საინფორმაციო შეხვედრა პარტნიორული პროექტის ფარგლებში

გრძელდება მუშაობა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
20 მაისს შედგა მეორე საინფორმაციო შეხვედრა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ მცირეა მათთვის გამოყოფილი პენსია (I ჯგუფი - 150 ლარი, II  ჯგუფი - 100 ლარი,  III ჯგუფი - 70 ლარი). მართალია, ჯანდაცვის პროგრამით ისინი ფინანსდებიან ფსიქოტროპული მედიკამენტებით, მაგრამ ბევრი სხვა წამალიც სჭირდებათ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს სხდომის შესახებ, რომელსაც რამდენიმე მათგანი ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად დაესწრება 27 მაისს.
 

33 სამობილიზაციო შეხვედრა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა თემაზე

მაისში 33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილას - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფლებში: ტერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნოსირი (სენაკის მუნიციპალიტეტი),  კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მობილიზატორებს არ გამორჩენიათ თვის მნიშვნელოვანი თარიღი: 17 მაისი - ოჯახის  დღე. ამასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახის მნიშვნელობაზე, მის სიმტკიცეზე და ქალის როლზე ოჯახში.
შეხვედრებზე, ძირითადად, იმსჯელეს ოჯახში ძალადობისაგან ქალთა დაცვის მექანიზმების შესახებ. აღინიშნა, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერაც არ არის მიღწეული მისი მოქმედების ეფექტურობა. სამობილიზაციო შეხვედრების შემდეგ ქალებმა მონაწილეობა მიიღეს  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ ღონისძიებებში და ბევრმა მათგანმა შეძლო თავისი პრობლემის მოგვარება.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ადგილობრივ გენდერულ საჭიროებათა კვლევას ატარებს

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრები ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომლებიც ადგილობრივი სოციალური ჯგუფების გენდერულ  საჭიროებათა კვლევას ატარებენ.  კიდევ ერთხელ დაზუსტდა კვლევის გრაფიკი, განისაზღვრა ანგარიშის წარდგენის  ვადები. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ისევე, როგორც შარშან, მოხერხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის კუთხით.
საბჭო ცდილობს თავისი  წვლილის შეტანას ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების  მხარდაჭერის საკითხში. ამას მოწმობს ფონდი „სოხუმიდან“ ნაწილობრივი დაფინანსებით მერიისთვის „თავისუფალი ინიციატივების კონკურსში“ წარდგენილი პროექტები. ჩვენდა სასიხარულოდ, თვითმმართველობიდან  ამ დროისათვის უკვე მიღებულია ერთ-ერთის დაფინანსების თანხმობა.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კულინარიული მასტერ-კლასი ფოთში

 
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციების გარდა სხვა ღონისძიებებიც ტარდება.
17 მაისს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა მასტერ-კლასი კულინარიაში. 11 ქალბატონი დიდი ინტერესით გაეცნო პიცის ცხობის საიდუმლოს. ბოლოსკი ყველამ ერთად დააგემოვნა.
მათ აღნიშნეს, რომ ასეთი აქტივობები, კულინარიული ცოდნის მიღებასთან ერთად,  განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა მათთვის.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო პრობლემის ადვოკატირებით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო პრობლემის ადვოკატირების  მიზნით საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები.
სხდომაზე განიხილეს ქუთაისის მერიისთვის წარდგენილი პროექტის „გენდერული განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში“ თანადაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოიკვეთა მერიის მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ადვოკატირების პროცესი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრით გაგრძელდა. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივად ეძებონ   სამართლებრივი მექანიზმები პროექტის თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები