კონკურსი ,,წიგნი ობიექტივიდან"

ფონდი „სოხუმი“  აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან - მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში.
25 მაისს დასრულდა №13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის გამოცხადებულ კონკურსი ,,წიგნი ობიექტივიდან".
საკონკურსო მასალების მიღება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ათობით მონაწილე ჩაერთო.
ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაციაში „იუმორისტული ფოტო“ 11 წლის ლოლიტა ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა. მას სამახსოვრო პრიზი კონკურსის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა - ფონდმა „სოხუმმა“ გადასცა.
  

ფონდი „სოხუმი“ - სამოქალაქო კვირეულის მონაწილე

  
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საზოგადებრივ ცხოვრებაში. არაერთი აქტიური ორგანიზაცია მოქმედებს ქუთაისში.
18-28 მაისს საქართველოს რეგიონებში იმართება ,,სამოქალაქო კვირეული," რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აცნობენ საკუთარ საქმიანობას.
23 მაისს ქუთაისის ცენტრალურ პარკში მოეწყო ორგანიზაციების ერთგვარი ანგარიში.
არასამთავრობოთა შორის იყო ფონდი „სოხუმი“, რომლის პუბლიკაციებმა და გამოცემებმა დამთვალიერებლების ინტერესი გამოიწვია.
გაიმართა აგრეთვე ფონდის ფორუმ-თეატრის გამოსვლა, რამაც დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ქუთაისური ქარის მიუხედავად, ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილეებს გაუჩნდათ სურვილი, უფრო ხშირად წარსდგნენ თანაქალაქელების წინაშე და გააცნონ - რას აკეთებენ, რა მიზანს ემსახურებიან, რა სერვისები აქვთ და რა სიკეთე მოაქვთ საზოგადოებისათვის...

მუჰაჯირობა - ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

მუჰაჯირობა - ასე ერქვა თბილისში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას, რომელზეც მიწვეული იყო ფონდი „სოხუმი“ (ერთ-ერთი ორგანიზატორი - ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი).
ეს იყო გახსენება ისტორიისა, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა ქართველ და აფხაზ ხალხებს.
- ჩვენ გვინდა შევეხმიანოთ აფხაზეთში იმ აფხაზებს, რომლებიც დღევანდელ დღეს აღნიშნავენ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ვიქნებით ჭირსა და ლხინში! - ითქვა ღონისძიებაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა. დასასრულს გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამო.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

კვლევები ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე

რა პრობლემებია ქალებისა და გოგონებისათვის ჩვენს საზოგადოებაში მათი ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით; როგორია რისკები რეგიონის, ასაკობრივი, სოციალური, ეთნიკური და სხვა განსხვავებების მიხედვით?
ფონდი „სოხუმის“ და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევა დაიწყო.
ფონდი „სოხუმის“ მხრიდან პროექტის მონაწილეების ჯგუფმა  ქუთაისში, ხონში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 6 ფოკუს-ჯგუფი და 6 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩაატარა. გამოიკითხა 120 ქალი და გოგონა. წარმოდგენილმა ანგარიშებმა თვალსაჩინო გახადა ის საჭიროებები და საფრთხეები, რაც ქალებში უსაფრთხოებას ემუქრება. კვლევის საბოლოო ანგარიში ერთ თვეში დაიდება.  
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მოქმედების არეალი ფართოვდება

{youtube}jSDX__8mtx4{/youtube}
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
20 მაისს საბჭოსა და გურიის გუბერნიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთიანი თანამშრომლობის მემორანდუმს  ხელი მოაწერა ქალაქ ოზურგეთის მერიამ, საკრებულომ ,ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გენდერული კუთხით აქტიურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი პირველია, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია. ჩვენ ნებისმიერ პოზიტიურ ინიციატივას მივიღებთ და  ვითანამშრომლებთ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან“, - აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მადლობა გადაუხადა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს აქტიური და საჭირო საქმიანობისთვის და განაცხადა: „მწირი ბიუჯეტის პირობებშიც კი შევძელით რამდენიმე პროექტის დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის გენდერული საკითხები პრიორიტეტულია. იმედია, ამ კუთხით სამაგალითო ვიქნებით სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“ .
მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, გამგეობაში საპასუხისმგებლო თანამდებობები ქალბატონებმა დაიკავეს და საკმაოდ წარმატებითაც. 
„მემორანდუმის გაფორმებით, ერთიანი ძალებით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ უკვე მთელი რეგიონის მასშტაბით,“ - აღნიშნა ლელა ნაცვალაძემ, საკრებულოს წევრმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები