ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - დატვირთული გრაფიკით

22 აპრილს  ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.  შეხვედრას  ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელობაც დაესწრო და გაეცნო საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე დგას დღის წესრიგში.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი წევრების უდიდესი უმრავლესობა ჩაერთო  გენდერულ საჭიროებათა შეფასებაში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, ბათუმში უკვე მეორედ ტარდება. განისაზღვრა კვლევის ვადები და შემსრულებლები.
მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით მერიისთვის წარდგენილი პროექტების თაობაზე; ჩამოაყალიბეს საკითხთა ნუსხა, რომელიც პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგს განსაზღვრავს.
გამოიკვეთა, რომ იზრდება ბათუმის გენდერული საბჭოს თანამშრომლობის მასშტაბები ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. სხდომას ესწრებოდა ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
დაისახა კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული საკრებულოსა და მერიის გენდერული მრჩევლები. ორ ყველაზე მოწყვლად ოჯახს პირველადი დახმარება უკვე გაეწია.
სხდომაზე გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. მათ შორის თვითმმართველობის პერსონალის გენდერული განათლების საკითხი. 
 
  
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სამობილიზაციო შეხვედრები ადვოკატირების თემაზე

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს სამობილიზაციო შეხვედრები თემაზე: ადვოკატირება, ადვოკატირების სხვადასხვა მეთოდი.
შეხვედრები გაიმართა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებში: თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), გოჩა ჯიხაიში (ხონის მუნიციპალიტეტი), ხორში (სენაკის  მუნიციპალიტეტი), კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

- მოლოდინს გადააჭარბა სენაკის 6 საბავშვო ბაღში ჩატარებულმა ვორკშოპებმა ოჯახში ძალადობის, გენდერისა და ეკოსანიტარიის თემებზე. ეს თემები საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის და ამავე დროს აჩვენა, რომ მათ არა აქვთ სათანადო ინფორმაცია, - ასეთი იყო დალი ქაჩიბაიას, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ კოორდინატორის  შეფასება.
თავიანთი შთაბეჭდილებები გამოთქვეს მწვრთნელებმა, რომელთაც უკვე ჰქონდათ აუდიტორიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. პროექტის კოორდინატორმა კი დამსწრეთ წარუდგინა ინფორმაცია მომავალი ღონისძიებების შესახებ.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სენაკის მოსახლეობის გენდერული საჭიროებების შეფასების შესახებ, რაც უახლოეს ხანებშია დაგეგმილი. შეირჩა სამიზნე ჯგუფები. შეფასების შედეგებით შემუშავდება რეკომენდაციები და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს.
 
  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა: კვლევა, ახალი პროექტები, იდეები

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ადგილობრივი საჭიროებების შეფასების საკითხზე. გადაწყდა, წელს შეფასება ჩატარდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შეირჩა სამიზნე ჯგუფები, დაიგეგმა ვორკშოპი ჯგუფთან, რომელიც ჩაატარებს კვლევას.
პარალელურად განხილულ იქნა მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ჟურნალისტს აქვთ იდეა,  პროექტის „მკერდის კიბო განაჩენი არ არის!“ ფარგლებში შეიქმნას ინტერნეტ-გვერდი, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის აქტუალიზაციას და მის მოგვარებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სპორტის საერთაშორისო დღე სენაკში

ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.
 
 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები