მარი ბედნიერი წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. არასოდეს დაავიწყდება ფსიქოლოგის გაკვეთილები, ბავშვების გართობა პედაგოგთან ერთად, სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევები. და, რა თქმა უნდა, ურთიერთობა სხვა ქალებთან... ზღვა სიყვარული და სითბო მიმაქვსო, თქვა წასვლის წინ.
ლიკაც კმაყოფილია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობით. ყველა, ვინც აქ ხვდება, სხვანაირი მიდის აქედან - უფრო ძლიერი, უფრო იმედიანი და ხალისიანი. ჰყავს ახალი მეგობრები, მხარდამჭერები...
ყველაზე მეტ დროს ქალებთან ია იაშვილი ატარებს, სარეაბილიტაციო ცენტრის ასისტენტი, ამ მყუდრო სახლის მთავარი დიასახლისი. საინტერესოა მისი დაკვირვებები:
„ყველაზე მეტად არაჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებით შვილები ზარალდებიან. ზოგს მამა საერთოდ არ ჰყავს, ან ჰყავს და მასთან უჭირს ურთიერთობა, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთის არ ესმით. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ ბავშვი არ ჭამს, იმიტომ კი არა, რომ არ შია, არამედ არაფერი უნდა, სურვილები არ აქვს, სიხარული არ აქვს, არ ოცნებობს“.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)“.
საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სტატისტიკა შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის, ტყიბულის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მონიტორინგი ჩატარდა.
მშვიდობისმყოფელობა, გენდერული პოლიტიკა, ოჯახური ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა - ამ მიმართულებებით მიღწეული ძირითადი შედეგების მოსმენის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი შეფასებები გააჟღერეს.
მათი მოსაზრებით, ქალთა მიგრაციამ, ონლაინ თამაშებმა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, ამიტომ სწორი ინფორმირება ამ საკითხებზე კვლავაც აქტუალურია. მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას წარმატებულს უწოდებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილში 10 ადამიანი დაემატა ჩვენს სიას. ახლა უკრაინელთა ბაზაში 480 ადამიანია.
ამ თვეში მერიამ ჩვენს ახალ ბენეფიციარებს პერსონალური სამგზავრო ბარათები გადასცა. მათთან დარეგისტრირებულმა ყველა ოჯახმა მიიღო 100-ლარიანი კვების ვაუჩერი მაღაზია Carrefour-ისთვის.
ჩვენ 6 ოჯახს გავუწიეთ დახმარება. საცხოვრებლის ქირა გადავუხადეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ერთ ოჯახს - ქუთაისში ცხოვრობს ქალი სამი შვილით, ქმარი ბახმუტთან იბრძვის და თვეზე მეტია, არ გამოსულა კავშირზე.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობენ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს UNHCR-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც უკრაინელი ლტოლვილების პრობლემები განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
7 გასვლითი შეხვედრა გამართა ფსიქოლოგმა თერჯოლის, ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ქობულეთის, ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ჩატარდა 4 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური კონსულტაცია და 12 ონლაინ შეხვედრა. ქუთაისში 11 ფსიქოთერაპიული სესია გაიმართა.
ყველა კმაყოფილია მუშაობის შედეგებით, მაგრამ განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ორმა ბენეფიციარმა ახალი უნარების გამომუშავებით შეძლო საკუთარი პრობლემების გადაჭრა და ისწავლა ემოციების კონტროლი, ხოლო სამი მოზარდი გაუმკლავდა ბულინგს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრი ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლდა გუნდი. დაიდგა ახალი სცენები, სადაც ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.
ფორუმ-თეატრის ბოლო ორი გამოსვლა განსაკუთრებული იყო. ერთი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ეზოში გაიმართა, დონორი ორგანიზაციის - USAID-ის წარმომადგენლების წინაშე. ჩატარდა ხუთი სცენა. ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლამ მაღალი შეფასება მიიღო. ფორუმ-თეატრის გუნდი USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებს აცნობს ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და აყალიბებს ახალ გუნდებს.
მეორე გამოსვლა ფორუმ-თეატრს ჰქონდა გეგუთის #14 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივობა უწოდეს.
ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ აპრილში სამ ოჯახთან - უკრაინიდან ჩამოსულ 7 ადამიანთან - ჩაატარა მუშაობა. გაარკვია მათი მდგომარეობა და უფასო ფსიქოთერაპიის კურსი დაიწყო.
დახმარება ყველას სჭირდება, რადგან რთული დღეები გამოიარეს.
41 წლის ოლენა ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან შარშან აგვისტოში ჩამოვიდა. მთელი თვე იყვნენ ჯოჯოხეთში, ყოველდღიურად იღუპებოდნენ მეზობლები. შიში და უიმედობა ჰქონდათ. შემზარავი სანახავი იყო გადაბუგული სახლები, დამწვარი ცხოველები, დანგრეული ქუჩები... იქიდან უკრაინის სხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგრამ არც იქ იყო სიმშვიდე, საკვები... წამოსვლა გადაწყვიტეს და საქართველო აირჩიეს: ნაცნობი, თბილი, ახლო. ოლენას თქმით, ძალიან კარგია ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარება პროდუქტებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის რჩევები, მხარდაჭერა. ასე უფრო მარტივდება პრობლემების მოგვარება...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ჯგუფის მიერ ადვოკატირებულ პრობლემებზე. ამ წარმატებამ მათ აქტიური მუშაობის მოტივაცია მისცა და კიდევ რამდენიმე პრობლემის მოგვარება დაისახეს მიზნად.
შეხვედრის დროს მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, მიმდინარე პროექტებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქსელური შეხვედრის ჩატარების შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
გაეროს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მუშაობენ წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.
მათ აქვთ წარმატებული ადვოკატირების მაგალითები. სამუშაო ჯგუფები ახლა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენენ და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობენ.
ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია. მონაწილეების აზრით, ფონდი წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით