებული და აქტიურები არიან,  ერთვებიან დისკუსიებში. აღსანიშნავია მათი გულწრფელობა.უკვე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც მზად არიან, თანატოლებთან ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და გაუზიარონ მიღებული ცოდნა. ტრენინგზე წარმოდგენილი სამი მიმართულებიდან სასურველ თემას თვითონ ირჩევენ და, რაც მთავარია, სერიოზულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

სტატია გაზეთ „ახალ განათლებაში“ ასე იწყება:

„ფონდმა „სოხუმმა“ პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში (ქობულეთი, ჩოხატაური, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი) ახალგაზრდული ცენტრების დაარსება დაიწყო“.

სტატია მკითხველს აცნობს ჩვენს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდებთან, რასაც ჩვენს პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ახალი განათლება“ პერიოდულად ათავსებს ინფორმაციას ფონდი „სოხუმის“ აქტივობების შესახებ - ასე იზრდება ჩვენი თანამოზრეების ქსელი.

იხილეთ ბმული: https://bit.ly/3ew5m3x

გაზაფხულდა  და ფორუმ-თეატრის განახლებულ გუნდს საინტერესო აპრილი აქვს -  ღია ცის ქვეშ ხვდება მაყურებელს.

წარმოდგენების ჩვენება გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ ბაღებში და თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ამფითეატრის სცენაზე.

სულ მალე ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს შეემატება კიდევ ერთი ახალი ფორმატი - თოჯინების თეატრი.

თოჯინების თეატრის პირველ წარმოდგენას საფუძვლად დაედო ქართული ხალხური  ზღაპარი  „გვრიტი“. შეიქმნა თოჯინების ესკიზები, ახალგაზრდა მსახიობები სიამოვნებით სწავლობენ თოჯინების „მართვას“  და მთელი მონდომებით არიან ჩართულები სარეპეტიციო პროცესში.

ახალგაზრდებთან მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაიდო შეთანხმებები და ახალგაზრდულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები.

სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება 6-თვიანი სატრენინგო კურსი ლიდერობის, კონფლიქტების მართვის და ძალადობის საკითხებზე.

უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგები: ზუგდიდსა და თერჯოლაში ტრენერებსა და მოსწავლეებს ცოცხალი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩოხატაურისა და ქობულეთის ჯგუფებთან მუშაობა კი ონლაინ წარიმართა.

ყველა მონაწილე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი საერთო მახასიათებლებია: დიდი ინტერესი ტრენინგის საკითხების მიმართ, ლიდერული უნარ-ჩვევები, მეტის გაგების მოტივაცია.

მარტი აქტიური თვე იყო ფორუმ-თეატრისთვის: კასტინგი, რეპეტიციები, წარმოდგენები...

კასტინგის შედეგად ჯგუფში ახალი მსახიობები არიან, რომლებიც უკვე ჩაერთნენ მუშაობაში.

კარგახნიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლა მოეწყო ქუთაისის ერთ-ერთ პარკში - წარმოდგენები ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

მალე ხორცი შეესხმება ფონდი „სოხუმის“ ახალ ინიციატივას - შეიქმნება თოჯინების თეატრი. უკვე დაიწერა სცენარი ცნობილი ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით...

ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი - ასეთ მრავალფეროვნებას სთავაზობენ ახალგაზრდა მსახიობები მაყურებელს.

 

გაზეთი „ახალი განათლება“ აქტიურად აშუქებს ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას. მარტში გამოქვეყნებულ პირველ მასალაში წარმოდგენილია მინიფილმი „გენდერული სტერეოტიპები და სკოლის როლი მათ აღმოფხვრაში“.

მეორე სტატია „ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია – კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია“ კი ეძღვნება ახალგაზრდებთან ხუთთვიანი მუშაობის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლ კონ­ფე­რენ­ციას.

გაზეთთან თანამშრომლობა თებერვალში დაიწყო და უკვე 4 სტატია დაიბეჭდა. „ახალი განათლების“ მკითხველთა ფართო აუდიტორია გაეცნო ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებას და დაინახა არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სტერეოტიპების მსხვრევის, კონფლიქტების მართვის და ძალადობის პრევენციის პროცესში.

https://bit.ly/2P5mseH

https://bit.ly/3chDqPU

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები