ვითარდება პარტნიორობა NESEHNUTI-თან

4 წელია, ვითარდება პარტნიორობა ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან - დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა - NESEHNUTI: ახალგაზრდული ფორუმ-თეატრების ფესტივალის მოწყობა; ქუთაისში გენდერული საკითხების ადვოკატირების პროცესის მხარდაჭერა;  ქუთაისში გამართული BarCamp;  ახალგაზრდული საერთაშორისო ჯგუფის მასპინძლობა ფონდ „სოხუმში“.
ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-ზე მეტი წარმომადგენელი აქტიურად ეცნობოდა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოვლინდა დიდი ინტერესი ქალთა ორგანიზაციის მიმართ.
პარტნიორობის განვითარების ფარგლებში იგეგმება ფონდის თანამშრომლის სტაჟირება აღმოსავლეთ პარტნიორობის 4 ქვეყანაში.
 
 
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში მცხოვრებ დევნილებთან

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის დევნილთა ახალ დასახლებაში ჩატარდა. აქ 22 სამსართულიან კორპუსში 3000-მდე ოჯახია ჩასახლებული. მათი უმრავლესობა წყალტუბოს კოლექტიური ცენტრებიდან გადაიყვანეს.
დევნილებმა ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს. მათ აღნიშნეს, რომ გადაუხდელობის გამო, ხშირად არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და გაზი. ბევრი ადამიანი საბანკო ვალშია გახვეული.
დასახლების მეორე კორპუსის ბინადრის ჯაბა ბერიძის თქმით, გასულ წელს მათ სართულზე ხანძარი გაჩნდა, ამიტომ დერეფანი გარემონტებას საჭიროებს. ამ საქმეში  მობინადრენი დახმარებას ადგილობრივ სტრუქტურებს და დევნილთა და განსახლების სამინისტროს სთხოვენ.
 
 
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ახალი პროექტის პერსპექტივები განიხილა

11 მაისს გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთექვსმეტე სხდომა.
მონაწილეებმა პირველ საკითხად განიხილეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მერიისთვის წარდგენილი პროექტის „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“ თანადაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები და პერსპექტივები. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების  გაერთიანების წარმომადგენლები. პაატა კლდიაშვილის (მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი) თქმით, პროექტის თანადაფინანსება აიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მოხდება, რაც ერთობლივი ხელშეკრულებით გაფორმდება.
გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ იმუშავა აგრეთვე იმაზეც, როგორ ჩატარდეს ეფექტურად სოციოლოგიური კვლევა „გენდერული საჭიროებების შეფასება ადგილობრივი განვითარების კონტექსტში“.
კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ საბჭოს წევრებმა ფუნქციები გაინაწილეს და ორგანიზაციულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
 
 
                                  პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ბენეფიციარებთან პარტნიორულ პროექტში

1 მაისიდან ფონდმა „სოხუმმა“ ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით დაიწყო მუშაობა ახალ ბენეფიციარებთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
13 მაისს ქუთაისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 14 ბენეფიციარი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
განისაზღვრა, რომ სამთვიანი მუშაობის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რათა ამ კატეგორიის ადამიანებმა შეძლონ თავიანთი პრობლემების ადვოკატირება, პროექტების წერა და დაფინანსების მოპოვება.
 

მესხების პრობლემები - საინფორმაციო შეხვედრაზე ოზურგეთში

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალის პირველ რაიონში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი რეპატრიანტ მესხებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
პრობლემა ბევრია - აქაური მცხოვრებნი, ძირითადად, უმუშევრობას უჩივიან, უამრავი ყოფითი საკითხი აწუხებთ.
ნასაკირალში არ არის ბაგა-ბაღი. რაც შეეხება სკოლას, ამასთან დაკავშირებით როზეტა სკამკოჩაიშვილმა (სოფელ დვაბზუს დეპუტატი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი) აღნიშნა: - 30 მოსწავლეზე სკოლას არავინ გახსნის, აქაური ბავშვები მეზობელ სოფელში სწავლობენ და მათ ავტობუსი ემსახურებათ.
არის კონკრეტული პრობლემებიც - 45 წლის ნაილი ბიწაძე (ფეხზე ნაოპერაციები), რომელიც დალოგინებულ 87 წლის პაშა ბიწაძეს უვლის, ოჯახთან ერთად ავარიულ შენობაში ცხოვრობს (დაზიანებულია კიბეები, ფანჯრები, ჩამონგრეულია ჭერი). რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ სოციალური დახმარება შეუწყდათ - ისინი ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბს და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ.
 
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები