საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) წარმატებით განხორციელება ძირითად როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებელი კომპონენტია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება. COVID-19 პანდემიამ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დააყენა დღის წესრიგში.
პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი. ეს ორგანიზაციები მონიტორინგს უწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებას 8 მუნიციპალიტეტში. მონიტორინგის შედეგად შეფასდა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.
მონიტორინგის შედეგებს ასახავს პროექტის ფარგლებში მომზადებული პირველი პუბლიკაცია „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში.“
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას „COVID-19 პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“, რომელშიც ასახულია ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რამაც თავი იჩინა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციართა, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში.
აღნიშნული სწრაფი მოკვლევის მიზანია, ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არეალში, COVID-19 ვირუსით გამოწვეული ძირითადი პრობლემების და გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა მათი დროული გადაჭრისთვის.
პუბლიკაცია წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დასრულდა მუშაობა ანალიზზე, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადა. მისი სახელწოდებაა „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
გამოცემა გადაეგზავნება ყველა ადრესატს, რომელსაც ევალება და შეუძლია - ძალადობის მსხვერპლს შესთავაზოს უფრო მოქნილი, პრაქტიკული და შედეგიანი სერვისები და უსაფრთხოდ უქციოს ყოველდღიურობა მსხვერპლ ქალს და მის შვილებს.
კარანტინის პირობებში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. ბევრი მსხვერპლი მოძალადესთან ერთად დარჩა სახლში... მათთვის, მათ დასახმარებლად ფონდმა „სოხუმმა“ საგანგებოდ შეიმუშავა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შესახებ.
ფონდი „სოხუმის“ მიერ „გენდერულად ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის“ ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები - ანგარიშების კრებული - ეს არის ორგანიზაციის ახალი ონლაინგამოცემა.
კრებულში შევიდა სამი ანგარიში:
ენგურის ხიდთან, სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტის გადაკეტვასთან დაკავშირებით ფონდი „სოხუმის“ საგანგებო ანგარიში, რომელიც ეყრდნობა ორგანიზაციის მონიტორების მიერ 28-30 ივნისს შეგროვილ ინფორმაციას;
აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, საქართველოს მოსახლეობის განწყობების და სიტუაციის ამსახველი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა 2019 წლის ივნის-აგვისტოში შეგროვილ მონაცემებს;
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებისადმი, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დამოკიდებულების ამსახველი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეგროვილ მონაცემებს.
ფონდ „სოხუმში“ მომზადდა ანალიტიკური სტატიების კრებული „ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს გამოცდილება საარჩევნო სისტემის განვითარების და არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერების საქმეში“. მასში ასახულია ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს ექსპერტების პოლიტიკური დოკუმენტები - ამ ოთხი ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო სისტემის ფორმირების, განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
კრებული მომზადდა პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდ „სოხუმში“ ახალი პუბლიკაცია გაჩნდა - „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“. მასში განხილულია ფონდი „სოხუმის“ აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ინფორმირებულობის გაზრდის და ძალადობასთან ბრძოლაში საკუთარი როლის გააზრების კუთხით.
პუბლიკაცია გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდა იმ ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ფონდი მუშაობს.
ფონდი „სოხუმის“ იურიდიულმა სამსახურმა გამოსცა ბროშურა „STOP ძალადობას!!!“
მასში მოცემულია ხშირად დასმული კითხვები ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით და მოცემულია პასუხები/განმარტებები: რა არის ოჯახში ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს, ვინ ითვლება მსხვერპლად, ვინ არის მოძალადე და ა.შ.
ბროშურაში მითითებულია ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ნომრები და ის საჭირო საკონტაქტო მონაცემები, რომლებზე დარეკვაც შეუძლია მსხვერპლს ძალადობის შემთხვევაში.
ბროშურების ნაწილი დარიგდება კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დღეებში.
„სამართალდამცავი ორგანოების როლი და არსებული პრაქტიკა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგი“ - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა ფონდ „სოხუმში“. მასში გამოყენებულია შსს-ს ადგილობრივ სტრუქტურებთან ჩატარებული მცირე მასშტაბის მონიტორინგის მასალები. სამაგიდე კვლევის ფარგლებში გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.
მონიტორინგმა გამოავლინა ის თვალსაჩინო პროგრესი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. და ამასთანავე გარკვეული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად გამოცემის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები.
კვლევაზე მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის და ქუთაისის სათაო ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წევრები.