დავითი პირველი უკრაინელია, რომელიც ქუთაისში დაიბადა. ბიჭუნას დედაა მარია ფესინა-რუხაძე. 9 თვის ორსული ქალი ძლივს გამოვიდა დონეცკიდან, ჯერ ლვოვში ჩავიდნენ,  მერე - პოლონეთში და საზღვარზე 9-საათიანი ლოდინის შემდეგ ჩამოფრინდა თბილისში, იქიდან კი - ქუთაისში.

მის ჩამოსვლამდე ქალთა ფონდ „სოხუმს“ თერჯოლიდან დაუკავშირდა ელისო რუხაძე. გვთხოვდა, დავხმარებოდით უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკვე გზაში იყო -  მოგვეძებნა მისთვის ექიმი. მას ბევრი გაეგონა ჩვენს ორგანიზაციაზე და იცოდა, რომ დახმარებას ვუწევდით უკრაინელ ლტოლვილებს.

სანამ მარიამ ქუთაისამდე ჩამოაღწია, ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ოპერატიულად შეაგროვა  ინფორმაცია, სად შეიძლებოდათ მიეღოთ ორსული. გვერდში დაგვიდგა კლინიკა „ბომონდის“ დირექტორი მამუკა მიქაძე - კლინიკამ ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დავითი 5 მაისს დაიბადა (ექიმი - ნინო რამიშვილი).

-  ეს 10 დღე  ნაყოფიერად დატვირთული იყო. ბავშვებს მოეწონათ თამაშები:  სახალისო მათემატიკა, შინაური ცხოველები, ინგლისური და ქართული ანბანი, რუბიკის კუბიკების აწყობა... ჩვენ ერთად ვხატავდით, ვძერწავდით, ვკითხულობდით ზღაპრებს, ვუყურებდით ანიმაციურ ფილმებს, ვცეკავავდით, ვთამაშობდით, ვისწავლეთ ფერადი ფურცლებისგან ვარდების გაკეთება. თან ბევრს ვლაპარაკობდით. მისვამდნენ შეკითხვებს და მეც ვპასუხობდი მათთვის გასაგებ ენაზე, - ამბობს ანა ლომიძე,  სარეაბილიტაციო ცენტრის არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრი წელს გაიხსნა ქუთაისის ერთ-ერთ ლამაზ უბანში. აქ 10-15 დღე შეუძლია იცხოვროს ქალმა ბავშვებთან ერთად. მასთან მუშაობენ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი.

ბავშვები რომ უყურადღებოდ არ დარჩნენ და თავისუფალი დრო საინტერესოდ გაატარონ, ცენტრში არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტმა დაიწყო მუშაობა. ანას ჯერ მხოლოდ ერთ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ უკვე აქვს სათქმელიც და წარმატების პატარა ისტორიაც.  

აფხაზეთის ომის შემდეგ  სოფელში გადავიდნენ, სკოლა დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

მუშაობა დაიწყო სკოლაში და პარალელურად  არასამთავრობო ორგანიზაცია „GEA XXI“ -ში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად.

პირველი  მისი პროექტი ორგანიზაციამ „გლობალფონდი ქალებისათვის“ მოიწონა აფხაზეთიდან დევნილ ქალთა დასახმარებლად, რომლებიც  მდინარისგაღმა იმყოფებიან.

მერე იყო  დანიური საბჭოს მიერ მოწყვლადი მოსახლეობის ფინანსური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებული კონკურსი და კიდევ ერთი გამარჯვება. პროექტის ფარგლებში შეძენილი მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების  დასამზადებელი, ასაწყობი დაზგა-დანადგარები, მუდმივი მონიტორინგის და განახლების საფუძველზე, დღემდე ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. 

დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტით- თაფლის წარმოების განვითარება და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობით დიდი გამოცდილება მიიღო.

პარალელურად, მაია ქარდავას ოჯახი 350 ძირი იტალიური ჯიშის თხილნარს უვლის და სოფლის ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს.

ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, წინ მივდიოდით, ვურთიერთობდით, ვიცინოდით, ვსწავლობდით, ვხარობდით, ვგიჟდებოდით ჩვენს ქალაქზე და ჩვენს ქვეყანაზე! „რუსკი მირის“ მოსვლამდე...

24 თებერვალმა სამუდამოდ ამოატრიალა ჩვენი ცხოვრება და გადაგვიხაზა ყველა გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი რუსულად მოლაპარაკეა, ჩვენ არასოდეს გვითხოვია გათავისუფლება ან დაცვა!

25 თებერვლიდან მოყოლებული, მთელი მელიტოპოლის რაიონი ოკუპაციაშია. ოკუპაციაში ცხოვრება... ცხოვრება არ არის, ეს თავის გადარჩენაა მხოლოდ.

ახლა მოსახლეობის დაუცველ ფენებზე მინდა ლაპარაკი, განსაკუთრებით სოფლებში და ქალაქის შემოგარენში... რამდენიმე თვეა, ადამიანებს პენსია არ აუღიათ, საკვების მარაგი ამოწურულია, მედიკამენტები გაუთავდათ, სოციალური შემწეობებიც არ არის, მესამე თვეა...

 

24.02.22 – დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო და ჩვენ ყველანი, ფონდი „სოხუმის“ ქალები – ომი უკრაინაში!

25.02.22 – უკრაინელ ქალთა მხარდასაჭერად დავწერეთ მიმართვა და ყველგან დავაგზავნეთ!

26.02.22 – დავიწყეთ თანხების შეგროვება უკრაინელების მხარდაჭერისთვის. ქალთა ფონდი „სოხუმის“ 54 თანამშრომელმა უკრაინის დახმარების სხვადასხვა ფონდში გადარიცხა თანხა.

28.02.22 – დამატებით შევაგროვეთ 1500 ლარი და შევიძინეთ ბავშვის საკვები, პამპერსი, ქალის ჰიგიენური საშუალებები და 12 ყუთი ჩავიტანეთ თბილისში, დახმარების მიღების პუნქტში უკრაინაში გასაგზავნად.

უკრაინაში ყველა ნაცნობ თუ უცნობ ქალთა ორგანიზაციას გავუგზავნეთ მხარდაჭერის წერილი და ვეკითხებოდით: რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?

08.03.22 - ქუთაისში მოვაწყვეთ აქცია „ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოლიდარობა - უკრაინელ ქალებს!“ აქციაში მონაწილეობდნენ ქალები მთელი დასავლეთ საქართველოდან.

10.03.22 - დავიწყეთ ქუთაისში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დახმარება.

მაკა ჯიშკარიანმა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ერთ-ერთი კურსი დაამთავრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. მანამდე არასოდეს ჰქონია შეხება ამ საქმესთან. ყველასგან გამოირჩეოდა. რამდენიმე თვეში მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მეტი სტიმული მიეცა. მერე კურსის მასწავლებლობა შესთავაზეს. ახლა თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს ბენეფიციარებს.

ახლანდელი ჯგუფი განსაკუთრებული მყავსო, - სიხარულით ამბობს - მონდომებულები, ნიჭიერები, დაუზარებლები, საოცარი იდეები აქვთ, გულით აკეთებენ საქმეს. ნახევარ სიტყვაში იგებენ ყველაფერს. იმდენად კრეატიულები არიან, რომ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან...

სალომე ორი შვილის დედაა, ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტში. მის ცხოვრებაზე ძალადობის კვალი შავ ლაქად აისახა.

სასიამოვნო მომენტების გახსენება ძალიან უჭირს, ვერც იმას იხსენებს, კონკრეტულად რა მიზეზით ან რა სიტუაციაში დაიწყო ძალადობა. სამაგიეროდ, კარგად ახსოვს პირველი სიტყვიერი შეურაცხყოფა სულ მალე როგორ გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფსიქოლოგიურად დაუძლურებულს მხოლოდ დუმილი შეეძლო. იტანდა, ითმენდა.

ხუთი წელი იცხოვრეს ერთად, არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ. მეუღლე სისტემატურად ძალადობდა. ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. სალომე ორი  ბავშვით დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. სტრესმა თავისი კვალი დაატყო. დეპრესია გაუძლიერდა. ერთი წელი არ ამხელდა, რომ განქორწინებული იყო. განიცდიდა,  სახლიდან არ გადიოდა,  არავისთან ამ თემაზე არ საუბრობდა.

მეგობარმა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოიწვია. ვერ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ დუმილს დაარღვევდა. პირველად ისაუბრა საკუთარ პრობლემაზე, პირველად მოუნდა თავისი სატკივარის გაზიარება. როგორც თვითონ ყვება, იგრძნო, რომ ყველა მისი მხარდამჭერი იყო.

იმისთვის, რომ დაეხმარო, პირველ რიგში უნდა იპოვო ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანაგრძნობა, მხარდაჭერა, გაძლიერება.

იმისთვის, რომ გააძლიერო, უნდა იცოდე, რა უფრო სჭირდება!

შესთავაზო ის, რაც ყველაზე მეტად გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს. 

იმისთვის, რომ მხარდაჭერას ჰქონდეს მეტი ეფექტი, უნდა გყავდეს მოკავშირეები.

ეს არის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის მოკლე კონცეფცია. ათივე მუნიციპალიტეტში (სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებენ.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლის „აღმოჩენა“ დღემდე გამოწვევად რჩება. ისინი ყველგან არიან, ჩვენს გვერდით, ჩვენს თვალწინ, მაგრამ მათი დანახვა მაინც ძნელია. რადგან ჩუმად არიან, არავის ენდობიან.

ყვითელ-ცისფერ ფერებში. მიმოზებით და ნარცისებით. მოწოდებებით, ბანერებით. ქუთაისის თეატრის კიბეებზე იდგა ქალთა ფონდი „სოხუმი“: ქუთაისის სათაო ოფისი, თბილისის წარმომადგენლობა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები,  ფორუმ-თეატრი, დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ქალები და ახალგაზრდები 13 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი,  წალენჯიხა, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური).

ყველანი ერთად -  სოლიდარობისთვის, მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის!

მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ! - ამ ტრადიციული მოწოდების გარდა იყო სხვა სლოგანებიც:

მშვიდობა უკრაინას!

ჩვენ გამოვცადეთ ომი! ჩვენ გვახსოვს ომი! ჩვენ ვგმობთ ომს!

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები